LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა დაავადებებს იწვევს სარეცხი ფხვნილები, რომელსაც ყოველდღიურად მოვიხმართ

1638

კანისა და სასუნთქი გზების ალერგიები , მწვავე დერმატიტი, ასთმა… ეს მცირე ჩამონათვალია იმ გართულებების რომელიც ერთი შეხედვით უვნებელმა,  კარგად გარეცხილმა სამოსმა შეიძლება გამოიწვიოს.

ფოსფატები,  ბორი, ანიონები,  ქლორი –  მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების ეს თაიგული ყოველი თქვენგანის ოჯახშია და კანსა და ფილტვებში  ყოველდღიურად ხვდება.

სარეცხ საშუალებებს დიასახლისები ძირითადად რეკლამის საფუძველზე ყიდულობენ , უფრო მეტად მათი ეფექტურობით ინტერესდებიან და არა შემადგენლობით.

„სარეცხ საშუალებებში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს, განსაკუთრებით, როცა საუბარია ალერგიულ ადამიანებზე და ბავშვებზე, კანის ალერგიული რეაქციის, კონტაქტური დერმატიტების პროვოცირება შეუძლია, ხოლო სპეციფიკური სუნი ასთმების და სასუნთქი გზების ალერგიის გამომწვევი შეიძლება გახდეს.  ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით ქლორს და სხვადასხვა არომატიზატორს გამოვყოფდი .   მსგავსი ნივთიერებების სისტემატიურმა  მოხმარებამ კომპლექსში სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებთან ერთად (კვება, გარემო, რადიაცია ) არაალერგიული ადამიანიც, შესაძლოა, აქციოს ალერგიულად . სამედიცინო პროგნოზით, 2025 წლისთვის  მსოფლიო მოსახლეობის 50 პროცენტი ალერგიული იქნება“ – ამბობს „ფორტუნასთან” ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი მაია გოთუა.


სარეცხი ფხვნილის მავნებლობას ამაქაფებელი და წყლის დამარბილებელი დანამატები კიდევ უფრო ზრდის.  მას თქვენ ფხვნილში გარეული ფერადი მარცვლების სახით ხედავთ , რაც უფრო მეტად ქაფდება ფხვნილი, მით მეტად ხდება მავნე ფოსფატების ქსოვილზე მოჭიდება და მისი ჩამორეცხვა ცხელ წყალში მრავალჯერ გავლებითაც კი შეუძლებელია.

სიტუაციას სარეცხის სასიამოვნო სუნისთვის დამატებული არომატიზატორებიც ართულებს,  რომლებსაც  სასუნთქი გზების ალერგიის პროვოცირება შეუძლია.

 როგორ ავირიდოთ “მავნე სისუფთავე”

სარეცხი ფხვნილების მავნე გავლენის შესამცირებლად უფოსფატო ფხვნილების გამოყენება უმჯობესია , ალტერნატივას საპნის ბაზაზე დამზადებული ფხვნილები წარმოადგენს.  ფხვნილის მავნებლობის მაჩვენებელია ქაფის რაოდენობაც, რაც უფრო მეტია ქაფი –  მით მეტია მასში მავნე აქტიური ნივთიერებები.  იმის გამო, რომ სარეცხი ფხვნილის მტვერი ადვილად ვრცელდება გარემოში, უმჯობესია, თუ სარეცხ მანქანას არა სამზარეულოში,  არამედ აბაზანაში, ან სპეციალურ სათავსოში მოვათავსებთ, ხოლო სარეცხი ფხვნილის შეფუთვას კარგად დახურულს შევინახავთ. ფართი, სადაც სარეცხს რეცხავთ, კარგად უნდა ნიავდებოდეს.

„რადგან გვერდს ვერ ავუვლით სარეცხი საშუალებების მოხმარებას, გარეცხვის შემდგომ სარეცხი მაქსიმალურად კარგად უნდა გაივლოს და გაშრეს. ბავშვების შემთხვევაში,  ვინაიდან მათი კანი განსაკუთრებით სათუთია და ფხვნილებში შემავალ არომატიზატორებს, ქლორს მისი დაზიანება ადვილად შეუძლია, უმჯობესია, საბავშვო ფხვნილების მოხმარება . საბავშვო ფხვნილები მხოლოდ  ისეთ ნივთიერებებს შეიცავენ,  რომლებსაც „ბავშვის ლაქებთან“ გამკლავება შეუძლიათ  და  არ არის დამძიმებული დამატებითი ქიმიური საშუალებებით“.- გვაძლევს რეკომენდაციას ალერგოლოგი მაია გოთუა.

 

კარგად დააკვირდით შეფუთვას – ანიონური, ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები, არ უნდა აღემატებოდეს 2%, არაიონურები – 3%, ტოქსიკურ მჟავათა მარილები -1%, ხოლო სინთეტიკური არომატიზატორები – 0,01%;

სარეცხი ფხვნილის მავნებლობის დასადგენად ექსპერტებმა ტოქსიკურობის ინდექსი განსაზღვრეს. ამისთვის, ფხვნილი  იხსნება  წყალში და მიღებულ ხსნარში ცოცხალ უჯრედებს ათავსებენ, რაც უფრო ადრე დაიღუპება უჯრედები, მით მეტად მომწამვლელია ფხვნილი.

სარეცხ საშუალებებზე ალერგიის დადგენა სპეციალური ტესტით არის შესაძლებელი, Patch ტესტი  კონკრეტულ ნივთიერებაზე ადამიანის მგრძნობელობას ადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g