გადადგმული ნაბიჯების შედეგად, მედიკამენტების ფასი 12.5%-ით შემცირდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„2022 – 2023 წლებში, ჯანდაცვის სექტორში გატარებულმა ცვლილებებმა, განსაკუთრებით ფარმაცევტული დარგის რეგულირების სფეროში, საერთო ჯამში, მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ქვეყანაში. საქსტატის მონაცემებით, რეფერენტული ფასების დაწესებამ და თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის გამარტივებამ, საერთო ჯამში, მედიკამენტების ფასები 12.5%-ით შეამცირა, რამაც მნიშვნელოვანი ასახვა ჰპოვა ქვეყანაში ინფლაციის განაკვეთის შემცირებაში“, – განაცხადა აზარაშვილმა.
მისივე თქმით, 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობამ, ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმაღლეს ღირებულებად დაასახელა, რაც საფუძვლად დაედო, ქვეყნისთვის, უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ხელისუფლებამ საფუძველი ჩაუყარა მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ჯანმრთელობის პოლიტიკას, შექმნა ჯანმრთელობის უფლებით უნივერსალური სარგებლობის ფუნდამენტი და თითოეული მოქალაქისთვის, სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯებისაგან დაცვის მექანიზმი.
„წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შექმნიდან 10 წლის თავზე, ჩვენ, შეგვიძლია, შევაფასოთ ის უდიდესი მონაპოვარი, რომელიც გადარჩენილი სიცოცხლით, განკურნებული ადამიანებით, მათთვის მიწოდებული სერვისებისა და დაფინანსების მასშტაბით გამოიხატება. კერძოდ, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს, 11 მილიონი სამედიცინო შემთხვევა, 7 მილიარდი ლარით დაუფინანსდა. შესაბამისად, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად არ არსებობს მოქალაქე, რომელსაც საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთე, პირდაპირ ან ირიბად, არ შეხებია“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სწრაფად გაიზარდა მოსახლეობის მოცვა სამედიცინო სერვისებით – თუ 2010 წელს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული იყო მოსახლეობის 30%-ს, 2022 წელს, ეს მაჩვენებელი, 94%-ზე მეტია. მისივე თქმით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები და გაიზარდა ფინანსური დაცულობა – თუ 2012 წელს, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი იყო 73%, 2022 წელს, ის 40%-მდეა შემცირებული.
ჯანდაცვის მინისტრი „მინისტრის საათის“ ფორმატში უწყების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარადგენს.