დარჩება თუ არა ქვეყანა ხორბლისა და ფქვილის გარეშე? – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც ქვეყანას სასურსათო და პირველადი მოხმარების არასასურსათო პროდუქციით ამარაგებენ.
როგორც საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა აცხადებს, ქვეყანაში მარაგების მხრივ მდგომარეობა სტაბილურია.
„ქვეყანაში ხორბლის საკმაოდ სერიოზული მარაგებია, დაახლოებით ორი თვის. მინდა ვთქვა, რომ დღეს იცლება ბათუმში ორი გემი, ერთი გემი იცლება ფოთში, გზაში არის ასევე გემები. ამასთან, ხორციელდება რკინიგზით ხორბლის შემოტანა. აქედან გამომდინარე, ფქვილი, როგორც ხორბლის გადამუშავების პროდუქტი, ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობს, ფასთან მიმართებაში – არის სტაბილური ფასი, რომელიც გადადის პურის ფასში და შესაბამისად, პურის ფასიც არის სტაბილური”, – განაცხადა ლევან სილაგავამ.
მისივე თქმით, ხორბლის იმპორტი, ხორბლის ადგილობრივი წარმოება, წისქვილკომბინატები და პურის ქარხნები, – ეს ჯაჭვი სტაბილურად მუშაობს და ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს როგორც მომარაგების, ისე პურპროდუქტებზე ფასის მხრივ.