LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თანხებთან არის დაკავშირებული ზამთარში საქართველოში დასვენება

bakurianiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii

ზამთრის კურორტებს შორის საქართველო ამიერკავკასიაში პირველია. ამას იმ ტურისტთა რაოდენობაც ადასტურებს, რომელთა ნაკადიც წლიდან წლამდე იზრდება. შესაბამისად, საქართველოს ზამთრის კურორტებიც უფრო ვითარდება, იზრდება მათი რაოდენობა და ინფრასტრუქტურაც უფრო დახვეწილი ხდება. სწორედ ამიტომ, საქართველო ბოლო პერიოდში წინ მიიწევს ევროპის სამთო-სათხილამურო კურორტების რეიტინგში. ამასთან ერთად, ზევით მიიწევს ფასებიც. რა ჯდება საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენება, სადაც სხვადასხვა ინტერესის მქონე დამსვენებელსა და მოგზაურს შეუძლია დაიკმაყოფილოს საკუთარი სურვილები, რადიო „ფორტუნამ“ გაარკვია. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ეს ზამთარი თქვენი თავისუფალი დროისა და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, ქვემოთ მოცემული რეკომენდაციების მიხედვით.

2019 წლისთვის საქართველოს ზამთრის 4 სათხილამურო კურორტია დატვირთული: გუდაური, ბაკურიანი, მესტია და გოდერძი. ტარდება უამრავი ტური ყველა კურორტის მიმართულებით.

გუდაური – (თბილისიდან 122კმ. 2 სთ და 5 წთ.)

გუდაურში ზამთრის სეზონი წელს ოფიციალურად 15 დეკემბერს გაიხსნა. კურორტი დამსვენებელს 6 ახალი საბაგიროთი შეხვდა. ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე 3.5-ჯერ გაიზარდა გამტარუნარიანობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საბაგიროები გაცილებით მეტი მოთხილამურის რიგების გარეშე, ერთად მიღებას შეძლებს. დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუირებასთან ერთად, სასრიალო არეალიც 20%-ით გაიზარდა.

განსხვავებული ფასი აქვს გუდაურის სასტუმროებს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. ახალი წლისა და ე.წ. ძველით ახალი წლის პერიოდში ფასები შედარებით მაღალია და სასტუმროებიც გადატვირთული, ამიტომ ნომრების დაჯავშნაზე წინასწარ უნდა იზრუნოთ.

გუდაურში მდებარე სასტუმრო „მგზავრების“ 2 ადგილიანი ნომრის მინიმალური ფასი 270 ლარიდან იწყება, რომლის მომსახურებაშიც საუზმე და სპა შედის. ნომრის მაქსიმალური ფასი კი, 590 ლარამდეა. ამაში 4 ადგილიანი ლუქსი, საუზმითა და სპა მომსახურებით შედის. როგორც გუდაურის „მგზავრების“ ადმინისტრაციამ რადიო „ფორტუნასთან“ საუბარში განაცხადა, ახალი წლისა და ძველით ახალი წლის პერიოდში ეს ფასები იზრდება და ასეთ დღეებში ნომრის ფასები 580 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს.

სასტუმრო “Gudauri Inn”- ში კი, 2 ადგილიანი ნომრის ფასი 300-დან 600 ლარამდე მერყეობს, თუმცა, 12 იანვრამდე თავისუფალი ნომრები არ არის. სასტუმროს ადმინისტრაციის თქმით, ეს ფასები, როგორც ახალი წლის პერიოდში, ასევე ძველით ახალი წლის პეროდშიც იზრდება.

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, წელს მათი ფასი 60 ლარიდან იწყება, 6 კაციანი კოტეჯების ფასი კი, 250 ლარამდე მერყეობს.

 

ბაკურიანი (თბილისიდან 184 კმ. 2 სთ. და 40 წთ.)

„მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად 28 დეკემბერს გახსნა.

კომპანიის ინფორმაციით, დიდველზე სულ ოთხი საბაგიროა: გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. კურორტზე 16 კილომეტრიანი 8 სათხილამურო გზაა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე არის გათვლილი. დიდველზე დამონტაჟებულია ხელოვნური გათოვლიანების სიტემა. კურორტზე ღამეც შესაძლებელია სრიალი, ფუნქციონირებს მაღალტექნოლოგიური ფერადი განათებები, ე.წ. „ლედ განათებები“.

ბაკურიანშიც, ისევე როგორც გუდაურში, სასტუმროების ფასი დროის მიხედვით იცვლება. სასტუმრო „მგზავრების“ 2 ადგილიანი ნომრის ფასი 350 ლარიდან იწყება. მაქსიმალური ფასი კი, 620 ლარია, რომელიც საოჯახო ტიპისაა და 5 ადამიანისთვის არის განკუთვნილი. ორივე შემთხვევაში, საუზმე და სპა მომსახურება ამ ფასში შედის. სასტუმროს ადმინისტრაციის განცხადებით, ძველით ახალი წლისთვის ნომრების ფასი შედარებით მოიმატებს.

რაც შეეხება საოჯახო სასტუმროებისა და კოტეჯების ფასებს, ესეც დროის მონაკვეთების მიხედვით იცვლება. საშუალოდ კი, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 35 ლარიდან იწყება და 150 ლარამდეა. რაც შეეხება კოტეჯებს, მისი ფასი 130-დან 800 ლარამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია ზომასა და კომფორტზე.

 

მესტია (თბილისიდან 463 კმ. 6 სთ. და 40 წთ.)

წელს მესტიაში ზამთრის ტურისტული სეზონი 22 დეკემბერს გაიხსნა. კურორტი მესტია ნამდვილად ულამაზესი ადგილია წელიწადის ნებისმიერი დროისთვის. მის ირგვლივ გარშემორტყმულია კავკასიის უდიდესი მწვერვალები, სწორედ ამიტომ, მესტია ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს კურორტად მსოფლიოში. ზამთრის სეზონს არ ჰყავს ბევრი ვიზიტორი, მაგრამ მიუხედავად ამისა, აქ ვითარდება სამთო-სათხილამურო სპორტი. მესტია წარმოდგენილია ორი მთით, ჰაწვალი და თეთნულდი. ახალ სეზონზე ტურისტებს თეთნულდში 4 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასა დახვდათ, რომლის საერთო სიგრძე 30 კმ-ია. რაც შეეხება ჰაწვალს, კურორტზე 2 საბაგირო და 8 სასრიალო ტრასაა წარმოდგენილი. სასრიალო ტრასის საერთო სიგრძე კი, 7 კმ-ია. ასევე, 5 მცირე ზომის საბაგირო: ეცერში, უშხვანარში, მაზერში, უშგულსა და ლენტეხში განთავსდა.

ბაკურიანისა და გუდაურისგან განსხვავებით, სვანეთში მოთხოვნა შედარებით დაბალია, შესაბამისად დაბალია სასტუმროების ფასებიც. 2 ადგილიანი ნომერის ფასი 60 ლარიდან იწყება და 200 ლარამდეა. საოჯახო ტიპის სასტუმროები კი, 20 ლარიდან იწყება და 150 ლარამდე მერყეობს.

გოდერძი (თბილისიდან 252 კმ.)   

28 დეკემბერს მაღალმთიან აჭარაში, კურორტზე გოდერძი ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ახალ სეზონზე კურორტის სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურას ორი მცირე ზომის საბაგირო შეემატა, 200 მეტრიანი ბიგელი და 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩა, ასევე მოეწყო საბავშვო არეალი და გაიხსნა სწრაფი კვების ობიექტები. ამ სეზონზე კურორტ გოდერძიზე ტურისტებისთვის იმუშავებს ორი დიდი საბაგირო (გონდოლას და ბაბლის ტიპის). კურორტ გოდერძიზე სათხილამურო გზის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია, მაქსიმალური სიმაღლე კი, ზღვის დონიდან 2365 მეტრია.

კურორტზე გოდერძი გუდაურისა და ბაკურიანისგან გასნხვავებით, შედარებით დაბალი ფასებია, როგორც სასტუმროებში, ასევე კოტეჯებში. აქ სასტუმროებში 2 ადგილიანი ნომრის ფასი 40 ლარიდან იწყება. 4 ადგილიანი ნომერი 100, ხოლო 8 ადგილიანი ლუქსი 180 ლარი ღირს. რაც შეეხება კოტეჯებს, 2 ადგილიანი კოტეჯის მინიმალური ფასი 100 ლარია, მაქსიმალური ფასი კი, 500 ლარი, რომელიც 12 ადამიანზეა გათვლილი. საოჯახო ტიპის სასტუმროები 50-100 ლარამდე მერყეობს. აქ სასტუმროებისა და კოტეჯების ფასები ახალი წლის დღეებში არ იცვლება, რადგან ნოემბრიდან აპრილამდე ე.წ. ფიქსირებული ზამთრის სეზონის ფასებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g