LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის თვითსიყვარული – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

3183
ნინო-ეფხოშვილი

რა არის თვითსიყვარული – მარტა ქარუმიძის პოდკასტის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოკონსულტანტი ნინო ეფხოშვილი.

რა არის თვითსიყვარული?

თვითსიყვარული – ეს არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც საკუთარ თავზე და ადამიანებთან ხანგრძლივი მუშაობის შედეგად მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის არის საფუძველი ყველაფერი დანარჩენისა. სწორედ მასზე აიგება ჩვენი ურთიერთობები და წარმატება ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ანუ, ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გვაქვს, პირდაპირპროპორციულია იმისა, თუ რამდენად გვიყვარს საკუთარი თავი.

ერთი წინადადებით ან ამომწურავი დეფინიციით ამის განმარტება გაგვიჭირდება. ჩემთვის თვითსიყვარული არის გამოხატულება იმისა, თუ როგორ ვექცევით საკუთარ თავს, როგორ ვურთიერთობთ საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და სამყაროსთან.

ნინო, რატომ ეშლებათ ადამიანებს თვითსიყვარული ეგოიზმში?

იმიტომ, რომ არსებობს მცდარი განცდა, თითქოს თვითსიყვარული მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს ნიშნავს.

ეგოიზმი არის მდგომარეობა, როდესაც ფიქრობ: „მხოლოდ მე ვიყო კარგად“ და არ გაინტერესებს სხვა ადამიანები, არც ის, შენი ქმედებით ზიანს ხომ არ აყენებ გარემოს. ეს, რა თქმა უნდა, ეგოიზმია. მაგრამ როდესაც თვითსიყვარულს ვუყურებთ როგორც ჯანსაღ ურთიერთობას საკუთარ თავთან, გარშემომყოფებთან და გარემოსთან, მაშინ მას ეგოიზმში აღარ ავრევთ.

როგორ გამოიხატება თვითსიყვარული პარტნიორულ და სოციალურ ურთიერთობებში?

 აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც სიყვარულზე ვსაუბრობთ, ჩვენი ვექტორი ხშირად გარეთ არის მიმართული. გვგონია, რომ საკუთარი თავის სიყვარული იმაში გამოიხატება, რომ სხვებზე ვზრუნავთ, სხვები გვიყვარს და სადღაც მსხვერპლიც ვხდებით.

ეს განსაკუთრებით ხშირია მშობლებისა და შვილების, ან პარტნიორულ ურთიერთობებში. ადამიანი თითქოს მსხვერპლად ეწირება ოჯახს ან ურთიერთობას და ჰგონია, რომ ეს არის მისი არსებობის ერთადერთი ფორმა, ხოლო საკუთარი თავის მიღება მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია. ეს არ არის ჯანსაღი მოდელი.

დღეს უკვე ყველამ იცის: იმისათვის, რომ ბედნიერი შვილი გყავდეს, დედაც ბედნიერი უნდა იყოს. ძველ მოდელს, რომ შვილს მსხვერპლად უნდა შეეწირო, ნელ-ნელა წყალი შეუდგა. თუ შვილის სიყვარულით მისი ბედნიერება გსურს, შენც ბედნიერი უნდა იყო. შვილები ხომ ჩვენგან სწავლობენ ურთიერთობების მოდელებს. თუ შენ მსხვერპლშეწირვის მოდელში ცხოვრობ, ისიც ისწავლის, რომ სიყვარული ვიღაცისთვის თავის შეწირვაა.

იგივე ხდება პარტნიორულ ურთიერთობებშიც: გვგონია, რომ რაც უფრო შევეწირებით ადამიანს, მით უფრო მოგვეწონება საკუთარი თავი. სინამდვილეში კი, შინაგანი თვითსიყვარულით გაცემული გრძნობა ურთიერთობას სულ სხვა, გაცილებით ჯანსაღ საფეხურზე გადაიყვანს.

ქცევითი მოდელები შემთხვევით არ ყალიბდება. როდესაც ბავშვობაში განვიცდით ტკივილს და მისი ხელახლა განცდა აღარ გვინდა, ფსიქიკა გადარჩენის სტრატეგიებს იგონებს – მაგალითად, სხვებისთვის მოსაწონი გავხდეთ, ოღონდ უარყოფითი უკუკავშირი ან შენიშვნა არ მივიღოთ.

ეს ტკივილი ხშირად გაუცნობიერებელი რჩება. პიროვნული გაზრდა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბოლომდე გავივლით ამ ტკივილს, ემოციას სახელს დავარქმევთ, გამოვიცხოვრებთ, გადავამუშავებთ და მივალთ დასრულებამდე.

ჯანსაღია ურთიერთობა, სადაც ემოციურად დასრულებული მდგომარეობით შევდივართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურთიერთობაში შევდივართ ბავშვის ან მშობლის პოზიციით და ვხვდებით დრამის სამკუთხედში (კარპმანის სამკუთხედი), სადაც ხან მსხვერპლი ვართ, ხან მხსნელი და ხან მოძალადე.

თვითსიყვარული ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვას, საკუთარი თავის ცნობასა და მიღებას – თავისი ყველა მხარით.

რატომ უჭირს ჩვენს საზოგადოებას თვითსიყვარულის სწორი ფორმულირებით მიღება? რატომ არის უფრო ადვილი არაჯანსაღ თემებთან დაკავშირება, ვიდრე თვითსიყვარულთან?

ეს ნაცნობი გარემოს ფენომენია. დიდი ხანი რაშიც ვცხოვრობთ, ის ჩვენი ტვინისთვის კომფორტულია. მიუხედავად იმისა, რომ ვაცნობიერებთ – ეს მოდელი კარგ შედეგამდე არ მიგვიყვანს, ნაცნობ სიტუაციაში დარჩენა მაინც უფრო მარტივია, ვიდრე ცვლილება.

ადამიანს აქვს მიკუთვნებულობის მოთხოვნილება. სოციალური არსებები ვართ და ჩვენი უსაფრთხოება მიბმულია გარკვეულ ჯგუფთან. შესაბამისად, ვიმეორებთ იმ ჯგუფის ქცევის მოდელებს, რომელსაც მივეკუთვნებით, რათა ეს კავშირი არ დავკარგოთ.

გარდა ამისა, ჩვენს კულტურაში ქალს უფრო მეტად ეზღუდებოდა საკუთარი თავის სიყვარული და სურვილების აღიარება. კაცებს ხშირად ვუზღუდავთ სევდისა და სისუსტის გამოხატვას, ქალებს კი – საკუთარი სურვილების ქონას. ქალი ხშირად აღიქმება ოჯახის თუ საზოგადოების „მსახურად“, სადაც ინდივიდი და მისი საჭიროებები იკარგება.

პირადი გამოცდილებით, თქვენც გიჭირდათ „არას“ თქმა?

დიახ, მეც ვიყავი ადამიანი, რომელსაც ძალიან უჭირდა „არას“ თქმა. მეგონა, რომ ყველასთვის ასიამოვნო – ეს თავაზიანობა იყო. მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ ეს არ არის ჯანსაღი.

შენ გაქვს უფლება თქვა „არა“ და დაიტოვო პატარა სივრცე დასვენებისთვის, საკუთარი პირადი საზღვრების დასაცავად. ჯერ უნდა გაარკვიო, რა გინდა, მერე გააჟღერო ეს და მზად იყო იმისთვის, რომ ეს შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს.

ანუ, ისევ მივდივართ იქამდე, რომ ჩვენი საყრდენი საკუთარ თავშია და ის გარეთ არ უნდა ვეძებოთ?

როდესაც გააცნობიერებ, რომ შენი ცხოვრების თანაშემოქმედი ხარ, ეს შემოქმედება შიშს კი არ უნდა დააფუძნო (რადგან შიშით მხოლოდ ნგრევა შეგიძლია), არამედ სიყვარულს. სიყვარულზე დაფუძნებით კი შენება მიმდინარეობს.