LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ეშველება ლარს – ეროვნული ვალუტის გაუფასურების პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზები

239
lari

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. დღეის მდგომარეობით დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9507 ლარია. კომერციულ ბანკებში დოლარი 3 ლარი ღირს.

მიზეზებზე საუბრისას ეროვნული ბანკი საგარეო შოკსა და ტურისტების ნაკადის შემცირებაზე საუბრობს, პრემერი ამ ყველაფერს „ბოლოს განვითარებული მოვლენებსაც“ უმატებს, რომელშიც ტრადიციულად ალბათ, ისევ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები იგულისხმება. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ხელისუფლება ლარის გაუფასურებას აბრალებს ყველაფერს, გარდა საკუთარი თავისა. ამას ემატება ეკონომიკის მინისტრის უადგილო ხუმრობაც „თინეიჯერ ლარზე“ და ეს მაშინ, როცა ვიცით, რომ ყველა კვლევის მიხედვით მოსახლეობა მთავარ პრობლემად სიღარიბეს და უმუშევრობას ასახელებს, ყოველი მეხუთე ბავშვი კი სიღარიბის ზღვარს მიღმაა და შიმშილობს.

„ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცხადება ალბათ, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს და მგონი არ გვაქვს სასაცილოდ საქმე. ალეგორიული შედარებების დრო ახლა არ არის, მოქმედებების დროა. ბაზარი უნდა დაამშვიდოს ხელისუფლებამ. თუ ყველას ექნება მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, ეს მართლაც ასე მოხდება, ამის თავიდან ასაცილებლად რასაც აკეთებენ მსოფლიოში მთავრობები ეს არის მოლოდინების მართვა.მნიშვნელოვანია მათ დადონ დასკვნები, რომელიც იქნება სანდო ბაზრის მონაწილეებისთვის და შესტავაზონ საზოგადოებას მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზი, ეს დაამშვიდებს ბაზარს და უარყოფით მოლოდინს გადავაგორებთ.

რაც ლარის გაუფასურება დაიწყო, ჩვენ ხელისუფლებისგან ვხედავდით განტევების ვაცების ძებნას, ხან ქადაგიძეს ბრალდებოდა, ბოლოს საპროტესტო აქციებს და ნაციონალურ მოძრაობას დააბრალეს, ყველაფერს საკუთარი თავის გარდა,“– აცხადებს გიორგი კეპულაძე “ფორტუნასთან”.

ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზები 

ვალუტის გაუფასურება დაკავშირებულია როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიანი ფაქტორებთან. მოკლევადიანი ფაქტორი შეიძლება იყოს მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობა, გრძელვადიანი ფაქტორი კი ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკაა.

„მოკლევადიანი შეიძლება იყოს მაგალითად, ლირის გაუფასურება და უნდა ითქვას, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლირა მხოლოდ მყარდება. მოკლევადიან ფაქტორებს ფონად  ყოველთვის გრძელვადიანი ფაქტორები გასდევს, რაც არის სუსტი ეკონომიკური ზრდა და ცუდი ეკონომიკური პოლიტიკა, ეკონომიკური ხედვის არქონა. ყოველი ინიციატივა დღეს ამისკენ არის ბიძგი, რომ  შემცირდეს ეკონომიკის მოქნილობა.

ასეთი უამრავი ინიციატივაა: აქციზის გაზრდა, საბანკო რეგულაციების გამკაცრება, უცხოელებისთვის სასოფლო სამეურნეო მიწის მიყიდვის შეზღუდვა, ეს ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე, შესაბამისად ჩამოვედით დაბალი ეკონომიკური ზრდის პირობებში.  ეს ხდება იმიტომ, რომ ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას გასდევს ხაზი, რომ ხალხმა არ იცის, ჩვენ უნდა ჩავერიოთ, შევზღუდოთ და ა.შ“–ამბობს  “ფორტუნასთან” გიგა ბედინეიშვილი.

დაახლოებით ასეთივე მოსაზრება აქვს გიორგი კეპულაძესაც, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, მაგალითად, რეგულაციებთან პირდაპირ კავშირში არ არის ეროვნული ვალუტის გაუფასურება, მაგრამ არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა გავლენას ახდენს საზოგადოების მოლოდინებზე, რაც ეროვნულ ვალუტაზე აისახევა. ხოლო როგორია საზოაგდოების მოლოდინი უახლესი კვლევებით ნათლად ჩანს – ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 

გამოკითხულთა 40 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - NDI

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)-ის კვლევების თანახმად, გამოკითხულთა 40 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო, ძირითადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე, „როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო“, გამოკითხულთა 4 პროცენტი პასუხობს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, 25 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება, 22 პროცენტს მიაჩნია, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება. რვა პროცენტმა კი, დააფიქსირა პასუხი „არ ვიცი“. […]

„მნიშვნელოვანია, რომ განცდა იმის, რა გვეშველება ხვალ , არ ჰქონდეს საზოგადოებას. რადგან როცა ეს განცდაა, ადამიანები ფიქრობენ ნაკლები დახარჯონ და მეტი შეაგროვონ, ხდება დოლარის და ევროს აკუმულირება, რაც ზრდის მოთხოვნას დოლარზე. ჩვენი სავაჭრო ბალანსი ,მოგეხსენებათ, ისტორიულად უარყოფითია ისედაც, ექსპორტსა და იმპორტს შორის სხვაობას ვაბალანსებთ ტურიზმიდან შემოსულობებით, გზავნილებით, ინვესტიციებით. ინვესტიციების კუთხით ძალიან არასახარბიელოა სიტუაცია. ერთი მხრივ პრობლემაა სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც ნელა მუშაობს, მეორე მხრივ სასამართლო, რომელიც ხშირ შემთხვევაში ბიზნესისთვის ფაქტობრივად დამღუპველ გადაწყვეტილებებს იღებს და ყადაღებს ადებს მას.  პრობლემაა, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე ეკონომიკის აღმშენებლობა არ გამოვა,“– აღნშნავს გიორგი კეპულაძე.

გამოსავალი  

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში თუ დაინახავენ, რომ კურსის განვითარება გავლენას ახდენს ინფლაციაზე, ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებს. როგორც გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, ამ შემთხვევაში სებ–ის ინსტრუმენტი უნდა იყოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და არა რეზერვების დახარჯვა.

„ინფლაციის აღქმა იმაზე მძიმეა ვიდრე შეიძლება რეალურად გვაქვს: შესაძლოა, გაიაფდა მაგალითად, უძრავი ქონება, მაგრამ ის რაც ადამიანს უფრო სჭირდება, მაგალითად სურსათი, მედიკამენტები, საწვავი გაძირდა მნიშვნელოვნად. ამიტომ თუ ინფლაციური მოლოდინები კიდევ გაიზრდება, ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს და ამაში არ იგულისხმება რეზერვების გაყიდვა, რადგან ის უფრო ხშირად უკუშედეგს გვაძლევს. უნდა გამოიყენოს მონეტარული პოლიტიკის ინსტუმენტები, თუმცა, მყისიერი ეფექტი მას არ აქვს და გრძელვადიანია,“–განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

რეგულაციების მოხსნაში, საწვავზე აქციზის მკვეთრ დაწევასა და გადასახადების შემცირებაში ხედავს გამოსავალს გიგა ბედინეიშვილი. თუმცა, მოლოდინი, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს არ აქვს.

„რაც უფრო რეგულირებულია ეკონომიკა, ეს მით უფრო აწყობს მთავრობებს, რადგან ასეთ პირობებში უფრო წარმატებულია მსხვილი ბიზნესი წვრილი და საშუალო ბიზნესის ხარჯზე, ხოლო მსხვილი ბიზნესის წარმატება თუ საარჩევნო პერიოდს დავაკვირდებით, აწყობს ხელისუფლებას,სწორედ ისინი არიან ხოლმე მმართველი პარტიის შემომწირველები, ტრიალებს შავი და თეთრი ფული. 

მაგალითად, როცა საარჩევნოდ გზა კეთდება, ამ დროს შავ ფულიც ბრუნავს. ეს ასეა ყველგან. მთელ მსოფლიოში საჯარო სამუშაოები კორუფციის წყაროა და რა თქმა უნდა, ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა. დღეისათვის, ივანიშვილი ალბათ ფიქრობს, რომ ფულია ერთადერთი რაც არჩევნებს მოაგებინებს, მაგრამ ეს ჩაკეტილი წრეა, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება არც ამათი მოგონილია და წინა მთავრობაც არ აკლებდა ამ მხრივ,“– ამბობს ბედინეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g