LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ აისახება სექსუალური განათლების არ ქონა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1010
როგორ აისახება სექსუალური განათლების არ ქონა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე - 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ აისახება სექსუალური განათლების არ ქონა ადამიანების ცხოვრების ხარისხზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ლიზი ქათამაძემ ისაუბრა. 

რას გულისხმობს სექსუალური განათლება?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელზეც დამოკიდებულია ადამიანის კეთილდღეობა არის მყარი და ჯანსაღი პარტნიორული ურთიერთობა. ეს მოიაზრებს სექსუალური ცხოვრებით კმაყოფილებასაც. ისეთ ქვეყნებში სადაც განათლების დონე ძალიან დაბალია და არსებობს  ბევრი ტაბუირებული საკითხი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის, ხშირად ვაწყდებით ფიზიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ პრობლემებს, რომლებიც ცხადია სქესობრივ ცხოვრებასაც ზიანს აყენებს.  ფსიქოლოგიური და სექსუალური განათლების არ ქონა მნიშვნელოვნად აუარესებს სექსუალური ცხოვრების ხარისხს, რადგან ზიანი ადგება მენტალურ ჯანმრთელობას.

სექსუალური განათლება არ გულისხმობს  მხოლოდ სექსუალური აქტის ან რეპროდუქციის შესახებ ინფორმაციას, ეს მოიცავს საკუთარი სხეულის შეცნობას, ემოციური კავშირის მნიშვნელობის გაგებას, სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის პრევენციას, სექსუალური გზით გადამდები დაავადებების და არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას.  ეს არის საჭირო ინფორმაცია, რომლის ფლობაც წინაპირობაა ჯანსაღი სექსუალური ცხოვრებისა. 

რას უწყობს ხელს სექსუალური განათლება?

ზრდასთან ერთად ახალგაზრდა ადამიანები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების წინაშე დგებიან, რომლებიც ეხება ურთიერთობებს, სექსუალობას და სექსუალურ ქცევას. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. სექსუალური განათლება მნიშვნელოვანია, ჯანსაღი გადაწყვეტილების მისაღებად, გვეხმარება მივიღოთ ინფორმაცია სხეულის აგებულების, ურთიერთობების, სექსუალობის და სექსუალური ქცევის შესახებ.  

წელს დავამთავრე კვლევაზე მუშაობა, რომელიც ეხება პირველ ტრავმულ სექსუალურ გამოცდილებას, კვლევამ აჩვენა რომ პირველი სექსუალური აქტის ტრავმულობის ერთ-ერთი მიზეზი არასწორი სექსუალური განათლება ან ძალიან დაბალი ცნობიერებაა ამ საკითხში. 

ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: „რა ასაკიდანაა რეკომენდებული სექსუალური განათლების მიწოდება ბავშვებისთვის“, განსაზღვრული ასაკი არ არსებობს, ადამიანის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე, ინფორმაციის მიწოდებას ვიწყებთ მაშინ როდესაც ბავშვს უნდება კითხვა „როგორ დავიბადე ? „ ცხადია ეს უნდა მოხდეს მათთვის გასაგები, პოპულარული ენით და მათზე მორგებული მიდგომით, ტყუილის გარეშე. ასაკის მატებასთან და მეტი კითხვების გაჩენასთან ერთად იზრდება მეტი ინფორმაციის მიწოდების საჭიროებაც.  თუ რა ფორმით და რა დოზით უნდა მივაწოდოთ ბავშვებს ამის შესახებ სწორი ინფორმაცია, ამისთვის შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ მსოფლიო გაიდლაინებით, ასევე ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ფსიქოლოგთან, სექსოლოგთან, გინეკოლოგთან თუ უროლოგთან  კონსულტაციით.