რა ასაკიდან არის რეკომენდებული ლაზერული ეპილაციის პროცედურა – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ლაზეროთერაპევტმა თეა ლანჩავამ ისაუბრა.
აქვს თუ არა მნიშვნელობა ასაკს?
ლაზერული ეპილაციის პროცედურა, როგორც წესი, რეკომენდებულია 18 წლიდან. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არ არის მძიმე სამედიცინო ჩარევა, შესაძლებელია ინდივიდუალური მიდგომა, მინიმალური მოთხოვნაა, რომ პაციენტს მენსტრუალური ციკლი ჩამოყალიბებული ჰქონდეს და ამის გათვალისწინებით შესაძლებელია უკვე 14-15 წლის ასაკიდან ეპილაციის პროცედურის ჩატარება.
რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა, თუ ჭარბი ხალები აქვს?
ეპილაციის დროს, თუ კანზე ხალები გაქვთ, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული სიფრთხილე. ლაზერული ეპილაციის დროს ხალები უნდა დაიფაროს სპეციალური დამცავი მასალით, რათა თავიდან აიცილოთ მათი დაზიანება ან პიგმენტაციის ცვლილება.
თუ ხალი დიდია, არათანაბარი ფორმის ან ფერის, ან თუ ის იზრდება, უმჯობესია, წინასწარ მიმართოთ დერმატოლოგს ან ონკო-დერმატოლოგს, რათა დარწმუნდეთ, რომ პროცედურა უსაფრთხოა.
რა როლს თამაშობს კანის ტიპი და თმის ხარისხი?
კანის ტიპი და თმის ხარისხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეპილაციის ეფექტურობაში. კანის ტიპი შეიძლება იყოს მშრალი, ცხიმიანი, შერეული ან მგრძნობიარე. თითოეულ ტიპს აქვს თავისი თავისებურებები, რაც გავლენას ახდენს ეპილაციის შედეგებზე.
ასევე მნიშვნელოვანია. თმის ფერი, სისქე და ზრდის სიჩქარე განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ლაზერი. მაგალითად, მუქი და სქელი თმა უფრო ადვილად შთანთქავს ლაზერის ენერგიას, ვიდრე ღია ფერის თმა.
გარუჯულ კანზე ეპილაცია რამდენ დღეში შეიძლება გაკეთდეს?
გარუჯულ კანზე ლაზერული ეპილაციის გაკეთება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მგრძნობიარეა თქვენი კანი. ზოგადად, რეკომენდებულია ლაზერული ეპილაციის გაკეთება გარუჯვის შემდეგ 2-3 კვირის განმავლობაში. ეს დრო საშუალებას აძლევს კანს აღდგეს და თავიდან აიცილოს პიგმენტური ლაქების გაჩენა.
თუ გარუჯვის შემდეგ კანზე სიწითლე (ჰიპერემია) არ აღინიშნება, შესაძლებელია პროცედურის ჩატარება 3-4 დღეში. თუმცა, უმჯობესია, კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, რათა თქვენი კანის მდგომარეობა სწორად შეფასდეს.