LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომელი სპორტული დანამატია სასარგებლო – სილამაზის აკადემია

151
ტარიელ-ბახტურიძე

რომელი სპორტული დანამატია სასარგებლო – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ფიტნეს ინსტრუქტორმა ტარიელ ბახტურიძემ ისაუბრა.

მინდა, რომ დღეს განვასხვაოთ სპორტულ დანამატებთან დაკავშირებული მითები. მაგალითად, არის თუ არა დანამატი ქიმია და ანაცვლებს თუ არა ის საკვებს?

სპორტული დანამატები ქიმია არ არის. სტეროიდები სულ სხვა საშუალებაა, რომელსაც ძირითადი დოპინგის დროს იყენებენ სპორტსმენები და მათი მოხმარება მძიმე შედეგებით მთავრდება. სპორტული საკვები დანამატები კი ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას არ აზიანებს.  

დაასახელე სამი ძირითადი დანამატი, რომელიც არის სასარგებლო და რომელსაც პირადად ურჩევთ თქვენს მოსწავლეებს?

  1. პროტეინი(ცილა): რომელიც ყველას სჭირდება.
  2. ცხიმმწველი: რომელიც ყველაზე მოთხოვნადია და განსაკუთრებით მათ სჭირდებათ, ვისაც წონის დაკლება სურს.
  3. კრეატინი: ყველაზე გამოკვლეული სპორტული დანამატია, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი და ძალიან მნიშვნელოვანია.

რამდენად ანაცვლებს პროტეინი საკვებს ან რა დროს ინიშნება?

პროტეინი ცილაა. ცილის მიღება უნდა მოხდეს ადამიანის ფიზიკური აქტივობისა და წონის მიხედვით. სრულყოფილად საკვებით მისი მიღება ჯობია, მაგრამ თუ ვერ ვახერხებთ, დანამატის გამოყენება აუცილებელია ცილის მარაგის შესავსებად. დაახლოებით 20-25 გრამია ერთჯერადი პორცია და მისი მიღება დღეში რამდენჯერმეც შესაძლებელია, გააჩნია ადამიანის მიზნებს.  

კრეატინი ერთ-ერთი პოპულარული დანამატია. რისთვის გამოიყენება ის და რა შემთხვევაში?

კრეატინი ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის, ფიზიკური აქტივობისა და სიძლიერისთვის. მას იყენებენ ფეთქებადი ძალის, ენერგიისა და კუნთების მასის აღსადგენად. ძალიან მნიშვნელოვანი და უსაფრთხო დანამატია სპორტსმენებისთვის.

განსხვავდებიან თუ არა ქალები და კაცები ამ სპორტული დანამატების მიღების წესით?

ძირითადად დოზირებაა სხვადასხვა, რადგან ქალის ორგანიზმს წონა და ზომა განსხვავებული აქვს, შესაბამისად, მიზნებიც შეიძლება განსხვავებული ჰქონდეთ.

როგორც ფიტნეს ინსტრუქტორი, რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჰგონია, რომ ვარჯიშს ძალიან დიდი დრო სჭირდება და ამიტომ არ დადიან დარბაზში?

ეს მართლაც მითია. დამწყებთათვის კვირაში სამი დღე, თითო ჯერზე 45-დან 55 წუთამდე დრო სავსებით საკმარისია. თუ კვების რეჟიმიც მოწესრიგებულია, ეს ძალიან კარგ შედეგს იძლევა და დისკომფორტს არ ქმნის.

კვების რეჟიმზეც რომ გითხრათ – როგორ უნდა იყოს დაბალანსებული კვება ვარჯიშის პარალელურად?

მოყვარული ადამიანისთვის იდეალური ბალანსია: დაახლოებით 65% ნახშირწყალი, 20% ცილა და 15% ცხიმი. მთავარია, რომ დღის განმავლობაში სწორი კვება და სწორი დოზები შევინარჩუნოთ.  

 ბოლოს, როგორ უნდა ავირჩიოთ ფიტნეს ინსტრუქტორი სოციალურ ქსელებში არსებული მრავალფეროვნებიდან?

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ რეალურ შედეგებს. ადამიანი შეიძლება ძალიან ლამაზ რეკლამას აკეთებდეს და ვიდეოებს იღებდეს, მაგრამ ინსტრუქტორის მთავარი ღირებულება ის არის, თუ რა რეალურ შედეგებს აძლევს მის მოსწავლეებს.