LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სფეროებს დააფინანსებს საქართველოს აღმშენებლობის 50 მლნ–იანი ახალი ფონდი?

72

„საპარტნიორო ფონდსა“ და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთერთ უმსხვილეს და შანხაიში სიდიდით პირველ კომპანია CEFC-ის შორის ერთობლივი ფონდის შექმნის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.

დოკუმენტით,  ქართულ-ჩინური „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ შეიქმნა.

„საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ ბიზნეს პროექტების განსახორციელებლად ქვეყანაში ახალ საინვესტიციო პლატფორმას და მყარ ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩენს.

ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ინდუსტრია, ტურიზმი და სხვა. ეს არის ის სფეროები, რაშიც ახლად შექმნილი ფონდი ფულს დააბანდებს. ფონდის საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია.

ხელშეკრულებას ქართული მხრიდან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, ჩინური მხრიდან კი კომპანია CEFC  გენერალურმა დირექტორმა წანგ ძიენძუნმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია პეკინში 14-15 მაისს გამართულ „ერთი სარტყელი, ერთი გზა საერთაშორისო თანამშრომლობისათვის“ ფორუმის მსვლელობის პროცესში შედგა. ფორუმს მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის ლიდერი, 130-მდე ქვეყნის ვიცე-პრემიერი, 60-ზე მეტი საფინანსო ინსტიტუტისა და 92 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, როგორც „საპარტნიორო ფონდის“ საქმიანობის, ასევე  ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. საპარტნიორო ფონდისა და ჩინური კომპანია CEFC-ის მიერ დაფუძნებული „საქართველოს აღმშენებლობის ნაციონალური ფონდი“ საქართველოს ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობა იქნება. გაჩნდება საინტერესო პროექტების დაფინანსებისთვის ახალი სივრცე და ახალი ფინანსური ინსტრუმენტი. ფონდი შემოდგომაზე დაიწყებს მუშაობას. ამ დროისთვის მისი საწესდებო კაპიტალი 50 მლნ დოლარია. ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსი და ინვესტიციების  მოზიდვის სერიოზული  წინაპირობა“– განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ „საპარტნიორო ფონდმა“ კომპანია CEFC -თან  სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ოფიციალური მემორანდუმი ჯერ კიდევ 10 თვის წინ გააფორმა, რომლის თანახმად მხარეები ერთობლივი ფინანსური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მსჯელობდნენ. მოლაპარაკებები პეკინში ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დასრულებულია.

„საპარტნიორო ფონდის“ დელეგაციიის ვიზიტი, რომლის შემადგენლობაში არიან „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები გიორგი დანელია და ცისია ფანჩვიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ჩინეთის „ექსპორტისა და კრედიტის დაზღვევის სახელმწიფო კორპორაციის“ პრეზიდენტთან. ასევე, იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება ჩინურ Zeustar Construction Holdings – თან, რაც ლოჯისტიკური პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს.

 

ენერგეტიკის ფინანსირების  კომპანია“ ( CEFC)  

„ენერგეტიკის ფინანსირების კომპანია“ (CEFC China) არის მსხვილი კერძო კომპანია, რომელიც ენერგეტიკისა და ფინანსური მომსახურების სფეროში ოპერირებს. კომპანიის ძირითად საქმიანობას და სტრატეგიას ენერგო სექტორში საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება და კარგად ორგანიზებული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკისა და საინვესტიციო ჯგუფის ჩამოყალიბება წარმოადგენს. კომპანია ოპერირებს აზიისა და ევროპის ისეთ დიდ ქვეყნებში, როგორიცაა; სინგაპური, ჰონკონგი, ტაილანდი, რუმინეთი ჩეხეთი და ა.შ. კომპანიის შემოსავლებმა გასულ წელს  263,1 მილიარდზე მეტი შეადგინა.

 

პოპულალურები