LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქობულეთში მარწყვის, ჟოლოს და ლურჯი მოცვის მოყვანა დაიწყეს

680

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ”ლურჯა 2015”  სასათბურე მეურნეობას ქმნის. როგორც ”ფორტუნას” კოოპერატივის ერთ-ერთმა წევრმა თომა ხალვაშმა განუცხადა, 1 ჰექტარზე განთავსებული სასათბურე მეურნეობა ფუნქციონირებას 2017 წლის ბოლოდან დაიწყებს და ბოსტნეული კულტურების მიმართულებით იმუშავებს.

ქობულეთში მდებარე კოოპერატივი ”ლურჯა 2015”, რომელსაც, ამჟამად, 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე 9 სახეობის მარწყვი, 2 ჯიშის ჟოლო და ლურჯი მოცვი აქვს გაშენებული, უახლოეს 3-4 წელიწადში დამატებით, 25 ჰექტრის ათვისებასაც გეგმავს, რაც მთლიანად კენკროვან კულტურებს დაეთმობა.

”ვფიქრობთ, ძალიან კარგ შედეგს მივიღებთ. ჩვენი გარემო პირობები ზუსტად არის ხელსაყრელი ინტენსიური ბაღების გასაშენებლად. კენკროვან კულტურებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. გვინდა, ჩვენი ნიშა არ დაიკარგოს და ბაზარზე უწყვეტი ციკლი გვქონდეს, რაც ჯამში 8 თვეს შეადგენს”, – განმარტა თომა ხალვაშმა.

მისივე თქმით, კოოპერატივში წარმოებული პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა და ბიო წარმოების მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს. ”ლურჯა 2015”, რომელმაც პირველი მოსავალი უკვე მიიღო, საწყის ეტაპზე, ადგილობრივი ბაზრის სრულად ათვისებას გეგმავს, შემდეგ კი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანასაც აპირებს.

პროდუქციის რეალიზაცია, ამ ეტაპზე, ადგილობრივ ბაზარზე ხდება. მისი მომხმარებლები, ძირითადად, სარესტორნო ქსელები, სასტუმროები და კაფე-ბარები არიან.

კოოპერატივი ”ლურჯა 2015” 2015 წლის მაისში შეიქმნა. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ENPARD-ის ფარგლბში, ”ლურჯა 2015”-მა ფინანსური და ტექნიკური დახმარება მიიღო. ნაკვეთის მოწყობა ENPARD-ის საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რაც მცენარეთა ნერგების გადაცემას, უახლესი ტექნოლოგიებით წვეთობრივი მორწყვის სიტემისა და სხვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებების შეძენა-დამონტაჟებას გულისხმობდა. კოოპერატივის მთლიანი ბიუჯეტი 39,770,00 ლარია, აქედან კოოპერატივის ფინასური თანამონაწილეობა 8,200 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები