ახალი ბრიტანული კრიმინალური სერიალი „გარდატეხის ასაკი“, 2025 წლის მთავარი სერიალია. მისმა რეიტინგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა და მალევე გახდა დღეს ყველაზე ყურებადი სატელევიზიო შოუ. სერიალი შექმნილია ჯეკ თორნისა და სტივენ გრეჰემის მიერ, რეჟისორი ფილიპ ბარანტინი გახლავთ. სერიალი შედგება ოთხი ეპიზოდისგან, თითოეული გადაღებულია უწყვეტი კადრის ტექნიკით. პრემიერა 13 მარტს შედგა და მან კრიტიკოსებისგან, რეჟისორის, სცენარისტებისა და სამსახიობო გუნდის ნაწილში, უმაღლესი შეფასებები მიიღო.
სერიალი მოგვითხრობს 13 წლის მოსწავლის, ჯეიმი მილერის შესახებ, რომლის როლსაც ოუვენ კუპერი ასრულებს. ბიჭს დააკავებენ თანაკლასელის, ქეთი ლეონარდის მკვლელობის ბრალდებით. პოლიციის გამოძიება და ფსიქოლოგის კონსულტაციები აჩვენებს, რომ ჯეიმი სერიოზული ბულინგის მსხვერპლი იყო სოციალურ ქსელებში. ახლა მაყურებელმა უნდა გაიგოს, რა მოხდა სინამდვილეში.
სერიალში მთავარ როლებს სტივენ გრეჰემი, ეშლი უელტერსი, ერინ დოჰერტი, ფეი მარსეი და კრისტინ ტრემარკო ასრულებენ. სერიალის გადაღებები მიმდინარეობდა იორკშირსა და შეფილდში. „გარდატეხის ასაკმა“ დიდი პოპულარობა მოიპოვა გაერთიანებულ სამეფოში, ის გახდა ყველაზე ყურებადი სტრიმინგ სერიალი ერთ კვირაში, რისთვისაც მანამდე არცერთ სერიალს არ მიუღწევია.
გამოცემა „გარდიანმა” დაწერა, რომ ეს არის „ტელევიზიის სრულყოფილებასთან ყველაზე ახლოს მდგომი ნამუშევარი ათწლეულების განმავლობაში“. „დეილი ტელეგრაფმა” კი, სერიალს უწოდა დამანგრეველი სანახაობა და აღნიშნა, რომ მსახიობების შესრულება ფენომენალურია. სერიალის თემატიკა და შესრულება ასევე გახდა საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი. პარლამენტის წევრმა ანელის მიდგლიმ მოუწოდა მთავრობას, რომ სერიალი გაშუქდეს პარლამენტში და სკოლებში, რათა საზოგადოებას დაეხმაროს სექსიზმისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში. პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას.