ასე ტალახის სროლა, უსაფუძვლოდ და მოკლევადიანი ტყუილები არაფერს მოგიტანთ, მეგობრებო, პასუხებსაც მიიღებთ, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ფრაქცია „ენმ – ძალა ერთობაშიას“ წევრის, როსტომ ჩხეიძის განცხადებას კულტურის მინისტრთან დაკავშირებით. დღეს ჩხეიძემ სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თეა წულუკიანი ერთმანეთზე უფრო გაუმართლებლი მოქმედებებით გამოირჩევა.
არჩილ თალაკვაძე კი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ტალახს უსაფუძვლოდ ისვრის.
„რა არ მოგწონთ, ბატონო როსტომ? ეროვნული საგაძური რომ მოიკითხა და აღნუსხა, ეგ არ მოგეწონათ თუ საჯარო ფინანსების სამართლიან განაწილებაზე რომ დაიწყო ზრუნვა, ეგ არ მოგეწონათ?
ან ეს თეატრების მაგალითი… კონკრეტულად გვითხარით ერთი, სად დაინიშნა პარტიული ხელმძღვანელი თეატრში? მე პირადად ბევრ მაგალითს გეტყვით, რომ პროფესიონალები შეირჩნენ და ბევრიც მოქმედი, ვინც იყვნენ წინა წლებში, ის ადამიანები დაინიშნენ დირექტორებად. ასე, რომ ასე ტალახის სროლა უსაფუძვლოდ და მოკლევადიანი ტყუილები არაფერს მოგიტანთ, მეგობრებო, პასუხებსაც მიიღებთ, სიმართლესაც გამოვიტანთ და გაჩვენებთ ყველაფერს, რა და როგორ არის“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, როსტომ ჩხეიძე დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კონკურს „ლიტერას“ გარშემო განვითარებულ ამბებსა და ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული მუზეუმების პრობლემას გამოეხმაურა და თქვა, რომ მინისტრი პოლიტიკური მეთოდებიც ცდილობს განსხვავებული აზრის ჩახშობას და რეპრესიებს.
„გელათის ტაძარიც ცეკას სარდაფს დაგვიმსგავსა“, – თქვა ჩხეიძემ.
2005 წლიდან ეროვნული მუზეუმიდან არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა: დავით ლორთქიფანიძე