LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში? რა კითხვებს უნდა გასცეს პასუხი? – „ლელო“ პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას მოითხოვს

102
BeFunky-collage (7)

„ლელოს” საპარლამენტო გუნდი პარლამენტში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას მოითხოვს.

პარტიაში ამბობენ, რომ პრემიერი ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება.

„რადგან არ გვაქვს შესაძლებლობა პარლამენტში ივანიშვილი დავიბაროთ, მობრძანდეს პრემიერი, ველოდებით “პირად თანაშემწე” ღარიბაშვილს. პასუხი გასცეს ყველა შეკითხვას, რომელიც უკავშირდება სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას და ჩანაწერებს“,- განაცხადა გუშინდელ პლენარულ სხდომაზე პარტიის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

“ლელოს” მოთხოვნას უკვე გამოეხმაურა მმართველი გუნდი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პრემიერ- მინისტრის ინტერპელაციის წესით დაბარებას გაუგებარს უწოდებს.

“რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ- მინისტრმა პასუხი პარლამენტში, დანაშაულთან ჰქონდა რამე შეხება? რისთვის იბარებენ – რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?“ – განაცხადა დავითულიანმა.

მისივე თქმით, ჩანაწერი ავთენტური რომც იყოს, გაუგებარია რა არის გასაკვირი, თუ ივანიშვილი რუსეთში მეგობარს მეგობრულად ესაუბრება.

“ის კაცი (ივანიშვილი) 10 წელი ცხოვრობდა რუსეთში და იქ შეიძლება ჰყავდეს ბიზნესმენი მეგობარი, რომელსაც მეგობრულად ელაპარაკება, რა არის ამაში გასაკვირი, მე არ მესმის!

არახამიამ თქვა, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, რაც იყო მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო და თავხედური განცხადება. მისი საქმე ნამდვილად არ არის, ამ ქვეყანაში რა მოხდება, ვის რა დაუწესდება, თან უმიზეზოდ ამის თქმა არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი. საიდან მოხვდა ეს ვიდეო შეგიძლიათ მითხრათ? ევტუშენკოვი არის რუსეთში, ან “ფსბ”- ს უნდა ჩაეწერა, ან ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაეწერა საქართველოში ქართულ უშიშროებას, მერე ქართულმა უშიშროებამ გადასცა თუ “ფბს”-მ ოპოზიციურ არხებს?! რა დასავლური დაზვერვა, როგორ უსმენს დასავლური დაზვერვა ევტუშენკოვს რუსეთში, დასავლური სპეცსამსახურები უკანონოდ უსმენენ ვიღაცებს, ამას ამბობთ?!“ – თქვა დავითულიანმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, ჯერ უნდა დადგინდეს გავრცელებული აუდიოჩანაწერები, სადაც თითქოს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და რუსი ოლიგარქი, Sistemas-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ, ავთენტურია თუ არა, საიდან გავრცელდა და შემდეგ ისაუბრებს შინაარსზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g