რა არის თვითზრუნვა – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოკონსულტანტმა არტთერაპევტმა ნათია უტიაშვილმა ისაუბრა.
რა არის თვითზრუნვა?
თვითზრუნვა, ფსიქოლოგიურად არის ცნობიერი ქმედებები, რომლებიც მიმართულია ჩვენი ფიზიკური, ემოციური და გონებრივი კეთილდღეობის შენარჩუნებისკენ. ეს არ არის მხოლოდ დასვენება ან „სიამოვნების მიღება“, არამედ ჩვენი შინაგანი რესურსების მოვლა, რათა გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს.
თვითზრუნვა გულისხმობს საკუთარ თავთან კავშირს – იმის გაგებას, თუ რა გვჭირდება, რა გვაძლევს ენერგიას და რა გვაკარგვინებს მას, ანუ საკუთარი თავის უკეთ გაცნობა. ყველაზე ხშირად, როცა ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა სხვებს ვგულისხმობთ – ჩვენს ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს. მაგრამ ერთი რამ გვავიწყდება: ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი ურთიერთობა არის საკუთარ თავთან ურთიერთობა. თუ საკუთარ თავთან მშვიდობიან ურთიერთობაში არ ვართ, თუ საკუთარ თავზე ზრუნვას ვერ ვახერხებთ, ძალიან ძნელია, რომ სხვებთანაც ჯანსაღი კავშირი გვქონდეს. რადგან ნებისმიერი ურთიერთობა საკუთარ თავთან ურთიერთობით იწყება.
რას ნიშნავს საკუთარ თავთან ურთიერთობა?
ზოგისთვის ეს არის სხეულზე ზრუნვა, ზოგისთვის – შინაგანი დიალოგი, ზოგისთვის კი უბრალოდ დროის დათმობა იმისთვის, რაც სიამოვნებას ანიჭებს. სინამდვილეში, ყველაფერი ეს ერთად არის საკუთარ თავთან ურთიერთობის შემადგენელი ნაწილი. ფსიქოლოგიაში ხშირად ვამბობთ, რომ ურთიერთობები სარკეა. სხვები გვიბრუნებენ იმას, რასაც ჩვენ საკუთარ თავში ვატარებთ. თუ საკუთარ თავზე მუდმივად ვამბობთ: „არაფერი შემიძლია, ეს არ გამომივა”. დიდი შანსია, რომ სხვებისგანაც იგივე გვესმოდეს – ან ასე ვიგებდეთ მათ სიტყვებს. თუ საკუთარ თავს ვამხნევებთ და ვაფასებთ, სხვებისგანაც უფრო მარტივად ვიღებთ სიყვარულსა და მხარდაჭერას. უნდა გვახსოვდეს, ყველა ურთიერთობა საკუთარ თავთან, დგას სამ საყრდენზე:
რა ხდება, როცა საკუთარ თავთან კავშირი არ გვაქვს ?
როცა საკუთარ თავთან კავშირი არ გვაქვს, ან კონფლიქტში ვართ, ამას პირდაპირი გავლენა აქვს ურთიერთობებზე: ვქმნით მოლოდინებს სხვებისგან, მუდმივად ვეძებთ დამტკიცებას, აღიარებას.