LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს

39244
BeFunky-collage (26)

9 იანვარს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ახალი ტიპის დაფიქსირებაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. შემთხვევა ჩინეთში, უხანში მოხდა და ეპიდემიის პირველი მსხვერპლი 11 იანვარს დაფიქსირდა.


რა არის კორონავირუსი?

ზოგადი დახასიათებით, კორონავირუსი იმ ვირუსების ჯგუფია, რომელიც იწვევს რესპირატორულ ინფექციებს, დაწყებული ზოგადი გაციებით, მწვავე რესპირატორული სინდრომითა და ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომით დამთავრებული. ჩინეთში გავრცელებული ვირუსი კი მეშვიდეა კორონავირუსების ჯგუფში. ჩინური მედიასაშუალებების ცნობით, ადგილობრივ მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამჟამად გავრცელებული ვირუსი განსხვავებულია. ახალი კორონავირუსის თავდაპირველი სიმპტომებია სიცხე, ხველება, გულმკერდის შებოჭილობა და სუნთქვის უკმარისობა. ზოგიერთი პაციენტის სკანირებამ ფილტვებში სითხე აჩვენა, რაც ვირუსული პნევმონიისთვის არის დამახასიათებელი. პირველად, მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შემთხვევები სამხრეთ ჩინეთში 2002 წელს გამოჩნდა. შემდეგ კი ოცზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა და იმსხვერპლა დაახლოებით 800 ადამიანი.

დადასტურდა “ჩინური ვირუსის” ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის ფაქტი – არის თუ არა კორონავირუსი მსოფლიოსთვის საშიში

 

როგორ ჩნდება და ვრცელდება?

ვირუსული ინფექცია ცხოველებიდან ადვილად გადადის ადამიანებზე. ასეთ შემთხვევას იხსენებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და ამბობს, რომ 2012 წელს საუდის არაბეთში ასეთი ტიპის ვირუსით დაინფიცირდა ადამიანი აქლემისგან. იმნაძემ განმარტავს, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია და ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე.

„მსგავსი შემთხვევა იყო 2002 წელს, როდესაც გავრცელდა კორონავირუსი, რომელსაც ჟურნალისტები ატიპური პნევმონიით მოიხსენიებდნენ, 2012 წელს საუდის არაბეთში აქლემებისგან გადაედო ადამიანებს. ასეთები ხდება ხოლმე, ესეც ახალი ტიპის კორონავირუსია, რომელიც იწვევს გართულებებს, ძირითადად, ფილტვების ანთების მხრივ. გარდაცვალების რამდენიმე ფაქტიც მოჰყვა უკვე ამ ტიპის კორონავირუსს ჩინეთში“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსს?

ვირუსი იწვევს პნევმონიას. ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

რაც შეეხება საქართველოში ვირუსის გავრცელების შესაძლო რისკებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, საქართველო ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების მიხედვით მოქმედებს და რამე ტიპის შეზღუდვაზე რეკომენდაცია ქვეყანას ჯერ არ მიუღია.

აშშ-ში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა


გავრცელდება თუ არა ახალი ვირუსი საქართველოში?

„რაც შეეხება რისკებს, საქართველო იცავს ყველა მის ვალდებულებას, ანუ ჩვენ ვმოქმედებთ ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად, რასაც განაპირობებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. დღეისათვის, რაიმე რეკომენდაციები ჩინეთთან მგზავრობის ან სავაჭრო შეზღუდვაზე არ არსებობს. ჩრდილოეთ კორეას ვერ დავემსგავსებით, რომელმაც დაკეტა საზღვარი ყველა ტურისტისთვის. ჩვენთან რეალური რისკი ფაქტობრივად არ არსებობს, რადგან პირდაპირი რეისები უხანთან არ გვაქვს. პარიზში ყოველდღიური რეისებია და პარიზში ჯერ არაფერს აკეთებენ, ლონდონში კვირაში სამი რეისია, რომშიც, იქ არ არის პანიკა, მგონი, ჩვენთან გადაჭარბებულია ამის პანიკური შიში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვირუსი პირველად ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბრის ბოლოს დაფიქსირდა და მისი გავრცელების ცენტრად უხანის ზღვის პროდუქტების ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია სახელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები