LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აფერხებს მეფრინველეობის განვითარებას საქართველოში?

547

რა აფერხებს მეფრინველეობის განვითარებას საქართველოში და რა პრობლემები აქვთ ქათმის მსხვილ მწარმოებლებს ჩვენს ქვეყანაში? – როგორც ”ფორტუნას” მეფრინველეობის ფაბრიკა ”ფლამინგოს” დირექტორმა ვიქტორ მაზნიშვილმა განუცხადა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც დარგის განვითარებას ხელს უშლის,  საგადასახადო კოდექსია, ამასთან მნიშვნელოვანია ბაზრის დაუცველობის ფაქტორი და არაკონკურენტული გარემოც.

”ქათმის მსხვილი და მცირე მწარმოებლები აბსოლუტურად არათანაბარ პირობებში ვიმყოფებით. თუ მცირე მწარმოებლები გათავისუფლებულები არიან ყველანაირი გადასახადისგან და მათი ხარჯი ძალიან მცირეა, ”ფლამინგოს”, როგორც დიდ ფაბრიკას , ძალიან დიდი ხარჯი აქვს საგადასახადო კუთხით. შესაბამისად, მცირე მწარმოებლები ქათამს დაბალ ფასად ყიდიან, ჩვენი პროდუქციის რეალიზაცია კი შედარებით მაღალი ტარიფით ხორციელდება.  ეს, ბუნებრივია,  არაკონკურენტულ პირობებში გვაყენებს”, – აღნიშნა მაზნიშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  კოდექსის შესაბამისად,  საქონლის ხორცი დღგ-გან გათავისუფლებულია,  თუმცა  იბეგრება ქათმის ხორცი, რაც ამ სფეროში დასაქმებულებისთვის კიდევ ერთ დაბრკოლებას წარმოადგენს.

როგორც ”ფლამინგოს” დირექტორმა აღნიშნა, არანაკლები პრობლემაა ბაზრის დაუცველობაც. ”ბაზარზე შედის ყველანაირი ქათამი და ამას არავინ აკონტროლებს. ანუ , ნებისმიერ ადამიანს, ყოველგავრი სანიტარული ნორმების გარეშე,  შეუძლია დაკლას ქათამი და შეიტანოს ბაზარში გასაყიდად”, – განმარტა მაზნიშვილმა.

მისივე ინფორმაციით,  პრობლემების მიუხედავად, ”ფლამინგო” გაფართოებას მაინც განაგრძობს და სამომავლო გეგმებიც აქვს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ”ფლამინგოს” უკვე რიგით მე-6 საფრინველეს მშენებლობა, რომელიც მალე დასრულდება და  ფრინველების რაოდენობა 48 ათას  ფრთამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, შპს „ფლამინგოს“  მეფრინველეობის ფაბრიკა  გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთში, მდებარებს. ამ ეტაპზე ფაბრიკაში 7 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია კი თბილისის სავაჭრო ქსელებსა და დასავლეთ საქართველოში ხორციელდება. ”ფლამინგოს”  ქათმის საბითუმო ფასი ერთ კილოგრამზე   5,50-დან 6 ლარამდეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები