საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. საქართველო ჯერჯერობით უმკლავდება პანდემიას, მაგრამ მეზობელ სახელმწიფოებში შექმნილი მდგომარეობა, სავარაუდოდ, საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება, რადგან სწორედ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდიოდა ქვეყანაში ყველაზე ბევრი ტურისტი.
შექმნილი მდგომარეობის გამო კი ჩვენი სახმელეთო მეზობლები წელს საქართველოში დასვენებას ვერ მოახერხებენ.
სომხეთში ყოველი მეოთხე კორონავირუსით არის დაინფიცირებული. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი საუბრობს. „კორონავირუსზე ტესტი უკვე ყოველ მეოთხე ადამიანზე დადებით პასუხს აჩვენებს“, – აცხადებს არსენ ტოროსიანი.
ბოლო მონაცემებით, სომხეთში ინფიცირების 14 669 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 245 გარდაიცვალა.
ლეტალური შემთხვევების ზრდის ტენდენციაა აზერბაიჯანში, სადაც ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 8 ათასზე მეტია, 108 პაციენტი კი გარდაიცვალა.
რთული ეპიდოლოგიური მდგომარეობაა რუსეთში. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ მოსკოვში 49 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 500 ათასს გადააჭარბა. ქვეყანაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 6 500 გადასცილდა. ამის მიუხედავად შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილება მიიღეს.
16 ივნისიდან გაიხსნება კაფეები და სალონები. გადაწყვეტილებას მოსახლეობა სიხარულით შეხვდა.
რთული სიტუაციაა თურქეთში, თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ პიკი გადალახეს და სიტუაცია თანდათან სტაბილურდება.