29 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემის „პულსის“ სტუმარმა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ნონა ბერაძემ ევროპის იმუნიზაციის კვირეულზე ისაუბრა, რომელიც 24-30 აპრილს აღინიშნება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ.
– ქალბატონო ნონა, წელს იმუნიზაციის კვირეულის სლოგანია „დიდხანს სიცოცხლე ყველას“, რაც ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის გაზრდას, ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფას გულისხმობს საინტერესოა, რა კავშირი აქვს იმუნიზაციას დიდხანს სიცოცხლესა და ჯანსაღ ხანდაზმულობასთან?
– ევროპის იმუნიზაციის კვირეულის წლევანდელი სლოგანი მართლაც ყველასთვის ერთნაირი პირობების შექმნას და ჯანსაღ ცხოვრებას გულისხმობს. ბავშვთა იმუნიზაციის კალენდრის გარდა, საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ზრდასრულთა იმუნიზაციაც, რაც ხელს უწყობს ჯანმრთელობის შენარჩუნებას. აღსანიშნავია, რომ გრიპის ვაქცინას, რომელიც სეზონურად კეთდება, სახელმწიფო აფინანსებს განსაკუთრებული რისკ-ჯგუფებისა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებისთვის განურჩევლად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. 2021 წელს ხანდაზმულთათვის კიდევ ერთი – პნევმოკოკური ვაქცინა დაწესდა, რომელიც 65 წელს ზემოთ ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვისაა განკუთვნილი. სამწუხაროდ, ინფორმაცია ახალ ვაქცინაზე ნაკლებად იქნა მიწოდებული საზოგადოებისთვის, რადგან ბოლო ორი წლის მანძილზე ჯერ კოვიდ პანდემიამ, მერე ვაქცინაციამ გადაფარა ყველა თემა.
– კონკრეტულად რა დანიშნულება აქვს პნევმოკოკურ ვაქცინას და რა კატეგორიის ადამიანებისთვისაა განკუთვნილი?
– პნევმოკოკური ინფექცია პირველ რიგში ხანდაზმულებსა და ბავშვებში იწვევს პნევმონიას. ბავშვები დიდი ხანია მსგავსი ვაქცინით სარგებლობენ, უფროსებისთვის კი, გასული წლიდან გახდა ხელმისაწვდომი. ვაქცინა პნევმონიების პროფილაქტიკისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ პირველ რიგში მათ უნდა გაიკეთონ, ვისაც იმუნური სისტემის დამთრგუნველი ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ.
– რამდენად შეაფერხა კოვიდ-პანდემიამ ფართომასშტაბიანი იმუნიზაცია?
– იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მოქმედებს, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით სრულადაა გამართული და მეტად ეფექტურია. რა თქმა უნდა, პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება, თუმცა კოვიდმა ყველა სხვა პრობლემა დაგვავიწყა. ჯანმოს მონაცემებით 2020 წელს 23 მილიონი ბავშვი დარჩა აუცრელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მსგავსი მონაცემები დაფიქსირდა 2009 წელსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ პანდემიამ მთელი 10 წლით დაახევინა უკან გლობალურ იმუნიზაციას. რაც შეეხება საქართველოს – 2020 და 2021 წლების მონაცემების 2019 წელთან შედარებით – ჩვენ 10 პროცენტიანი კლება გვაქვს.
– თქვენი აზრით, მხოლოდ პანდემიის ბრალია მსგავსი კლება, თუ მოსახლეობას არ აქვს ვაქცინის ნდობა?
– მთავარი მიზეზი კოვიდი და პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებია, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ვიზიტები სამედიცინო დაწესებულებში. ვფიქრობ, პრობლემა მარტივად გადაიჭრება, როცა საბოლოოდ დასრულდება პანდემია და ისევ ძველი ცხოვრების წესს დავუბრუნდებით. ჩვენი მთავარი სატკივარი დღეს ადამიანის პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაა, რომელიც ჯეროვნად არ დაფასდა და უამრავი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. მართალია, ბევრი ამტკიცებს, თითქოს ვაქცინა უშვილობას იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა, რადგან სწორედ საშვილოსნოს ყელის კიბოსთან ბრძოლისთვისაა ვაქცინა განკუთვნილი.
– რა ასაკში უნდა აიცრან გოგონები პაპილომა-ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და რამდენად მნიშვნელოვანია ასაკობრივი ზღვარის დაცვა?
– ვაქცინა ნებისმიერ ასაკში მისაღებია. თუმცა, სხვადასხვა ასაკში კურსიც განსხვავებულია.
– რამდენად აუცილებელია იმუნიზაციის პოლიტიკური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან?
– ზოგადად, იმუნიზაცია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მედპერსონალის პროფესიონალიზმთან ერთად, გამართული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის საშუალებებიც საჭიროა, რაც სახელმწიფოს პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. საბედნიეროდ, 2015 წლიდან მუდმივად იზრდება სახელმწიფოს ფინანსური დახმარება. მაგალითად, ბოლო წლებში სახელმწიფო პროგრამით ისეთი ძვირადღირებული ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი, როგორიც სექსავალენტური ვაქცინაა.