ქუთაისის მერიაში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სსკ-ის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
ქუთაისის მერიის შენობაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დღეს ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს სხდომის დაწყებამდე უმრავლესობის წევრები – ამირან კოპალეიშვილი და იმედა საღინაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს, გია უკლებას და გიგა შუშანიას თავს დაესხნენ და სცემეს.
ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ვინაიდან ადგილზე დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ.
დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება, რის გამოც მერია დაცინვის მიზეზი გახდა. დეპუტატებმა ოპონენტები დაცინვის გამო ცემეს. კერძოდ, გუშინ მერიამ და უშუალოდ მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად, სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს.