LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამ განაპირობა საგარეო სავაჭრო ბრუნვაში უარყოფითი სალდოს ზრდა?

68

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი, საქართველოს საგარეო ვაჭრობის იანვარ-ივნისის მონაცემებს აფასებს.

მისი თქმით, უარყოფითი სავაჭრო სალდოს ზრდა, C ჰეპატიტისთვის განკუთვნილმა მედიკამენტებმა განაპირობა.

„საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ივნისში, საქართველოში, საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 5705 მლნ დოლარი შეადგინა. რაც 20% -ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. აქედან იმპორტი 30 % -ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 12 %-ით შემცირდა.

”საიმპორტო საქონელთა ჯგუფში ლიდერობს სამკურნალო საშუალებები, რომელთაც მთლიანი იმპორტის 34%-ი უჭირავს. ამ ჯგუფში კი „ლომის წილი“ მოდის C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტზე (1486 მლნ დოლარი), რომელიც საქართველოს მთავრობას საჩუქრად გადაეცა. სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა იმპორტ-ექსპორტის უკანასკნელი მონაცემების მნიშვნელოვანი კორექტირება”, – განმარტავს ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, იმპორტის ზრდის კუთხით, გასათვალისწინებელია ნავთობ პროდუქტების იმპორტიც, რომელსაც უმსხვილეს საიმპორტო საქონელთა ჩამონათვალში მეორე ადგილი უჭირავს (243 მლნ დოლარი) და საერთო იმპორტის რაოდენობის 5% აღწევს.

”პირველი კვარტლის შემდეგ ქვეყანაში საწვავის მოხმარება საგრძნობლად იზრდება, რაც თავის მხრივ ზრდის ქვეყანაში ნავთობპროდუქტების იმპორტს. ამას ცხადყობს მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ნავთობპროდუქტების იმპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შდარებით 14,3 %-ით არის გაზრდილი”, – აცხადებს ბაირახტარი.

რაც შეეხება ექსპორტის შემცირებას, ანალიტიკოსის განმარტებით, ამ მიმართულებით საერთო კლების მაჩვენებელზე დიდი გავლენა იქონია ავტომობილების რეექსპორტის შემცირებამ, რაც რიგი საექსპორტო ბაზრების დაკეტვით არის გამოწვეული.

”საქართველოში იმპორტირებული ავტომობილები, რეექსპორტზე ძირითადად გადიოდა აზერბაიჯანისა და სომხეთის ბაზრებზე. გასულ წელს აზერბაიჯანში ევრო ოთხის სტანდარტის შემოღებამ, მნიშვნელოვანად შეამცირა ამ ქვეყანაში, საქართველოდან იმპორტირებული ავტომობილების ნაკადი. ამ მიმართულებით სომხეთის ბაზარი კი პრაქტიკულად ჩაიკეტა, სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შემდეგ”, – აღნიშნავს ”აფბას” ანალიტიკოსი.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეკონომიკა და საექსპორტო საქონელი მეტ-მაკლებად სეზონურია, სავარაუდოა, რომ შემდეგი თვეები ექსპორტის წახალისებისა და გაზრდის კუთხით უფრო აქტიური უნდა გამოდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები