LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ყალიბდება ადამიანი ინდივიდად – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

642
ვერიკო-გოჯიაშვილი

როგორ ყალიბდება ადამიანი ინდივიდად – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ვერიკო გოჯიაშვილმა ისაუბრა.

როგორ ყალიბდება ადამიანი ინდივიდად?

ადამიანი იბადება ინდივიდად და ზრდასთან ერთად ის ნელ-ნელა ხდება წევრი. ჯერ ხდება იმ ოჯახის წევრი, რომელშიც დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ ერთიანდება ნათესავებთან, შემდეგ საბავშვო ბაღის ჯგუფთან, კლასთან… ამ დინამიკაში ის თანდათან ხდება სოციუმის წევრი და აკეთებს მიკუთვნებულობას სხვადასხვა ჯგუფის ადამიანებთან, რომელიმე საერთო ნიშნის ან ნიშნების, ან ინტერესების მიხედვით. ჩვენ სოციუმში ვერთიანდებით სხვადასხვა თემებით, მივეკუთვნებით ამა თუ იმ ჯგუფს ასაკის, ეროვნების, ენის, რელიგიის, პროფესიის, ჰობის და უამრავი სხვა ნიშნის საფუძველზე. თუმცა ჩვენ დავიბადეთ ინდივიდად და ეს ინდივიდუალიზმი ძალიან მნიშვნელოვანია.

ადამიანს თავის სრულყოფილებისთვის სჭირდება ინდივიდუალიზმის განცდაც და სოციუმში ინტეგრირებაც. გადაჭარბებული ინდივიდუალიზმი წარმოშობს ჩაკეტილობას, თვითიზოლაციას და აუტიზმის ნიშნებს და გადაჭარბებული სოციალურობა ახდენს მის მასაში გათქვეფას, შერწყმას და დაკარგვას.

გამოდის, რომ ორივე მათგანი ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ მოვახერხოთ და შევძლოთ ერთდროულად ჰარმონიულად ვიყოთ ინდივიდებიც და სოციუმის წევრებიც.

რაც შეეხება მასობრივ და ინდივიდუალურ აზროვნებას, აქაც იმავეს თქმა შეიძლება. სრულფასოვანი ადამიანი აუცილებლად უნდა ეცნობოდეს სოციალურ რეალობაში, აზრებში. ნათქვამია, სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო, თუმცა თუ ეს ქუდი მისთვის ძალიან დიდი ან ვიწროა, მიუღებელია და ვერ მოირგებს, არ შეიძლება მხოლოდ იმიტომ აიტანოს და ატაროს, რომ იქაურია.

როგორ შევინარჩუნოთ ინდივიდუალიზმი?

ჩვენ არასდროს არ უნდა დავკარგოთ საკუთარ თავში ინდივიდი და ჩვენი ინდივიდუალური აზრი. ფიქრი, აზრი, გეგმა, ცხოვრების წესი არის ის, რაც ქმნის ჩვენს ცხოვრებას და თუ გვინდა ჩვენი ცხოვრება იყოს ჩვენი და არა სხვისი, ვიღაცის, ნათესავის, მეზობლის, თუნდაც მშობლის, საკუთარი აზრი უნდა ვიქონიოთ და სხვისი აზრი, რჩევა, გამოცდილება შეიძლება მხოლოდ გავითვალისწინოთ.

რამდენადაც ადამიანები იქნებიან ძლიერი და მყარი ინდივიდები, იმდენად ისინი შექმნიან ძლიერ სოციალურ ველს და ძლიერ სამყაროს. მაინც ყველაფერი იწყება ინდივიდიდან.

როდესაც სოციუმში არ არიან ინდივიდები, ასეთი სოციუმი იქცევა მასად, ბრბოდ, სადაც გამორჩეული აზრი, კამათი, შეთანხმება არ არსებობს, შემოგდებული აზრი უპირობოდ, განუხილავად მიიღება, ძალიან ადვილია გავლენის მოხდენა და მართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები