გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ახალი წლის მოახლოვებასთან დაკავშირებით, „ნუ მოჭრი ნაძვს“ – სპეციალური ბრიფინგი ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში გამართა.
აგულაშვილის განცხადებით, წიწვოვანი ნარგავების უკანონო მოპოვებისა რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, საქართველოს მასშტაბით, უწყვეტ პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს.
რაც შეხება ნაძვის ხეების რეალიზაციას, როგორც სამინისტროში განაცხადეს, ის დასაშვებია, თუ ნაძვი მოპოვებულია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთში ან იმპორტირებულია. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია რეალიზატორმა წარმოადგინოს სათანადო დოკუმენტები, ხოლო საკარმიდამო ნაკვეთში მოპოვების შემთხვევაში – ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, მოსახლეობას ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობაში სპეციალურად გამოყვანილ ნაძვის ხეებს სთავაზობს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 400 ლარამდე. თუ ქმედება დაცული ტერიტორიებზე ხორციელდება, ჯარიმის ოდენობა 400-დან 500 ლარამდე იზრდება. კანონდარღვევა ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან ტერიტორიაზე, ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობების მიმართ, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 600 ლარამდე.
როგორც სამინისტროში განმარტეს, გარდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა, სამართალდამრღვევს დაეკისრება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაც. თუ ზიანის თანხა შეადგენს ან აღემატება 1000 ლარს, დგება პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობა.
