25 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „პინეოს“ ნევროლოგი, ქალბატონი ნინო ლობჟანიძე სტუმრობდა, რომელმაც მეტად აქტუალურ თემაზე – ინსულტის საფრთხესა და მისი პრევენციის ეფექტურ მეთოდებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ნინო, 29 ოქტომბერს მსოფლიო ინსულტთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საინტერესოა, რას ეძღვნება ეს დღე და რას წარმოადგენს თავად დაავადება?
– ინსულტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, თავის ტვინის სისხლძარღვების მწვავე დისფუნქციით განვითარებული ნევროლოგიური დეფიციტია. არსებობს ინსულტის ორი ძირითადი ტიპი – იშემიური, რომლითაც პაციენტთა 75% ავადდება და ჰემორაგიული, რომელიც შედარებით იშვიათია და პაციენტთა მხოლოდ 15%-ს აღენიშნება. იშემიურ ინსულტს თავის ტვინის სისხლძარღვების თრომბით ან ემბოლიით დახშობა იწვევს, რაც თავის მხრივ სისხლძარღვებში სისხლის ცირკულაციას აფერხებს, ჰემორაგიულ ინსულტი კი, თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანებით, გაგლეჯვით განვითარებული სისხლჩაქცევაა.
– რა სიმპტომებით ხასიათდება დაავადება?
– თავის ტვინის ნებისმიერ დაზიანებას, მნიშვნელობა არ აქვს იშემიური იქნება თუ ჰემორაგიული, ზუსტად ერთნაირი სიმპტომები აქვს – მეტყველების გართულება, სახის ასიმეტრიის განვითარება და კიდურების დაბუჟება ან დასუსტება, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სპეციალისტს. მართალია, ზოგჯერ დაავადება ცნობიერების დარღვევის ფონზე ან მის გარეშე მიმდინარეობდეს, მაგრამ სწორედ ძირითადი სიმპტომებია საგანგაშო სიგნალი, რაც პაციენტის პირველსავე საათებში კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს, რადგან იშემიური ინსულტების მკურნალობის პრეპარატები, რომლებიც სიმპტომების გამოვლენიდან მაქსიმუმ ოთხ სათში უნდა იქნას გამოყენებული, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ეფექტური.

– როგორც აღნიშნეთ, ინსულტის პირველი სიმპტომების გამოვლენისას უმთავრესი სწორედ დროული ჩარევაა. საინტერესოა, რამდენად შეესაბამება პირველადი ჯანდაცვის რგოლის და გადაუდებელი სასწრაფო დახმარების პერსონალის კვალიფიკაცია ამგვარ შემთხვევებს?
– ვფიქრობ, ჩვენი მთავარი პრობლემა არა სასწრაფო დახმარების არაოპერატიულობა, არამედ მოსახლეობის ნაკლები ინფორმირებულობაა, რადგან ბევრი უბრალოდ არ იცნობს დაავადების სიმპტომებს. სასწრაფო დახმარების მედიკოსები კი, პირიქით – ყოველთვის სწრაფად და შეთანხმებულად მოქმედებენ. სამწუხაროდ, პაციენტის ახლობლები ყოველთვის ბევრ დროს, ზოგჯერ რამდენიმე საათს, ზოგჯერ დღესაც კი კარგავენ, იმედით, რომ ყველაფერი თავისით, ბუნებრივად დარეგულირდება და ვერ ხვდებიან, რომ დაგვიანების შემთხვევაში ბევრად რთული და ხშირად შეუძლებელი ხდება დაავადებაზე ზემოქმედება. სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს ინსულტის მკურნალობის გამართული სისტემა, ამიტომ ყველა კლინიკას არ აქვს ამგვარი პაციენტის მიღების, თანამედროვე აპარატურით კვლევის ჩატარების, მკურნალობის და საჭირო პრეპარატების გამოყენების საშუალება.
– რამდენადაა გავრცელებული ინსულტი მსოფლიოში და რა სიტუაციაა საქართველოში?
– სტატისტიკის თანახმად, ინსულტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც სხვა დაავადებებს შორის ინვალიდიზაციითაც პირველ ადგილზეა. სამხუხაროდ, ყოველ წელს საშუალოდ ინსულტის 15 მლნ. შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 5 მლნ. ლეტალური შედეგით სრულდება, 5 მლნ. კი, სამუდამოდ ინვალიდდება.

– ინსულტის საერთაშორისო დღე პირველ რიგში, მოსახლეობის მეტ ინფორმირებულობას ითვალისწინებს. საინტერესოა, თქვენი კლინიკა, სადაც პრიორიტეტული სწორედ ინსულტის მკურნალობაა, როგორ აღნიშნავს ამ დღეს?
– ინსულტის საერთაშორისო დღეს ჩვენი განყოფილება ტარდიციულად აცხადებს ღია კარის დღეს და საქართველოს ინსულტის ასოციაციის პრეზიდენტის, ჩვენი კლინიკის ხელმძღვანელის, პროფესორ ალექსანდრე ცისკარიძის მეთაურობით უწევს პაციენტებს უფასო კონსულტაციას.
– ექვემდებარება თუ არა ინსულტი პრევენციას და რამდენად შესაძლებელია მისი თავიდან აცილება?
– რა თქმა უნდა, შესაძლებელია ინსულტის ეფექტური პროფილაქტიკა. მართალია, სქესის, ოჯახური ისტორიის ან გენეტიკური წინასწარგანწყობის კორექცია არასდროს გამოგვივა, მაგრამ არტერიული წნევის, ქოლესტერინის, შაქრიანი დიაბეტის დროს კი, სისხლში გლუკოზის მუდმივი კონტროლით, ყოველთვის თავისუფლად შეგვიძლია ინსულტისგან თავის დაღწევა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი