LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში საქართველოს ბანკზე თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

135
გრიგოლ ნარსია

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ გრიგოლ ნარსიას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

შეგახსენებთ, რომ 38 წლის გრიგოლ ნარსია ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში, გასული წლის 20 სექტემბერს შეიჭრა. სამართალდამცველებმა ნარსია 10-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში 13 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი. მათივე ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირის დამყარების შემდეგ, თავდამსხმელმა მოითხოვა მისთვის გადაეცათ 2 000 000 აშშ დოლარი, ვერტმფრენი, მიკროავტობუსი, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დროშა და ანკესი.

მოთხოვნების შეუსრულებლობის და მძევლების გამოსახსნელად სპეცოპერაციის ჩატარების შემთხვევაში, ბრალდებული საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანილი ხელყუმბარის აფეთქებით და მძევლების სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.

„რაღაც ფული იატაკზე დაყარეს, მე ისინი მეცოტავა“ – ნარსია განმარტავს, რატომ ითხოვდა ანკესს და რუსეთის დროშას

გრიგოლ ნარსიას ბრალი შემდეგი მუხლებით ჰქონდა წარდგენილი:

სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება);
სსკ-ის 323-ე მუხლის პირველი ნაწილი (ტერორისტული აქტი)
სსკ-ის 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით).
პროკურატურის ინფორმაციით, ნარსიას ბანკზე თავდასხმისას თან ჰქონდა ხელყუმბარა, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები, დანა და ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობა.

თანამზრახველი არ ჰყოლია, მარტო მოქმედებდა.. წინააღმდეგობა არ გაუწევია და სახეზე მრავლობითი დაზიანებები აქვს, შესაძლოა, დაკავების დროს ფიზიკურად იძალადეს – საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ადვოკატი