LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეს გარდატეხის ასაკში მყოფი მოზარდის მშობელმა – ფსიქოლოგის რეკომენდაციები

2808
65971653-475057279973851-3596959716544086016-n

გარდატეხის კრიზისულ პერიოდში მოზარდის ორგანიზმში მთელი რიგი ცვლილებები მიმდინარეობს, რაც მის ხასიათზე აისახება. ირღვევა შინაგანი წონასწორობა, ეს კი მშობლებს/აღმზრდელებს აშინებთ და აბნევთ. ამ პერიოდში მოზარდს უჩნდება კითხვები: ვინ ვარ მე? რატომ ვარ ამ ქვეყანაზე?. იმისთვის, რომ მშობელმა/აღმზრდელმა შეიმუშავოს ქცევის ტაქტიკა აუცილებელია გაერკვეს მოვლენის არსში, იცოდეს რას გრძნობს ამ პერიოდში ბავშვი, როგორ უნდა მიუდგეს მას.
ამ საკითხზე ვესაუბრეთ ფსიქიატრ იური კალანდაძეს:

„გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელია სწრაფი ზრდა, თუმცა სხვადასსხვა სისტემები (ძვალ-კუნთოვანი, ინტელექტუალური, ჰორმონალური, ემოციური და ა.შ) არ ვითარდება თანაბრად. ხშირად ლაბილური ემოციური სფერო მარტივად მერყეობს ცუდისგან კარგისკენ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცვალებადია თვითშეფასების ელემენტი. დღის დასაწყისში შეიძლება აწეული იყოს, დღის ბოლოს კი ჩამოვიდეს ნულამდე და მოზარდს გაუჩნდეს ფიქრები, როგორიცაა: „ სიცოცხლე აღარ ღირს“ და ა.შ.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით რა თქმა უნდა აუცილებელია გამომუშავდეს შესაბამისი ტაქტიკა, რაც გულისხმობს მაქსიმალურ დელიკატურობას. ამ დროს მოზარდებს აქვთ აწეული მგრძნობელობა, თითო სიტყვა, თითო გამოხედვა შეიძლება აღქმული იყოს როგორც ტრაგედია. მშობლებს მოეთხოვება სიფრთხილე და მოთმინება, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესი დროებითია“.

ძირითადი ნიშნები, რაც გარდატეხის პერიოდში მოზარდს ახასიათებს, არის:

1. აგრესიულობა, გაღიზიანებულობა – მოზარდი შესაძლოა გააღიზიანოს ნებისმიერმა წვრილმანმა. ნეგატიურ ემოციებს იწვევს ნებისმიერი კრიტიკა;
2. საკუთარ თავში ჩაკეტვა, დეპრესია – ბავშვი ძირითადად მარტო ყოფნა სურს, გაურბის მშობლებთან ერთად დროის გატარებას;
3. ჩამორჩენა სწავლაში, ინტერესის დაკარგვა სწავლის პროცესის მიმართ;
4. უხეშობა – ქცევის ეს გამოხატულება არის თავდაცვითი გარსის შექნა საკუთარი „მე“-ს ფორმირებისთვის. ამ პერიოდში მოზარდებს სჭირდებათ უფროსებისგან ამ მდგომარეობის ახსნა-განმარტება მათთვის გასaგებ ენაზე.

 

ასევე გავეცნოთ ფსიქოლოგ მარინა მათიაშვილის მოსაზრებას:

„გარდატეხის პროცესი ეს არის ბავშვობიდან მოზრდილობის ასაკში გადასვლის პროცესი. პრობლემები, რომლებმაც შეიძლება თავი მოზარდობის ასაკში იჩინოს, სინამდვილეში უფრო ადრეული ასაკიდან იწყება. ეს პროცესი ყველა შემთხვევაში რთულად და ზოგჯერ დრამატულადაც მიმდინარეობს, ხშირად პიროვნების ცხოვრებასაც განსაზღვრავს ხოლმე, ამიტომ რაც ნაკლები შეცდომა იქნება დაშვებული ბავშვთან ურთიერთობის დროს ადრეულ ასაკში მით უფრო მარტივად გადაიტანს მოზარდი გარდატეხის ძალიან რთულ და მტკივნეულ პერიოდს. ბავშვებისთვის ყველაზე დამახასიათებელი თვისება არის ემპათია ანუ თანა განცდა. მათ პირდაპირ გადააქვთ მშობლების/აღმზრდელების განწყობა. ხშირად მშობლები/აღმზრდელები ვერ იაზრებენ როგორ უნდა იურთიერთონ ბავშვთან. შედეგი აუცილებლად იქნება პროტესტი, გაუცხოება. აუცილებელია უფროსებმა პატარას თავიდან აარიდონ კონფლიქტური სიტუაცია, დაძაბულობა, სხვა შემთხვევაში უკვე გარდატეხის ასაკში შედეგი აუცილებალდ იქნება გაუცხოება, პროტესტი.

კატეგორიულად გამორიცხულია სიძულვილის ენის გამოყენება, მუქარა, ბავშვის თანდასწრებით ერთმანეთის შეურაცხყოფა. მშობლებმა დადებითი სახე უნდა შეუნარჩუნონ ერთმანეთს თუნდაც არ ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა. გარდატეხის ასაკი ეს არის დამოუკიდებლობის მოპოვების, თვითგანმტკიცების პერიოდი, რა დროსაც ძალიან ბევრია დამოკიდებული იმ მიკროსოციალურ და სოციალურ გარემოზე, რომელშიც მოზარდს უხდება ყოფნა. ამ დროს მოზარდს სურს თავისი მოსაზრებების რეალიზება, არსებული აკრძალვების მთელი სისტემის დანგრევა, ამ პროტესტს კი დაუმორჩილებლობით გამოხატავს. უხეში ჩარევების, აკრძალვების, არასწორად მიწოდებული აზრების პირობებში მოზარდს შეიძლება გარემომცველი უფროსების აზრის იგნორირება მოუნდეს და საკუთარი თავის რეალიზება სხვაგან, შესაძლოა სულაც არასასურველ გარემოში მოახდინოს. აუცილებელია მოზარდის აზრის გათვალისწინება, მოსმენა, მისი პიროვნების პატივისცემა. არ შეიძლება მოზარდის ნების, მოსაზრებების, სურვილების გაუთვალისწინებლობა. აუცილებელია მოუსმინოთ თქვენს მოზარდ შვილს და გაუგოთ მას, მიიღოთ ისეთი, როგორიც არის, კრიტიკის გარეშე, მისცეთ სწორი მიმართულება. სხვა შემთხვევაში პროტესტის, კონფლიქტის გაღრმავება გარდაუვალია“.

ხშირად მოზარდებს ყველა მხრიდან „ვერ გაგების“ კედელი ხვდებათ და ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ საკუთარი ქცევით შესაძლებელია „შურისძიების აქტს“ ახორციელებდნენ. თუ მოზარდი გრძნობს, რომ მას სიყვარულით და მზრუნველობით ექცევიან, მაშინ მისი თვითშეფასება რეალობის ადეკვატური იქნება, ოჯახში თავს კომფორტულად იგრძნობს და გაცილებით ადვილად გადაიტანს „გარდატეხის ასაკის“ სირთულეებს.

 

ნატა კალანდაძე