LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფაქტორები იწვევს მშობელსა და შვილს შორის კონფლიქტს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

15

გადაცემის ლაივი LIVE

ბავშვის ჰარმონიული განვითარება მუდამ აქტუალური და ამოუწურავი თემაა. მშობლებისთვის საყურადღებო შვილებთან  კომუნიკაციის სირთულეები და მათი გამომწვევი მიზეზებია. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეონა ლომთაძე.

რას გულისხმობს კომინიკაციის სირთულეები?

მშობლები ზოგჯერ ბავშვის დაბადებამდე გეგმავენ მათ მომავალ ცხოვრებას, იყალიბებენ მოლოდინებს, წარმოიდგენენ მათთვის სასურველ სცენარს და ცდილობენ ბავშვის მის მიხედვით აღზრდას. ცხადია, მსგავსი მიდგომა წარუმატებლობისთვისაა განწირული და ფრუსტრირების, იმედგაცრუების, კონფლიქტების გამომწვევი ხდება. მიზეზი კი, შვილის პიროვნების, ინდივიდუალიზმის უარყოფაა. არადა, აღიარების მოთხოვნილება ადამიანის მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალაა. მხოლოდ საკუთარი სცენარი, ხშირად მშობელს ხელს უშლის კარგად გაიცნოს საკუთარი შვილი, მისი პიროვნული თვისებები, გემოვნება, თუ ინტერესები. განსაკუთრებით იძაბება ურთიერთობა მოზარდობისას, რომელსაც გარდატეხის ასაკს შემთხვევით არ უწოდებენ. მოგვეხსენება, ადამიანის განვითარების ამ რთულ, უმნიშვნელოვანეს პერიოდში უფროსებისგან დიდი კორექტულობა, მოთმინება და მხარდაჭერა ესაჭიროება მოზარდს. საკუთარი თავის ძიება, თვითდამკვიდრების მცდელობა და „მე“ -ზე აქცენტი, გარემო კომუნიკაციებისადმი ინტერესის ზრდა, ისედაც ცვლის ოჯახურ ურთიერთობებს. მოზარდები ხშირად საკუთარ თავში იკეტებიან და ამ დროს მშობლის მხრიდან ურთიერთგაგებას და მეგობრულ, ნდობით დამოკიდებულებას ორმაგი მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ მოთხოვნებით, საჭიროებებით და კონტროლის სურვილით ურთიერთობის მცდელობა ხელს უშლის მშობელს შვილთან ჰარმონიულ ურთიერთბაში. დაძაბული კომუნიკაცია კი, მოზარდის საპროტესტო განწყობას ზრდის, უბიძგებს გაერიდოს არასასურველ გარემოს. მუდმივი კონტროლი, უკამაყოფილება, ემოციური სიცივე, ან გადაჭარბებული მზრუნველობა შვილის დამოუკიდებელ, ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბას უშლის ხელს და „სოციალური იმპოტენციის“ გამომწვევია. ბავშვს უძნელდება სოციუმთან ადაპტაცია თვითდაურწმუნებლობის გამო.

მშობელი ზოგჯერ გაუცნობიერებლად ესწრაფვის საკუთარი არარეალიზებული სურვილები შვილმა განახორციელოს…

ეს თრგუნავს შვილს და საკუთარი ინტერესების გამოვლენაში უშლის ხელს. ხშირია, მეუღლეებს შორის დაძაბული ურთიერთობის შედეგად, შვილით მანიპულირება, მასზე აგრესიის გადატანა, ემოციური სიცივე, ან ზემზრუნველობა. აღსანიშნავია, მიჯაჭვულობის თემაც, რაც ძაბავს მშობლისა და შვილის ურთიერთობას. ზოგჯერ, მშობლი ცდილობს ემოციურად მიიჯაჭვოს შვილი, მაგ; მარტო დარჩენის შიშის გამო, რაც ხელს უშლის დამოუკიდებელი, ემოციურად სტაბილური, სოციალურად რეალიზებული პიროვნების ჩამოყალიბებას.

რას ნიშნავს არარეალიზებული მშობელი?

არარეალიზებული მშობელი, რომელიც მხოლოდ შვილის ცხოვრებით ცდილობის ცხოვრებას, ხშირად მოლოდინების მაღალ თამასას უყენებს მას, მისაბაძ მაგალითად კი, ვერაფერს სთავაზობს. ზემოთქმული, ხშირად შვილის აგრესიული ქცევის გამომწვევია. ზოგჯერ, მშობელს უძნელდება საკუთარი ხასიათის თვისებების ზეგავლენის გაცნობიერება და მათი კონტროლი, მაგ; მშობელი მაღალი შფოთვის დონით, რომელიც კრიტიკულობით გამოირჩევა, არ აღიარებს შვილის ინდივიდუალობასა და ნაკლოვანებებს, იწვევს კონფლიქტურ დამოკიდებულებას, ან ემოციურ სიცივეს; შვილი ხდება აგრესიული, ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი. მნიშვნელოვანია, მშობელმა კარგად გააცნობიროს საკუთარი ზეგავლენა შვილის ჰარმონიულ განვითარებაზე, რაც ამავდროულად, გულისხმობს, საკუთარ თავთან მუშაობას, პრობლემის გაცნობიერებასა და ქცევის კორექციას. ამიტომაცაა, რომ ბავშვთან, მოზარდთან ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის მუშაობა ავტომატურად გულისხმობს მშობელთან, ოჯახთან მუშაობას.

7 რჩევა თეონა ლომთაძისგან:

1.აუცილებელია შვილის დამოუკიდებელ პიროვნებად აღქმა;

2.უნდა შეგეძლოთ შვილის ინდივიდუალური, პიროვნული მახასიათებლების დანახვა და აღიარება;

3. მნიშვნელოვანია ბავშვის პიროვნების, ინტერესების პატივისცემა;

4.მშობელი უნდა ცდილობდეს მეგობრული, თანამშრომლობითი, ნდობითი ურთიერთობის აგებას;

5.საჭიროა მშობლების ინფორმირებულობა ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი მახასიათებლების შესახებ და თვითკრიტიკულობა, თვითკორექცია;

6. სიყვარულისა და ზრუნვის შვილის ასაკის შესაბამისი, ადექვატური გამოხატვა უნდა შეძლოთ;

7. საჭიროებისამებრ, ფსიქოლოგთან კონსულტაცია არ დაგავიწყეთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები