LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპს და როგორ ვუმკურნალოთ გახანგრძლივებულ ხველას – ანა შაკაია

37
ანა-შაკაია

9 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ვახტანგ ბოჭორიშვილის სამედიცინო ცენტრის ოჯახის ექიმის ანა შაკაია სტუმრობდა, რომელმაც სეზონურ ვირუსებსა და მათი მკურნალობის ეფექტურ მეთოდზე ისაუბრა.

– ანა, რამდენად სწრაფად ვრცელდება სეზონური ვირუსი მსოფლიოსა და საქართველოში?

– სეზონური გრიპი ყოველ წელს ცირკულირებს და ამაში გასაკვირი არაფერია, უბრალოდ, პანდემიის ფონზე გადაინაცვლა უკანა პლანზე, კოვიდის შესუსტებასთან ერთად კი, ისევ გააქტიურდა. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს ჩვილი ბავშვები 2 წლამდე, ქრონიკულად მოავადე, ბრონქიალური ასთმით, ფილტვის ობსტრუქციული დაავადებით დასნეულებული და ონკოლოგიური პაციენტები მიეკუთნებიან, რომელთაც პირველ დღესვე უნდა მიმართონ სპეციალისტს, რათა თავიდან აიცილონ გართულებები. მიხარია, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კოვიდის გამოცდილება გაითვალისწინა და სეზონური გრიპის დროსაც აქტიურად იცავს თავს პირბადით.

– რა სიმპტომები ახასიათებს სეზონურ გრიპს?

– კოვიდისგან განსხვავებით, სეზონური გრიპი ბევრად მწვავედ იწყება. პირველ სიმპტომებად შემცივნება, მაღალი ტემპერატურა და ხველა ითვლება, რასაც ლორწოვანის დაზიანება იწვევს. აღსანიშნავია, რომ თავიდან ხველა მხოლოდ ზედაპირული ანუ მშრალია და მხოლოდ მოგვიანებით გადადის პროდუქტიულ ანუ სველ ხველაში, რაც საშუალოდ ორი კვირა გრძელდება. მართალია, ხველა მთელი თვეც შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საშიში არაფერია. პაციენტს თავისუფლად შეუძლია მიმართოს ხალხურ მედიცინას და დამოუკიდებლად იმკურნალოს ევკალიპტის ნაყენით, თაფლითა და ლიმონის ნაზავით. მთავარია ხველა კლებადი იყოს და არა პროგრესირებადი, რათა არ გადავიდეს ფილტვების ანთებაში, პნევმონიის პირველი სიმპტომების – სუნთქვის უკმარისობის, გულმკერდის არეში ტკივილის, სახეზე ციანოზისა და უძლურების შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

– როგორ შეიძლება გაგრძელებული ხველის მკურნალობა?

– ხველას გააჩნია. პაციენტმა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიმართოს ექიმს, რათა ზუსტად განისაზღვროს მკურნალობის მეთოდი და საჭირო პრეპარატები.

– რამდენად ეფექტურია ინჰალაცია?

– ინჰალაციაც სასარგებლოა და სუფთა ჰაერზე სეირნობაც, რაც ბუნებრივად ატენიანებს სასუნთქ გზებს.

– რამდენად სასარგებლოა გრიპის ხალხური მეთოდებით მკურნალობა, რომელსაც ექიმების ნაწილი იზიარებს, ნაწილი კი, პირიქით, კატეგორიულად ეწინააღმდეგება?

– ვფიქრობ, ყველაფერში ზომიერების დაცვა და ოქროს შუალედის მოძიებაა საჭირო. მაგალითად C-ვიტამინი სასარგებლოა, მაგრამ არ შეიძლება მისი ზედმეტი დოზით მიღება. კატეგორიულად მიუღებელია ჩვილების და მოხუცების თვითნებურად მკურნალობა, რადგან თავისუფლად შეიძლება გამოჯანმრთელების ნაცვლად უფრო დავამძიმოთ მათი მდგომარეობა. ხშირად მეკითხებიან რა ვიტამინის მიღება შეიძლება გრიპის დროს, თუმცა ხუთდღიანი ვირუსის შემთხვევაში ვერცერთი ვიტამინი ვერ იქნება შედეგის მომტანი.

– როგორ უნდა მოვემზადოთ სეზონური ვირუსისთვის?

– ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ვაქცინაციაა. რა თქმა უნდა, აცრილსაც შეიძლება შეხვდეს ვირუსი, თუმცა ამ შემთხვევაში დაავადება ბევრად მსუბუქად, გართულებების გარეშე მიმდინარეობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მირთმევა განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები