LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის 102 წლის ანტისა ყარაულაშვილის ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო: „ტკბილი ძალიან მიყვარს, მაგრამ წონა უნდა ვაკონტროლო და ვიცი, ბევრი არ უნდა მომივიდეს…“

655
ანტისა ყარაულაშვილი

ჟურნალ „გზასთან“ 102 წლის ქალბატონი, ანტისა ყარაულაშვილი საუბრობს იმის შესახებ, თუ რა არის მისი ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლო.

„არ ვიცი, რამდენად არის ეს საიდუმლო, მაგრამ მამაჩემი ყოველ ზაფხულს პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში გვატარებინებდა. ყოველ საღამოს ალაზნის პირას გავყავდით. ქვებზე წყალი თბებოდა და იქ გვაბანავებდა. შინ რომ ვბრუნდებოდით, აუცილებლად 1 ჭიქა მაწონს გვაჭმევდა. ძროხა გვყავდა და დედა მაწონს თვითონ ადედებდა… მამაჩემი აფთიაქარ-პროვიზორი კი იყო, მაგრამ წამალს არ გვაძლევდა. ასე გავზარდე ჩემი შვილებიც. ზედმეტი წამალი არ არის საჭირო. თუმცა, თებერვალში აუცილებლად ჭიის წამალს გვასმევდა, ჭიამ მაგ დროს იცის გამრავლებაო. გვეჯავრებოდა იმის გადაყლაპვა და ზოგჯერ მაგიდის ქვეშ ვმალავდით…

ფულის ყადრს როგორ გვასწავლიდა, იცით? მაშინ აბები არ იყო. აფთიაქში ფხვნილებს რეცეპტის ქაღალდზე ყრიდა და ჩვენ თავს ვუკრავდით, ვეხმარებოდით. თითო გამზადებულ წამალზე 2 კაპიკს გვაძლევდა. იმ ფულს სკოლის წიგნებისთვის ვაგროვებდით. დღესდღეობით, დილით რომ ავდგები და მოვწესრიგდები, მერე რომ არ ვივარჯიშო, არ შემიძლია. შხაპს რომ ვიღებდი, ბოლოს აუცილებლად ცივ წყალს გადავივლებდი ხოლმე. ზოგჯერ ახლაც ასე ვაკეთებ, თუ ჩემი შვილი ნინო არ მიყურებს (იღიმის). ცივ წყალს რომ გადაივლებ, მაშინვე გამოცოცხლდები! მერე უკვე შვილი საუზმეს მახვედრებს. ფაფა არ მიყვარს, მაგრამ მინდა თუ არა, უნდა შევჭამო (იღიმის). ტკბილი ძალიან მიყვარს, მაგრამ წონა უნდა ვაკონტროლო და ვიცი, ბევრი არ უნდა მომივიდეს. ზაფხულს თელავში ვატარებ, ეზოში დავდივარ. იქ ძველი, მამაპაპისეული სახლი მაქვს და გვიან შემოდგომამდე იქ ვრჩები. წელს კარგი ამინდი რომ იყო, ალავერდში წასვლა მომინდა. ძალიან გამიხარდა, ალავერდი კიდევ ერთხელ რომ ვნახე. თბილისში კი კორპუსში ვცხოვრობ და ეზოში ვერ ჩავდივარ, სკვერი ცოტა შორსაა და იქამდე ბევრი მანქანა შემხვდება. აივანზე გავდივარ და იქიდან ქუჩაში ვიყურები ხოლმე…“

ინტერვიუ ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g