რა მთავარი გამოწვევებია შაქრიანი დიაბეტის მართვაში საახალწლო პერიოდში და რა ფსიქოლოგიური პრობლემები აწუხებთ დიაბეტით დაავადებულ პაციენტებს- „პულსს“ საინტერესო თემებზე ენდოკრინოლოგი ნინო ჯიქურაული და ფსიქოლოგი ნუცა ჩაჩიბაია ესაუბრნენ…
–ნინო ,მოდით პირველ შეკითხვას თქვენ დაგისვამთ. რასაკვირველია, ეს ალბათ მეტ–ნაკლებად ყველამ იცის, მაგრამ მაინც რა დაავადებაა შაქრიანი დიაბეტი, რა რისკების მატარებელია და რა არის რისკ–ფაქტორი იმისა, რომ შაქრიანი დიაბეტი განვითარდეს?
ნინო ჯიქურაული: პირველ რიგში, მადლობა მოწვევისათვის. შაქრიანი დიაბეტის შესახებ თითქოს ყველამ ყველაფერი იცის,თუმცა სინამდვილეში ხშირად ინფორმაცია ან არასრულად არის მიწოდებული, ან უარყოფილია. შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც ინსულინი სისხლში არსებობს, თუმცა იგი შაქრის ბალანსირებას ვერ ახდენს. ამ შემთხვევაში ჩვენ ტიპი 2 შაქრიან დიაბეტზე ვსაუბრობთ. ადრე ითვლებოდა, რომ ტიპი 2 დიაბეტი ძირითადად შეიძლება განვითარდეს 45 წლის ასაკიდან, თუმცა დღეისათვის ეს ზღვარი წაშლილია, დაავადება შესაძლოა პედიატრიულ ასაკშიც კი განვითარდეს. რისკ ფაქტორებს წარმოადგენს გენეტიკური ფაქტორი, თანამედროვე ცხოვრების წესი, ძილის წესის დარღვევა, არასწორი კვება და ა.შ. სიმსუქნე ნომერ-პირველი რისკ ფაქტორია ტიპი 2 დიაბეტის განვითარების. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ცხოვრების წესში არ ზის ფიზიკური აქტივობა, რაც კიდევ უფრო ართულებს ვითარებას. რადგან ფიზიკური დატვირთვის არარსებობას და არასწორ კვებას სიმსუქნემდე მივყავართ, საიდანაც დიაბეტამდე ერთი ნაბიჯია.
–საინტერესოა რას იტყვით სიმპტომების შესახებ, როგორ ხდება დიაბეტის გამოვლენა?
ნინო ჯიქურაული: ალბათ ყველას სმენია შაქრიანი დიაბეტის სიმპტომებთან დაკავშირებით. დაავადება შესაძლოა წყურვილით, პირის სიმშრალით, ხშირი შარდვით, მუდმივი სისუსტით გამოიხატოს. სიმპტომებია ასევე მხედველობის დაბინდვა და მუდმივი დაღლილობის შეგრძნება. თუმცა მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად ეს სიმპტომები პაციენტის მხრიდან უგულებელყოფილია და სრულიად სხვა მიზეზებს ეწერება. გარდა ამისა, ბევრი პაციენტი ექიმთან მისვლასაც აგვიანებს, ზოგს ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს…

–არადა დროული დიაგნოსტიკა ამ დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია, არა?
ნინო ჯიქურაული: რასაკვირველია. ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში რაც მალე დაისმება დიაგნოზი, მით უკეთესია და არც დიაბეტია გამონაკლისი. ამ დროს ადამიანს საშუალება აქვს, რომ შაქრიანი დიაბეტის განვითარება შეაჩეროს და ის იმავე საფეხურზე დატოვოს, რომელზეც არის. შესაძლოა დიაბეტი არც იყოს ჯერ და პრედიაბეტი იყოს სახეზე. რაც უფრო ადრე გავიგებთ დიაგნოზს, მით უფრო ადვილია დაავადების მართვა და იმ შემთხვევაში, თუ მითითებებს ვასრულებთ,დაავადების წარმატებულად მართვა შესაძლებელია…
–ნუცა, ნინომ ფსიქოლოგიური პრობლემა ახსენა. თქვენი აზრით, რატომ ეშინიათ ადამიანებს ექიმთან მისვლის, რატომ ცდილობენ, რომ რაც შეიძლება გვიან მიაკითხონ ექიმს, თუნდაც იმ პაციენტებმა, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს?
ნუცა ჩაჩიბაია: მოგესალმებით. შაქრიანი დიაბეტი ქრონიკული დაავადებაა, რომლის მართვაც ცხოვრების წესის საფუძვლიანად შეცვლას ნიშნავს და ბუნებრივია, ადამიანებს ამის ეშინიათ, ეს მათთვის არაკომფორტული, მაგრამ აუცილებელია. ბევრს აქვს მომენტი, რომ ექიმი რაიმე ცუდს ეტყვის და ამიტომ ცდილობს, ექიმთან ვიზიტს თავი აარიდოს. არადა დროული დიაგნოსტიკა ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.ადამიანებს ხშირად აქვთ არასწორი ინფორმაცია დიაბეტის შესახებ, ეს ერთგვარი სტიგმაა, მათ მიაჩნიათ, რომ საზოგადოება არ მიიღებს ამ დაავადების გამო. ფსიქოლოგიური პრობლემები დიდწილად სწორედ საკუთარი დიაგნოზის მიუღებლობიდან მოდის. როდესაც ადამიანს დიაგნოზს უსვამენ, იგი აცნობიერებს, რომ ქრონიკული დაავადება აქვს, ეს კი იმას ნიშნავს რომ ცხოვრების წესი უნდა შეიცვალოს. ბუნებრივია, ეს უდიდესი სტრესია. ზოგი სტრესს დაავადების უარყოფით ებრძვის, ზოგი კი მაშინვე პრობლემასთან ბრძოლას იწყებს. ყველაფერი ინდივიდუალურია, მათ შორის სტრესზე რეაქციაც. არადა სინამდვილეში შაქრიანი დიაბეტის მართვისას არ გამოიყენება რაიმე განსაკუთრებით რთულად შესასრულებელი მიდგომა, მთავარი პრინციპია ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა. ეს არის გზა, რომლითაც ყველა ჯანმრთელი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. თუმცა როდესაც ადამიანს მიუღებლობა აქვს საკუთარი დიაგნოზის, პირველ რიგში ჩვენ მუშაობას ვიწყებთ ცნობიერების ამაღლებით. პაციენტს ვაწვდით სწორ ინფორმაციას დიაბეტზე, მის მართვაზე. ვეუბნებით, რომ დღესდღეობით შაქრიანი დიაბეტის მართვა სრულფასოვნად არის შესაძლებელი და ა.შ.

–ნინო, მოდით შაქრიანი დიაბეტის გართულებებზე ვისაუბროთ. ეს დაავადება ხომ ასეთი ვერაგი სწორედ გართულებების გამოა. მაინც, რა არის შაქრიანი დიაბეტის ყველაზე გავრცელებული გართულებები?
ნინო ჯიქურაული: ეს კომპლექსური საკითხია, გართულებები ძალიან მრავალფეროვანია, თუმცა ყველაზე მეტად ალბათ მაინც თვალის, თირკმლის, გულის და ქვედა კიდურების დაავადებებს გამოვყოფდი, რომლებიც შაქრიანი დიაბეტის ფონზე ვითარდება. ასეთ დროს პაციენტს ისეთ ადვილ გამოსავალს ხშირად ვერ ვთავაზობთ, როგორიც მაგალითად ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესია. გართულებების მართვა არც ისე ადვილია, ხანდახან ინტენსიური თერაპიაც ხდება საჭირო… მათი მკურნალობა გარკვეულ ეტაპამდე შეიძლება, თუმცა ეს დიდ ფინანსურ და ფსიქოლოგიურ რესურსთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, შეიძლება შაქრიანმა დიაბეტმა სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს, მაგალითად დეპრესიული ეპიზოდები, გუნება-განწყობის ცვლილება, კვებითი აშლილობები და ა.შ.
–ნუცა, მინდა შევეხო ტერმინს „დიაბულემია“, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში გავრცელებული ფსიქოლოგიური პრობლემაა. თუ შეიძლება ვისაუბროთ ამ პრობლემაზე…
ნუცა ჩაჩიბაია: „დიაბულემიის“ საფუძველი იგივეა რაც ყველა კვებითი აშლილობის.ასეთ დროს ადამიანის იდენტობა, ეგო და თვითშეფასება მთლიანად წონაზეა დამოკიდებული და მათთვის ყველაფერს სასწორზე დანახული ციფრები განსაზღვრავს. ეს ერთგვარი მანკიერი წრეა, ადამიანს აქვს საკუთარი თავის მიუღებლობა, დანაშაულის განცდა, ზიზღი საკუთარი სხეულისადმი და ამ უარყოფით ემოციებთან ბრძოლას იგი ისევ ჭამის საშუალებით ცდილობს. ამ დროს პაციენტი უამრავ კალორიას იღებს, შემდეგ კი ისევ იწყება ჩაკეტილი წრე- დანაშაულის გრძნობა და ზიზღი საკუთარი თავის მიმართ. ამას ისინი უკვე სხვადასხვა ქმედებებით ებრძვიან, როგორიცაა სხვადასხვა მედიკამენტების მიღება და გამწმენდი რიტუალები, რაც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელ ადამიანსაც კი, არათუ დიაბეტის მქონე პაციენტს. ამ დროს ადამიანები ინსულინის დონეს თვითნებურად მართავენ და ეს სულაც არ არის უსაფრთხო, შეიძლება ადამიანი რეანიმაციაშიც აღმოჩნდეს.

–მოდით, ვისაუბროთ საახალწლო სუფრის შესახებ და იმ გამოწვევებზე, რაც ახალი წლის მოსვლას ახლავს თან. დიაბეტის მქონე პაციენტებს, ისევე როგორც ყველა ადამიანს, უჭირთ გემრიელ ცდუნებებზე უარის თქმა. რისი ჭამის უფლება შეიძლება მისცეს ენდოკრინოლოგმა პაციენტს?
ნინო ჯიქურაული: შაქრიანი დიაბეტის მქონე ყველა პაციენტმა იცის, რომ დიეტა დაავადების მართვის საფუძველია. თუმცა იმის მიხედვით, თუ რამდენად ხშირი კონტაქტი აქვს პაციენტს მკურნალ ექიმთან და რამდენად კარგად არის მართული გლიკემიის დონე, ცხადია გამონაკლისების გაკეთებაც შეიძლება. ყველა პაციენტმა, ვინც მუდმივად კონტაქტზეა ექიმთან, იცის რა ზღვარში შეუძლია მას დიეტის დარღვევა. თუმცა, თუ გლიკემია კარგად მართული არ არის, კატეგორიულად უნდა ვერიდოთ ტკბილეულს და ცომეულს. სხვა შემთხვევაში კი შეგვიძლია გავსინჯოთ საყვარელი მონატრებული პროდუქტები. მნიშვნელოვანია პაციენტს ახსოვდეს, რომ ერთ დღეზე ვსაუბრობთ. ეს არის ახალი წლის ღამეს გაშლილი საახალწლო სუფრა. არ შეიძლება რომ ორი კვირა პაციენტი მუდმივად არღვევდეს დიეტას. მამაკაცებს განსაკუთრებით ალკოჰოლზე უჭირთ უარის თქმა და აქაც შეიძლება იყოს გამონაკლისი, მათ შეუძლიათ მიიღონ 3 ჭიქა თეთრი ღვინო, თუმცა ეს მაქსიმუმია. კვებას აქვს სოციალური კონტექსტი და უმჯობესია, გარემოთი ვისიამოვნოთ, ბედნიერება მოგვიტანოს ჩვენს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობამ და არა საკვებმა, უმჯობესია ფოკუსირება ამაზე მოვახდინოთ.
–ბოლოს მინდა გკითხოთ პაციენტსა და ექიმს შორის ნდობაზე, რაც მათი თანამშრომლობის ხარისხს განსაზღვრავს. მინდა ორივეს კომენტარი მოვისმინო ამაზე…
ნინო ჯიქურაული: ექიმს და პაციენტს შორის ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. კომუნიკაცია პირველივე დღეს უნდა შედგეს და ექიმმა პაციენტს ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ბუნებრივია გვაქვს მოლოდინი, რომ პაციენტი დიაგნოზს კარგად არ მიიღებს, თუმცა სწორი ინფორმაციის მიწოდება ექიმის ვალდებულებაა. ამის შემდეგ ექიმი და პაციენტი ერთად იწყებენ გლიკემიის კონტროლს. ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია შაქრიანი დიაბეტის მართვაში. ეს ქრონიკული დაავადებაა და ამიტომ ექიმსა და პაციენტებს შორის ურთიერთობაც ხანგრძლივია.
ნუცა ჩაჩიბაია: ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას და პატივისცემას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ექიმებს უწევთ ოქროს შუალედის პოვნა მათთან ურთიერთობაში. ექიმი პაციენტს სწორ გზას უთითებს, თუმცა რამდენად განახორციელებს ამას პაციენტი, ექიმი ამას ვერ აკონტროლებს. სწორედ ამიტომ შედეგებზე პაციენტია პასუხისმგებელი და არა ექიმი. ექიმს კი სჭირდება ოქროს შუალედის პოვნა პაციენტებთან მიდგომაში. ექიმი არ უნდა იყოს ძალიან მკაცრი და არ უნდა განსაჯოს პაციენტი, რადგან შემდეგ მათ ერიდებათ და საყვედურის შიშით მალავენ ინფორმაციას ექიმთან. მინდა კიდევ ერთხელ შევახსენო ყველა პაციენტს, რომ მათი ჯანმრთელობის გასაღები მათსავე ხელშია და ეს იმაში გამოიხატება, რომ ექიმის მიერ მიცემული რჩევები თავად მან უნდა შეასრულოს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი არ ასრულებს რეკომენდაციებს, რაც არ უნდა კარგი ექიმი ჰყავდეს, შედეგი მაინც არ ექნება…


