LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შესაძლებლობები აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება – პულსი

42
თამაზ-ჯაოშვილი,-ერეკლე-გიგიაძე1

28 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოლოგიის სამსახურის უფროსი თამაზ ჯაოშვილი და ექიმ-რადიოლოგი ერეკლე გიგიაძე სტუმრობდნენ, რომელთაც უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებზე, მათ დანიშნულებასა და გამოყენების მეთოდებზე ისაუბრეს.

– ბატონო თამაზ, რა შესაძლებლობები აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება?

– მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია რადიოლოგიური კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო მეთოდია, რადგან არა რენტგენის ან სხვა მავნებელ სხივებს, არამედ წყალბადის პროტონის ინვერსიას ეფუძნება. მისი გამოყენება მრავალჯერ და ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში შეიძლება ბავშვებისა და ორსულების ჩათვლით. მეტიც, ამ მეთოდით კვლევის ჩატარება პროფილაქტიკის მიზნითაც თამამად შეიძლება, რადგან არანაირ ზიანს არ აყენებს ჯანმრთელობას.

– ბატონო ერეკლე, როგორია კომპიუტერულ ტომოგრაფიის უსაფრთხოების ხარისხი?

– მართალია, კომპიუტერული ტომოგრაფია რენტგენის სხივებს ეფუძნება და რადიაციული გამოსხივებით ხასიათდება, მაგრამ მწარმოებლები მაქსიმალურად ცდილობენ აპარატურის დახვეწას, რათა პაციენტმა დასხივების მინიმალური დოზა მიიღოს.

– რა ასაკის პაციენტებისთვისაა უსაფრთხო კომპიუტერული ტომოგრაფია?

– რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფია კატეგორიულად ეკრძალებათ ორსულებს, რათა ზიანი არ მიადგეს ნაყოფს, ნაკლებადაა რეკომენდებული მსგავსი მეთოდი ბავშვებისთვისაც.

– რა ტიპის კვლევას უნდა მიმართოს პაციენტმა პრევენციის მიზნით?

– პრევენციისთვის ფილტვის კიბოს სკრინინგი არსებობს, რომელიც დაბალდოზიანი ტომოგრაფიით ტარდება.

– ბატონო თამაზ, რა უპირატესობით სარგებლობს თქვენს ცენტრში არსებული აპარატურა?

– ჩვენი კლინიკის დამფუძნებლის პრინციპების გათვალისწინებით ჩვენ ყოველთვის უახლესი, საუკეთესო აპარატურას ვირჩევთ. სწორედ ამიტომ შევიძინეთ რამდენიმე თვის წინ Philips-ის სრულად ციფრული მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია, რომელსაც უამრავი უპირატესობა აქვს ანალოგიურ აპარატურასთან შედარებით. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ სრულად ციფრული უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას გულისხმობს, რაც ექიმს ნებისმიერი, მათ შორის უმცირესი პათოლოგიის აღმოჩენის საშუალებასაც აძლევს. ზოგადად, ამგვარი კვლევა საკმაოდ დიდხანს გრძელდება, რაც პაციენტს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. საბედნიეროდ, Philips-მა ამ პრობლემაზეც იზრუნა და სწორედ ბოლო თაობის აპარატურის წყალობით შეამცირა კვლევის ხანგრძლივობა. მაგალითად, თუ ადრე თავს 20-25 წუთი ვიკვლევდით, ახლა დრო 12-15 წუთამდე შემცირდა. ამასთანავე, არ იცვლება გამოსახულების ხარისხი, რაც ექიმს უზუსტესი დიაგნოზის დასმის საშუალებას აძლევს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი გენტრის (ანუ გვირაბის) დიამეტრი 11 სანტიმეტრს შეადგენს, რაც საკმაოდ დიდი სივრცეა, ამიტომ თავისი ვენტილაციით და განათების სისტემით ნაკლებად დისკომფორტულია პაციენტისთვის. აპარატურის უპირატესობად შეიძლება ჩაითვალოს ვიდეო-აუდიო მხარდაჭერაც ანუ კვლევის დაწყების წინ პაციენტს თვითონ შეუძლია აირჩიოს მუსიკის მოსმენა უნდა თუ კლიპის, ან ფილმის ნახვა. მართალია, ჭარბწონიან პაციენტებს ყოველთვის უჭირთ მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება, მაგრამ ჩვენ ამ პრობლემაზეც ვიზრუნეთ და ახლა ჩვენი მაგიდა მთელ 250 კილოგრამს უძლებს. საერთო ჯამში ახალ ტომოგრაფს ყველა ის ფუნქცია აქვს, რაც სრული ინფორმაციით უზრუნველყოფს ექიმს ზუსტი დიაგნოზისა და მკურნალობის სწორი კურსის შესარჩევად.

– ბატონო ერეკლე, რა სიახლეები აქვს ქირურგიის ცენტრს კომპიუტერულ ტომოგრაფიის შემთხვევაში?

– ჩვენი კლინიკა მართლაც თანამედროვე აპარატურის სიუხვით გამოირჩევა, რადგან  რამდენიმე კომპიუტერულ ტომოგრაფს ფლობს, 28-შრიანი ციფრული ტომოგრაფის ჩათვლით. თუმცა, ჩვენთვის უმთავრესი მაინც რადიაციის დოზის შემცირებაა. ონკოლოგიურ პაციენტებს სხვებზე ხშირად უწევთ ამგვარი კვლევის ჩატარება, რაც მეტ დასხივებას გულისხმობს. პირველ რიგში, სწორედ მათთვის და მერე დანარჩენი პაციენტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შევისწავლეთ სხვა კლინიკების გამოცდილება, გავაანალიზეთ და შექმენით ე.წ. რეპროდუცირებადი პროტოკოლი, რომლის საფუძველზე 30-40 პროცენტით შევამცირეთ რადიაცია.

– რა შემთხვევაში უნდა მიმართოს პაციენტმა კომპიუტერულ-ტომოგრაფიულ კვლევას?

– რა თქმა უნდა, კვლევის მეთოდები პროტოკოლებითაა გაწერილი, რადგან ყველა დაავადებას შესაბამისი კვლევა სჭირდება, თუმცა პროფილაქტიკის მიზნით მეტწილად მაინც მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაა რეკომენდებული, პირველი რიგის გადაუდებელი დახმარების შემთხვევაში კი, ყოველთვის კომპიუტერული ტომოგრაფია გამოიყენება, თუმცა აუცილებლად რადიოლოგის დანიშნულებით.

– ბატონო თამაზ, რა დაავადების კვლევისას გამოიყენება ყველაზე ხშირად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია?

– კვლევის ეს მეთოდი მედიცინის ყველა სფეროში აქტუალურია, თუმცა მეტწილად მაინც ონკოლოგიაში, ნევროლოგიასა და ნეიროქირურგიაში გამოიყენება.

– მსგავსი კვლევები საკმაოდ ძვირი ღირს. რა შეღავათს სთავაზობს თქვენი ცენტრი პაციენტებს?

– გეთანხმებით, ჩვენს კლინიკაში არსებული აპარატურა მართლაც ძალიან ძვირია, თუმცა მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ხარჯის შემცირებას სხვადასხვა აქციით, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება ჩვენს ცხელ ხაზზე შეიძლება 577 119 119

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები