ქობულეთის ზღვის სანაპიროდან სულ რაღაც 2 კმ-ში ქობულეთის უნიკალური დაცული ტერიტორიები მდებარეობს. უძველესი ცოცხალი ეკოსისტემები, ველური, ხელუხლებელი ბუნება, ფლორისა და ფაუნის ხანგრძლივი ევოლუციური პროცესი, ფრინველთა მიგრაცია, გამორჩეული გეოლოგია – ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქობულეთის დაცული ტერიტორიები წარმოადგენს უნიკალურ და უმნიშვნელოვანეს ადგილს არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები, დედამიწის ჩრდილო ნახევარსფეროს სუბტროპიკულ სარტყელში, დღემდე მიკვლეული და შესწავლილი ერთადერთი ტორფნარია, რომელიც ფლორისტული შემადგენლობით ტუნდრისა და ტაიგის ტიპის ჭარბტენიან ეკოსისტემებთან მსგავსებას ამჟღავნებს.
ტორფნარები უზრუნველყოფენ კლიმატური პირობების სტაბილიზაციას, აკავებენ ეროზიას, ინარჩუნებენ ადგილობრივ უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, უზრუნველყოფენ მტკნარი წყლის დაგროვებას, შენახვას და არეგულირებენ ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დინებას, გავლენა აქვთ წყლის ხარისხზე, არეგულირებენ საკვები ნივთიერებების ბალანსს.
აქ წარმოდგენილი შეღწევადი ჭაობები უმარტივესი და „იდეალური“ ტიპის ჭაობებად მიიჩნევა, ამავდროულად, ისინი მსოფლიოს მასშტაბით სხვაგან არსად გვხვდება.