ჩვენ მზად ვართ, დაბარების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მივიდეთ პროკურატურაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მივცეთ ჩვენება ყველა დეტალთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ განუცხადა.
“ხდება არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება. ყურადღებით მოვისმინე პროკურატურის განცხადება და უწყების წარმომადგენელს ახალი არაფერი უთქვამს, გარდა იმისა, რაც წინა დღეებში წერილობითი ფორმით გაავრცელა. ითქვა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით. ვინაიდან ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილი იყო ეკონომიკის მინისტრი, ეპიზოდები ეხება მისი მინისტრობის დროინდელ პერიოდს და ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბატონი დიმიტრი რაიმე დანაშაულში არის მხილებული. ნუ დავარღვევთ ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას. ასეთი ბრალდებები, რომ შესაძლოა ის დააკავონ, არის სიცრუე და ჭორი. ის იყო გამოკითხვაზე და ჩემი აზრით, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო წესითაც უნდა გამოკითხულიყო. ეს ბუნებრივია. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია და კიდეც გაჟღერდა, რომ სხვა მოხელეებიც იქნებიან დაბარებული პროკურატურაში გამოკითხვაზე. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა და ამ პროცედურას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი და დადგინდება ჭეშმარიტება.
“ჩვენ არავის და არაფერს არ გავურბივართ, ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია. იმ ინფორმაციას, რაც კანონით შეგვეძლება რომ საზოგადოებას მივაწოდოთ, მივაწვდით, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე. დღეს გაჟღერდა პროკურატურის მხრიდან, რომ შესაძლოა კიდევ დაიბარონ გამოკითხვაზე, ესეც ჩვეულებრივი პროცედურაა, შეიძლება ორჯერ დაიბარონ, შეიძლება სამჯერ, ან საერთოდ არ დაიბარონ, ეს პროკურატურის პრეროგატივაა. ჩვენ მზად ვართ, დაბარების შემთხვევაში ნებისმიერ დროს მივიდეთ პროკურატურაში, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან და მივცეთ ჩვენება ყველა დეტალთან დაკავშირებით. თითქოს შეიქმნა საზოგადოებრივი აზრი, რომ შესაძლოა დიმიტრი ქუმსიშვილი დააკავონ და ბრალი წაუყენონ. ამას ამ ეტაპზე გამოვრიცხავთ და პროკურატურის მხრიდან მინიშნებაც არ ყოფილა ამის თაობაზე. ამის აჟიტირება უხერხულია, უნდა დავიცვათ ამ ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია“, – განაცხადა გაბუნიამ.