იტალიაში ქურდმა მოხუც ქალს ფული მოჰპარა და დანაშაული მალევე, თავადვე აღიარა. ამის შესახებ L’Unione Sarda იუწყება.
შემთხვევა ქალაქ არბორიაში, სარდინიის რეგიონში მოხდა. ოქტომბრის დასაწყისში ახალგაზრდა სენეგალელი მამაკაცი მიუახლოვდა პენსიონერს, რომელიც თავის შვილიშვილთან ერთად სეირნობდა და წინდების ყიდვა შესთავაზა. როცა ქალი მასთან საუბრობდა, მამაკაცმა მისი ჩანთიდან შეუმჩნევლად ფული ამოიღო – დაახლოებით 1 500 ევრო. ქალბატონმა ქურდობა მხოლოდ სახლში დაბრუნების შემდეგ შენიშნა და იმავე დღეს პოლიციას მიმართა.
დაზარალებულის ქალიშვილის თქმით, პოლიციამ სათვალთვალო კამერის ჩანაწერების საშუალებით ქურდის ვინაობა დაადგინა. თუმცა დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე მამაკაცი სინდისმა შეაწუხა და პენსიონერთან თავისი ნებით მივიდა. მან დანაშაული აღიარა, ბოდიში მოიხადა და ქალს ფული დაუბრუნა. ამის შემდეგ პენსიონერმა არამხოლოდ ჩივილი გადაიფიქრა, არამედ ქურდის დახმარებაც კი გადაწყვიტა.