უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს „მინისტრის ფორმატში“ უსმენენ. დეპუტატები კითხვებს უსვამენ.
მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ კითხვა დაუსვა უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა.
„ჩვენ ვიხილეთ კადრები, რაც გავრცელდა პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით და რომ გითხრათ რომ ვინმეში კმაყოფილებას იწვევს ეს, ალბათ, არა, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ არც თქვენში და არც არავისში. თუმცა სულ ორი გზაა იქ – ერთი, რომ იმ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიდის რაღაცნაირი სიმულაცია, ან მეორე – ეს პატიმარი არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში.
პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, მეორეში, მაინტერესებს – თუ ნამდვილად ასეთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს მას, მძიმე, თუ მიდის ამ კუთხით კვლევა, თუ აქვს დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებს, ფსიქოლოგებს და რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს. მე მესმის, რომ პერსონალური მონაცემებია და ამას აქ ვერ მეტყვით, მაგრამ ნუ შეფასება თუ არის სათანადო გაკეთებული, “- მიმართა მან რატი ბრეგაძეს.
პარლამენტის დეპუტატი ლადო კახაძე იუსტიციის მინისტრის მოსმენაზე გამოვიდა ინიციატივით, რომ მიხეილ სააკაშვილის მნახველებიც შეამოწმონ მოწამვლაზე.
„რაც შეეხება მოწამვლას – ამ დარბაზშიც იყო მოწამვლა, ჩვენ არ ვიცოდით, ის ადამიანი შემოიტანდა თუ არა საწამლავს. 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავს, მე მაქვს წინადადება, ამ ადამიანების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებისა, შევამოწმოთ მათი ფრჩხილები და თმები, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული, რომ მცდელობა იყოს გაუკუღმართების“, – განაცხადა მან.
გარდა ამისა, კახაძეს ინიციატივა ჰქონდა, რომ სააკაშვილის დიაგნოზზე ყველა მხარეს საჯაროდ ემსჯელათ და ერთად დაესვათ დიაგნოზი.
„ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს ჰკითხა, რა უჯდება საქართველოს მოსახლეობას სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა.
„რა უჯდება საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა? – 400 დღის წინ ეს ადამიანი შემოვიდა იმისთვის, რომ დაერბია ჩვენი ქვეყანა და მიუხედავად იმისა, რომ მან მხოლოდ საკუთარი პარტია დაარბია, ეს კითხვა ძალიან აქტუალურია“, – იკითხა რატი იონათამიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის დროს კატასტროფა ხდებოდა ციხეებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შურისძიების რეჟიმში გადაიყვანოთ მთელი საზოგადოება იმ კადრების ჩვენებით, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ის იყო, რომ აჩვენოთ ყველას, როგორ ასრულებთ ერთი ადამიანის ბრძანებებს, – ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ იუსტიციის მინისტრს.
სამნიძემ ბრეგაძეს მოუწოდა, „მდარე ცინიზმის“ გარეშე უპასუხოს კითხვას, თუ როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ ჰკითხა, „რომელმა ნორმამ მისცა მას უფლება, რომ დაერღვია პატიმარი სააკაშვილის ღირსების უფლება“.
„მართლმსაჯულების წინაშე წარდგომამდე, დღეს რომ გაივარჯიშოს მინისტრმა და გვითხრას, გვიპასუხოს, აქ, ტრიბუნიდან, საერთაშორისო კანონმდებლობის ან ჩვენი ქვეყნის რომელმა ნორმამ მისცა მას უფლება, რომ დაერღვია პატიმარი სააკაშვილის ღირსების უფლება, კარგი იქნება“, – იკითხა სალომე სამადაშვილმა.
ამასთან, სალომე სამადაშვილი რატი ბრეგაძისგან დაინტერესდა, მოისმინოს, თუ რატომ არ უტარდება მიხეილ სააკაშვილს ექსპერტიზა იმ აზრის დასაზუსტებლად, არის თუ არა ის მოწამლული.
იუსტიციის მინისტრი ამ კითხვებზე პასუხს მოგვიანებით გასცემს, მანამდე ისევ უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვებით გრძელდება პლენარული სხდომა.
„მაგ უზრდელობაზე როგორ გიპასუხო, ქალი ხარ“ – იუსტიციის მინისტრი ანი წითლიძეს