LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ კვებას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

830
მედეა-გელდიაშვილი

როგორ გავუმკლავდეთ ემოციურ კვებას – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ კლინიკური ფსიქოლოგმა, ფსიქოთერაპევტმა მედეა გელდიაშვილმა ისაუბრა. 

რით არის განპირობებული კვებითი ჩვევის დარღვევა?

კვებითი ჩვევის დარღვევა მულტიფაქტორული მიზეზებითაა განპირობებული: გენეტიკური წინასწარ განწყობა, ფსიქო-სოციალური, კულტურული ფაქტორები გავლენას ახდენენ კვებითი ქცევის ჩამოყალიბების პროცესზე. ემოციური კვება, როგორც ერთ-ერთი არაცნობიერი და არაჯანსაღი რეაქცია სტრესზე, მძაფრ ემოციებზე, რომელსაც მიმართავენ სტრესის მდგომარეობაში, მაშინ როდესაც შინაგანი წონასწორობა ირღვევა, სიამოვნების განცდის შესაძლებლობა იკლებს არის – ემოციური კვება. ამ პრობლემის რეგულარულობა იწვევს პრობლემის არსებობის უარყოფას,  მიუღებლობას, ფსიქოსომატურ სიმპტომებს, კვებით დარღვევასა და კვებით დამოკიდებულებას, ჭარბ წონას. 

რა დროს მიმართავენ ადამიანები ემოციურ კვებას?

ემოციური კვება, როგორც სტრესთან გამკლავების მექანიზმი, გულისხმობს ნეგატიური ემოციების გავლენის ქვეშ კვებას: ბრაზის, შიშის, აგრესიის, სევდის, სირცხვილის, ზიზღისა და დანაშაულის განცდის მდგომარეობაში. მაგრამ ამასთანავე პოზიტიური შინაარსის ემოციებიც, როგორებიცაა: ბედნიერება და სიხარული ფიზიოლოგიურ პროცესებს აღძრავს, ადამიანს ეწყება სუნთქვის გახშირება ან უკმარისობა, ოფლდენა, გულის რითმის აჩქარება, მიუხედავად დადებითი მახასიათებლისა ხშირად პიროვნებას სჭირდება მდგომარეობის გადამუშავება, სიმშვიდისა და წონასწორობის აღდგენა.

არც თუ ისე იშვიათად ზოგიერთი ადამიანი ფიზიოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით მძაფრ ემოციებს ყოველდღიურად განიცდის – შიში, ბრაზი, აგრესია, სირცხვილი, სევდა, წყენა შესაბამისად, ემოციური კვება, ყოველდღიურობაში იმკვიდრებს თავს. 

ემოციური კვება ნიშნავს გამოიყენო საკვები კომფორტის შესაქმნელად, საჭმლის გზით განერიდო დაქვეითებულ გუნება-განწყობასა და სევდას. როდესაც ადამიანი ირაციონალურად იკვებება ეს არის ერთგვარი მცდელობა, რომ თავი უკეთ იგრძნოს მან.  საკვების გზით სიამოვნების მიღება დრო და დრო ეს ადამიანის ცხოვრების ნაწილი ხდება. კვება ბაზისური მოთხოვნილებაა და მეტიც, სიცოცხლის უნარიანობისთვის უპირველესი წინაპირობა. ჭარბი კვება ირაციონალურ შინაარსებს მოიცავს. არაჯანსაღი საკვები მძაფრი და ხშირად მძიმე გემოვნური თვისებებით გამოირჩევა, რაც ადამიანისთვის ემოციური მდგომარეობის ფონზე უფრო მეტად მისაღები ხდება. როდესაც რეგულარულად მიმართავს იგი ამ მექანიზმს კარგავს კონტროლის უნარს და ქცევა სულ უფრო და უფრო დომინანტური ხდება. 

ძალიან ხშირად სტრესის მდგომარეობაში ადამიანი იწყებს ჭამას, რათა გააჩუმოს საკუთარი თავი, დააკავოს, რომ არ გამოხატოს ესა თუ ის ემოცია და არ გამოიწვიოს დისკომფორტი გარემოში. შესაბამისად იმ დროს, როდესაც პიროვნებას აქვს საჭიროება გამოხატოს საკუთარი შინაგანი განცდები, დააფიქსიროს პოზიცია და გაუწიოს წინააღმდეგობა გარემოს, ნაცვლად ამისა იწყებს საჭმლის ძიებას და კავდება კვებით. 

მნიშვნელოვანია გავარჩიოთ ემოციური შიმშილი ფიზიოლოგიური შიმშილისაგან.  როდესაც ადამიანს ემოციური შიმშილი აქვს საჭმლის მიღების მოთხოვნილების იმპულსი უჩნდება, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს მისგან დაკმაყოფილებას. ხშირად ვერ ახერხებს სუბიექტი შეარჩიოს თავისი განწყობისა და გემოვნების მიხედვით საკვები, რადგან ქცევა იმპულსურია და შესაძლოა მიირთვას ის, რაც ხელთ მოხვდება. ემოციური შიმშილის დროს დანაყრებულობის მდგომარეობას ადამიანი ვერ აფიქსირებს. როგორც წესი იგი ჭამს უკონტროლოდ, არ შეუძლია დააკვირდეს საკუთარ იმპულსებს, სხეულებრივ შეგრძნებებს.

არსებობს გარკვეული ტენდენციები, რომლებიც ემოციურ კვებასა და კვებით დამოკიდებულებაზე მიუთითებს: ჭამა, როდესაც რეალურად შიმშილის შეგრძნება არ აქვს ადამიანს ან პირიქით შესაძლოა დანაყრებულად გრძნობდეს თავს, რომელიმე კონკრეტული საკვების მიმართ განსაკუთრებული მიდრეკილება და ხშირი მოთხოვნილების გაჩენა, დიდი ოდენობით თანხის დახარჯვა ყოველდღიურად საკვებში, დანაყრების შეგრძნების არ არსებობა ჯანსაღი და სათანადო ულუფის მირთმევის შემდგომ, პირის ღრუს მაქსიმალურად შევსება საჭმლით, ემოციური სიამოვნების, სიმშვიდის შეგრძნება კვების პროცესში, სტრესულ სიტუაციაში ჭამა, საკვების მირთმევა განმარტოებით, აკვიატებული სურვილი კერძების მზადების.

ადამიანი, რომელიც ჭარბად იკვებება ძირითადად აქცენტს აკეთებს არაჯანსაღ საკვებზე – მაღალკალორიული, ცხიმოვანი და დიდი ოდენობით შაქრის შემცველი საკვების ჭამას იწყებს. ეს პროცესი კი თავის მხრივ აფერხებს წონაზე კონტროლს. თუმცა ადამიანს აქვს პოტენციალი გაუმკლავდეს და შეცვალოს კვებითი მავნე ჩვევები.

ემოციური კვება ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი დამოკიდებულება თუ მავნე ჩვევა, არის ქცევა, რომელიც განვითარდა პათოლოგიური, არაჯანსაღი მიმართულებით. ფსიქოთერაპია ფოკუსირებულია დაეხმაროს ადამიანს არსებული ქცევითი ტენდენციების გაცნობიერებაში. ზოგიერთი ადამიანი განსაკუთრებით მოწყვლადია ცხოვრებისეული სირთულეებისადმი და ამგვარ სტრესულ მოვლენებს ხშირად პასუხობს არაჯანსაღი სტრატეგიით. ასევე არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი ურესურსო მდგომარეობაშია, არ შეუძლია ფუნქციონირება, არ აქვს უნარი შეამჩნიოს გარშემო არსებული მნიშვნელოვანი და ამავე დროს სასიკეთო, სასიამოვნო სტიმულები თუ მოვლენები. ამგვარ მდგომარეობაში ხშირად ცდილობენ ირეალურ სამყაროში გადასვლას ან რაიმე მიმართულებით სიამოვნების მიღებას – მაგალითად ჭამის გზით. ასეთ რეალობაში ხშირად პიროვნება ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს, საიდანაც გამოსასვლელი თითქოს არ არსებობს, რამეთუ არ აქვს გაცნობიერებული აწმყო იგი ვერც ხედავს ალტერნატიულ გამოსავალს.  ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს საკითხის გადაჭრისათვის აუცილებელი რესურსის თუ ქმედითუნარიანობის დაქვეითებას, პასუხისმგებლობის აღების გადავადებას, გამოსაკვლევია და ჯანსაღი მექანიზმით ჩანაცვლებას მოითხოვს, რათა ადამიანი დროთა განმავლობაში ერთი ორად არ დაზიანდეს. კვებითი დარღვევების მქონე კლიენტებთან ფსიქოთერაპიული ინტერვენციის პროცესში ართტთერაპია ეფექტურად გამოიყენება. იგი ადამიანისთვის ქმნის შესაძლებლობას- გამოხატოს გამოუთქმელი და ჯერ შეუცნობელი რამ. არტ-თერაპია ეხმარება კლიენტს/პაციენტს უსაფრთხოდ გააცოცხლოს, გადმოსცეს საკუთარი სურათ-ხატები, სურვილები, სევდა, შიში, ბრაზი. სურათ-ხატები გადმოსცემენ შეკავებულ ემოციებს, ადამიანისთვის დეფიციტურ ნაწილს გამოკვეთენ და მათი გამოყენება თერაპიულ მუშაობაში ამარტივებს საკითხის გაცნობიერებას პიროვნებისთვის. 

როდესაც ემოციური კვების ეპიზოდები ინტენსიურად მეორდება მნიშვნელოვანია თვითკონტროლი და თვითდახმარება:

  • კვების დღიურის წარმოებისას – სუბიექტმა უნდა ჩაწეროს რას ჭამს, რამდენს ჭამს, როდის ჭამს, როგორ გრძნობს თავს ჭამის დროს და რამდენად უკმაყოფილდება შიმშილის შეგრძნება. დროთა განმავლობაში შესაძლოა მოხდეს მნიშვნელოვანი კავშირის აღმოჩენა ჭამასა და ემოციურ მდგომარეობას შორის; 
  • რელაქსაციური/ღრმა სუნთქვა – რთულ, შფოთვის ან სტრესის მდგომარეობაში მყოფ ადამიანს ეხმარება შეჩერდეს და დააკვირდეს თავის თავს, ჩაისუნთქოს ცხვირით, ფილტვებში გააჩეროს ჰაერი რამდენიმე წამის განმავლობაში და შემდგომ პირით ამოისუნთქოს. ეს პროცესი იმპულსურ ქცევას გადაავადებს;
  • რეალური შიმშილის დადგენა – განსხვავება ემოციური და ფიზიოლოგიური შიმშილისა;
  • მხარდაჭერის თხოვნა – ადამიანები, რომელთაც არ აქვთ ჯანსაღი მხარდაჭერა, გაცილებით ხშირად მიმართავენ საკვებს, როგორც მხარდამჭერს და ურთიერთობის დანაკლისის შემავსებელს;
  • ქცევის შეცვლა – სტრესის დროს ჭარბი კვების ნაცვლად ჰაერზე სეირნობა, იმგვარი აქტივობის განხორციელება, რომელიც ადამიანს ხელეწიფება და თან სიამოვნების მომგვრელი იქნება მისთვის;
  • ემპათია საკუთარი თავისადმი – თუ ადამიანს აქვს ემოციური კვების ეპიზოდი, მნიშვნელოვანია საკუთარი თავის პატიება. ნაცვლად დასჯისა და გაბრაზებისა. ადამიანი უნდა ეცადოს ისწავლოს გამოცდილებიდან იქამდე სანამ არ გადალახავს ქცევით სირთულეს. დამხმარე საშუალებაა ასევე გეგმის დასახვა.