LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქვეყნები, საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტორი გვეწვია

120

აპრილში ტურისტების რაოდენობა 24.9%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი 16.8%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში, რომლის პრეზენტაციაც დღეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ გამართა. მისი თქმით, გაზრდილია როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ისე ტურისტების რაოდენობაც.

“დაახლოებით 17 პროცენტია მატება საერთაშორისო მოგზაურების მიმართულებით და უკვე 25 პროცენტიანი მატება არის იმ ტურისტების მიმართულებით, რომლებიც 24 საათითა და მეტით ჩერდებიან ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გზავნილი ჩვენი საზოგადოებისა და კერძო სექტორის მიმართ არის, რომ ჩვენ ველოდებით ძალიან წარმატებულ და დატვირთულ სეზონს. შესაბამისად, მთელი ქვეყანა უნდა მოვემზადოთ იმისათვის, რომ ღირსეულად დავხვდეთ ჩვენს უცხოელ ტურისტებს“, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

რაც შეეხება შემოსავლებს, გიორგი ჩოგოვაძის ინფორმაციით, 2018 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები პირველად გადააჭარბებს 3 მილიარდ აშშ დოლარს. “2016 წელს ჩვენ პირველად აღვნიშნეთ ის წელიწადი, როდესაც 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან, 2017 წელს 2 750 000 000 აშშ დოლარი იყო, 2018 წელს გვექნება პირველი წელი, როდესაც საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები გადააჭარბებს 3 მილიარდ ამერიკულ დოლარს”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

ანგარიშის მიხედვით, აპრილში საქართველოს 596,703 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 85,960-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +16.8%)-ია. აპრილში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 278,032 შეადგინა, რაც 55,476-ით მეტია 2017 წლის აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%).

2018 წლის აპრილში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან (+43.4%), თურქეთიდან (+29.2%), სომხეთიდან (-6.9%), და ირანიდან (+98.5%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, აპრილის თვეში გამოირჩეოდნენ: ესტონეთი +83%, ლატვია +82.6%, პოლონეთი +37.3%, გაერთიანებული სამეფო +33.6%, ნიდერლანდები +29.1% და საფრანგეთი +24.7%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ირანი +98.5%, ქუვეითი +80.9%, ჩინეთი +62%, რუსეთი +43.4%, ისრაელი +28%.

2018 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოს 2,060,264 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 282,544-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +15.9%)-ია. იანვარი-აპრილის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 937,370 შეადგინა, რაც 200,409-ით მეტია 2017 წლის იანვარი-აპრილის მაჩვენებელზე (ზრდა +27.2%)”, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g