LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ვირუსულ ინფექციებს უნდა ვერიდოთ წელიწადის ამ დროს?

474
თოდუას კლინიკა

ჰაერის არასტაბილური ტემპერატურა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის იმუნურ სისტემაზე და მკვეთრად ზრდის სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების განვითარების რისკს. სტატისტიკურად, მათ შორის ყველაზე გავრცელებული ვირუსი გრიპია. წელს ხშირი იყო რინოვირუსის, პარაგრიპის, როტავირუსისა და კორონავირუსის შემთხვევებიც.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა და როგორ შეიძლება შევამციროთ მათი განვითარების რისკი? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის თერაპევტს, ანა ნიკოლაშვილს მივმართეთ.

რა სიმპტომებით ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები?

ჩვეულებრივ, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პირველი ნიშნები დაავადებულთან კონტაქტიდან მეორე-მესამე დღეს ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ზოგადი სისუსტე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა. ხშირ შემთხვევაში, ამ ნიშნებს თან ერთვის ტემპერატურული რეაქცია.

რომელი დაავადებები მიმდინარეობს ყველაზე მძიმედ?

ვირუსული ინფექციებიდან ყველაზე მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება გრიპი, რომლის დროსაც გვხვდება მკვეთრად  გამოხატული ზოგადი საერთო სისუსტე, შემცივნება, თავის, სახსრებისა და კუნთების  ტკივილი, ჰექტიური ცხელება. განსაკუთრებულად შემაწუხებელი სიმპტომებით ხასიათდება როტავირუსიც, რომლის დროსაც შესაძლოა გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები, თუმცა წამყვანი ამ დროს ზოგადი ინტოქსიკაცია, ღებინება, წყლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მატებაა.

ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ადრეული ასაკის ბავშვებში, ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულ პირებში.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციებს?

სპეციალისტთან ვიზიტი სასურველია მაშინ, თუ პაციენტს აღენიშნება გახანგრძლივებული ცხელება, მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, არაბუნებრივი ძილიანობა, გაძნელებული სუნთქვა, შეტევითი ხასიათის ხველა, შემცირებული შარდის გამოყოფა.

რაც შეეხება მკურნალობას, ვირუსული ინფექციების დროს ყველაზე ხშირად მივმართავთ სიმპტომურ მკურნალობას, ანუ ინიშნება მედიკამენტები ისეთი სიმპტომების საწინააღმდეგოდ, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა, ცხვირის დაგუბება და ა.შ. მნიშვნელოვანია, პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე დღის განმავლობაში და იმ ოთახში, სადაც ის იმყოფება შენარჩუნებული იყოს ჰაერის ტენიანობა.

რა ზომები უნდა მივიღოთ ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

იმისათვის, რომ შევამციროთ ვირუსული ინფექციების გავრცელება, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ანუ ხელების საპნითა და წყლით ხშირი დაბანა. ინფიცირებისა და დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა დავრჩეთ სახლში. ასევე,  ხველის ან ცემინების დროს პირზე ან ცხვირზე უნდა მივიფაროთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.

ერიდეთ საკვების მიღებას სწრაფი კვების ობიექტებში. სახლში საკვების მომზადების დროს კი დაიბანეთ ხელები მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, თუ უმ პროდუქტთან გაქვთ შეხება. ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა დაფა და დანა უმი და მზა პროდუქტებისთვის. კარგად და ყურადღებით გარეცხეთ მწვანილი, ხილი და ბოსტნეული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები