რა მითებია გავრცელებული ინექციურ პროცედურებზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა დერმატოლოგმა ნინო გოგიბერიძემ ისაუბრა.
ყველაზე ხშირად რომელ პროცედურაზე გსმენია მითი?
ბევრი მითი არსებობს ბოტოქსთან დაკავშირებით, მაგალითად, რომ ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება და თითქოს ეს შლის ბოტოქსს. რა თქმა უნდა ეს მითია. ალკოჰოლის მიღების შემდგომ ტოქსინის მოქმედება არ იცვლება.
იგივე შემიძლია ვთქვა B ჯგუფის ვიტამინებზე. ბევრი პაციენტი მყავს, რომლებსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდებათ B ჯგუფის ვიტამინები და მათი ტოქსინის მოქმედებაც არ იცვლება.
აპარატურულ კოსმეტოლოგიასაც აქვს მითები…
კი ამ მიმართულებაშიც არის მითები. მაგალითად, მითია რომ ულთერაპია ადნობს ცხიმს და არ შეიძლება ახალგაზრდა პაციენტებში, ან თხელ სახიან პაციენტებში. ულთერას აპარატი მოქმედებს მხოლოდ კანის სტრუქტურის გაუმჯობესებაზე.
არსებობს მითი, რომ თუ გავიკეთებთ ბიორევიტალიზაციას, სახლის მოვლა აღარ გვჭირდება. რა თქმა უნდა ესეც მითია. ეს სხვადასხვა ტიპის დატენიანებაა და ორივე საჭიროა.

ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით თოვლიან კურორტებზე კანი უფრო მგრძნობიარე ხდება, რას ურჩევ პაციენტებს ამ დროს?
ზამთარში კანი უფრო მეტად არის გამომშრალი, ასევე თმა და ამიტომ აუცილებელია მოვლის პროცედურები, დატენიანება, წყლის მიღება.
მე ჩემს პაციენტებს სულ ვურჩევ, რომ ზამთრის კურორტებზე წასვლამდე დაიტენიანონ სახე, ისევე როგორც ჩამოსვლის მერე. მთაში უფრო სენსიტიური ხდება კანი, როზაცეა მწვავდება და ვისაც ასეთი კანი აქვს, მათ უფრო უღიზიანდებათ. აუცილებელია გამოიყენონ მზისგან დამცავი.
კვება პირდაპირ კავშირშია ჩვენი კანის სიჯანსაღესთან. ზამთრის სეზონზე ნაკლებ ვიტამინებს ვიღებთ და მაინტერესებს, რა რეკომენდაციები გექნება ამ მიმართულებით?
ზამთარში ვურჩევ პაციენტებს გაიკეთონ სისხლის შემოწმება და გაიგონ რისი ნაკლებობა აქვთ. სასურველია C ვიტამინის მიღება, როგორც ანტიოქსიდანტის, თუთის მიღება, თუ არსებობს ამის საჭიროება. ეს უნდა იყოს ექიმის მიერ დანიშნული და კონტროლირებადი.
ასევე ვურჩევ პაციენტებს შეიმოწმონ საერთო ცილის ნაკლებობა, გარდა ამისა რკინა/ფერიტინი. ვურჩევ მიიღონ ბევრი ცილა და სეზონიდან გამომდინარე ხილი.