LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობის რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა – ლევან გოგლიაშვილი და გიორგი კუტივაძე გადაცემაში „პულსი“

144
ლევან-გოგლიაშვილი-&-გიორგი-კუტივაძე

21 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა ენდოვასკულარული და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან გოგლიაშვილი და ამავე ცენტრის ანგიოქირურგი გიორგი კუტივაძე სტუმრობდნენ, რომელთაც უაღრესად აქტუალურ თემაზე – ქრონიკულ ვენურ დაავადებაზე ისაუბრეს.

– ლევან, როგორია სტატისტიკური მაჩვენებლები, რამდენად ხშირია ვენური დაავადებები?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ვარიკოზი – ქრონიკულად მიმდინარე ვენური დაავადებაა, რომელიც ვენების კედლების, სარქვლის დაზიანებას და გაგანიერებას იწვევს ქვედა კიდურებში, რაც თავის მხრივ, სისხლის მიმოქცევას აფერხებს და ქვემო კიდურებში იმაზე მეტი სისხლი რჩება, ვიდრე საჭიროა. სწორედ ამგვარი დარღვევითაა გამოწვეული შეშუპება და ქავილი, სიმძიმისა და წვის შეგრძნება, ვენური გამობერილობები, კანის ფერის შეცვლა და წყლულები, რომლებიც ცუდად ან საერთოდ არ ხორცდება. ვენების დაავადება ფართოდაა გავრცელებული როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში, რისი მიზეზი პასიური ცხოვრების წესი და უმოძრაობაა. სხვათა შორის, დაავადება უძველესი დროიდან არსებობს, მეტიც, პირველი ოპერაცია და მკურნალობის მეთოდი თავად ჰიპოკრატეს აღწერა. სამწუხაროდ, დაავადება მუდმივად პროგრესირებს, ამიტომ მეტად მძიმე ტვირთად აწევს როგორც პაციენტს, ისე სამედიცინო სფეროს. ამერიკის და ევროპის ქვეყნები მილიონებს ხარჯავენ დაავადების მართვისა და მკურნალობისთვის, რაც აშკარად მიანიშნებს, რომ მედიცინის განვითარების მიუხედავად, დაავადების სრულად განკურნვა ჯერ შეუძლებელია.

– გიორგი, ქრონიკული ვენური დაავადებების მკურნალობის რა საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

– მკურნალობის მრავალი მეთოდი არსებობს, თუმცა ყველაზე ოპტიმალური მაინც კონსერვატორული მკურნალობაა მედიკამენტებით და ელასტიური წინდით. ამასთანავე, არსებობს ოპერატიული ჩარევის ორი მეთოდი – ღია ოპერაცია, როცა დაზიანებული ვენის ზონდით ამოღება ხდება და ლაზერული აბლაცია, რომელიც ყოველგვარი განაკვეთის გარეშე კეთდება, ამიტომ ყველაზე მარტივი და კომფორტულია პაციენტისთვის. მეტიც, ამგვარი ოპერაციის შემდეგ, პაციენტს სულ რამდენიმე საათში შეუძლია ცხოვრების ჩვეულ წესს დაბრუნება.

– რა შემთხვევაში შეიძლება ლაზერული აბლაციის გაკეთება?

– პირველ რიგში, დაავადების სიმძიმის დადგენაა საჭირო, მერე კი, ექოსკოპიური კონტროლით და სპეციალური აპარატის ლაზერის ერთი ჩხვლეტით იწვება დაზიანებული ვენა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ანესთეზიის წყალობით ოპერაცია მეტად მარტივი, სწრაფი და უმტკივნეულოა. ამასთანავე, ლაზერული აბლაცია არ ტოვებს იარებს.

– სიმსუბუქის გათვალისწინებით, რამდენად ეფექტურია მსგავსი ოპერაცია?

– ლაზერული აბლაციაც ისეთივე ეფექტურია, როგორც ღია ოპერაცია, უბრალოდ პაციენტისთვის ამგვარი მეთოდი უფრო მოსახერხებელია.

– რამდენად ხელმისაწვდომია ლაზერული აბლაცია რეგიონებში?

– მსგავსი მეთოდი უკვე არსებობს ქირურგიის ცენტრის ბათუმის ფილიალში. მეტიც, წარმატებით ჩატარდა რამდენიმე ოპერაცია, რაც ძალიან გვახარებს.

– რა რეციდივებით ხასიათდება ლაზერული აბლაცია?

– რა თქმა უნდა, რეციდივები არსებობს, თუმცა ზუსტად იმდენივე ან შესაძლოა ნაკლები, ვიდრე ღია ოპერაციის დროს.

– ლევან, ლაზერული აბლაციის ამგვარი უპირატესობის ფონზე რა საჭიროა ღია ოპერაცია?

– საერთოდ არ განიხილება ლაზერული აბლაციის მეთოდი მუხლის ან წვივის დონეზე არსებული თრომბის ან აღმავალი თრომბოფლებიტის შემთხვევაში, რადგან ამ დროს აუცილებელია ღია ოპერაციის ჩატარება და ვენის გადაკვანძვა, რათა თრომბი არ მოხვდეს ღრმა ვენაში და არ გამოიწვიოს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია. ამასთანავე, მიუღებელია ლაზერის გამოყენება 2 სანტიმეტრზე მეტად გაფართოებული ვენების მოსაწვავად, ამ შემთხვევაში ბევრად უპრიანია მცირე განაკვეთის გაკეთება, ვენის გადაკვანძვა და მხოლოდ მოგვიანებით ლაზერული აბლაციის გაკეთება.

– გიორგი, არსებობს სტერეოტიპი, თითქოს ზაფხულში არ შეიძლება ვენებზე ოპერაციის გაკეთება. რამდენად მართალია მსგავსი მოსაზრება?

– ძალიან აქტუალური შეკითხვაა, რადგან პაციენტების 90% სწორედ ამ კითხვით მოგვმართავს. სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სეზონს, პირიქით, რაც უფრო სწრაფად გაკეთდება ოპერაცია მით უკეთესია, რადგან სწორედ ზაფხულში მწვავდება დაავადება.

– რა იწვევს ვენების დაავადებას და როგორ შეიძლება მისგან თავის დაცვა?

– გულიდან სისხლი პერიფერიებს არტერიებით მიეწოდება, უკან კი, ვენებით ბრუნდება. შესაბამისად, ფეხზე დგომის დროს სისხლის დაბრუნების მექანიზმი სამგვარია – კუნთების შეკუმშვით, სუნთქვით და სარქველებით. ნორმალური ცხოვრების რიტმის, ხშირი მოძრაობის, ადგომისა და დაჯდომის შემთხვევაში ადამიანი ნაკლებადაა მიდრეკილი მსგავსი დაავადებისკენ, იმ შემთხვევაში კი, როცა მას დიდხანს ფეხზე დგომა ან პირიქით ჯდომა უწევს დაწოლა ვენის სარქვლებზე მოდის, რაც თავის მხრივ, მის გაფართოებას იწვევს, აღარ ეხება ერთმანეთს არც სარქველები, სისხლი კი გულის ნაცვლად ქვედა კიდურებისკენ მიდის. არანაკლებ მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი, რადგან თუ მშობლები ვარიკოზით იტანჯებიან, მაშინ 50-პროცენტიანი ალბათობით შვილიც მიიღებს დაავადებას მემკვიდრეობით. ამასთანავე, ვენების დაავადებას იწვევს ორსულობა, ჭარბი წონა და კონტრაცეპტივების მიღება. რაც შეეხება პრევენციას – დაავადების თავიდან აცილება მხოლოდ იმ დამაზიანებელი ფაქტორების მოშორებით შეიძლება, რაც მას იწვევს, ანუ საჭიროა ცხოვრების წესის შეცვლა, ვარჯიში და აქტიურად მოძრაობა. მათ, ვისაც დაავადების სიმპტომები უკვე გამოუვლინდა – ელასტიური წინდას ტარებას ვურჩევ, რომელიც აუცილებლად აფთიაქში უნდა შეიძინოს და იქვე მოირგოს, რადგან სხვა შემთხვევაში მსგავსი წინდის ტარება აზრს კარგავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები