თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე საგამოძიებო უწყებამ დღეს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გაასაჯაროვა. კონკრეტულად, ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგი.
გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის ოჯახის უფლებადამცველი “ფორტუნასთან” საუბრისას აცხადებს, რომ შუალედურ და საბოლოო დასკვნას, უცხოელი ექსპერტები გადაამოწმებენ.
ამასთან, მიხეილ რამიშვილისთვის გაუგებარია შუალედური დასკვნის გასაჯაროვების მიზეზი და აცხადებს, რომ ის არ იძლევა პასუხს კითხვაზე – რამ გამოიწვია ბაჩალიაშვილის სიკვდილი.
“ეს არის შუალედური და არა საბოლოო დასკვნა. გადავამოწმებთ უცხოელ სპეციალისტებთან. ისინი უკეთესად მეტყვიან და უფრო კარგად შეაფასებენ. ამ შუალედურ დასკვნაში მთავარი – რამ გამოიწვია სიკვდილი, დადგენილი არ არის.
რამდენი ხანი ველოდებოდით და აქამდე ჯერ დასკვნა არ მოგვსვლია. ალბათ, რაღაც გარკვეული პრობლემა აქვთ, ვერ ყალიბდებიან, რა დაწერონ. საბოლოო დასკვნას ველოდებით თვის ბოლოს” – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში წერია, რომ აღებულ ნიმუშებში წნევის წამლების კვალი აღმოჩნდა, თუმცა არ არის აღნიშნული პრეპარატების დოზა. აქვე წერია, რომ აღმოჩნდა ანთების საწინააღმდეგო წამლების კვალიც.
“ბაჩალიაშვილის ცხედარის კუჭიდან, ღვიძლიდან, ნაღვლის ბუშტიდან და ნაწლავებიდან ამოიღეს ნიმუშები, სადაც სხვადასხვა წნევის წამლების კვალი ფიქსირდება. ჯერჯერობით, უცნობია რა დოზით აქვს თამარ ბაჩალიაშვილს ეს წამლები მიღებული”, – წერია ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შუალედურ დასკვნაში.
თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიემართებოდა – მიხეილ რამიშვილი
“ჩავთვალოთ გამოძიება თავიდან დაიწყო, თვის ბოლოს კონკრეტული პასუხები გვექნება” – მიხეილ რამიშვილი