LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად მოწყვლადია ქართული ბიზნესი რუსული გავლენების მიმართ: IDFI-მ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

85
An employee counts Russian ruble banknotes at a small private shop selling home appliances in Krasnoyarsk December 26, 2014. REUTERS/Ilya Naymushin

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” (IDFI) საქართველოში რუსული კაპიტალის შესახებ კვლევა წარადგინა. კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ საქართველოში რუსული მსხვილი კომპანიები წარმოდგენილი არიან: კავშირგაბმულობის, ბუნებრივი რესურსების, საბანკო სექტორსა და მობილური ოპერატორების სფეროებში.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგად ასევე გამოიკვეთა კავშირები მსხვილ რუსულ კომპანიებთან და ინდივიდებთან, მაგალითად, “როსტელეკომი”, “გაზპრომი” და მიხაილ ფრიდმანი. ორგანიზაციაში აღნიშნავენ იმასაც, რომ რუსულ ბიზნესებში მყოფი პირები არიან „ქართული ოცნების” შემომწირველთა სიებში და გამარტივებული წესით იგებენ სახელმწიფო ტენდერებს.

„ფიქსირებული ტელეფონისა და ინტერნეტის სფეროში განსაკუთრებით საყურადღებოა “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი წევრის, ფრიდონ ინჯიას მფლობელობაში არსებული კავშირგაბმულობის კომპანიები: “ახალი ქსელები”, “სისტემ ნეტი”, “ფოპნეტი” და CGC”. ახალი ქსელებისა და CGC-ის მეშვეობით ფრიდონ ინჯია აკონტროლებს ფიქსირებული სატელეფონო ბაზრის 25.19%-ს. ინჯიას კომპანიები ფიქსირებული ინტერნეტ ბაზრის 6.2%-ს იკავებს. ინჯია და მისი ოჯახის წევრები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათი ინფორმაციით, კიდევ ერთი კომპანია შპს “კაპიტალ ჯგუფის” 50% საქართველოსა და რუსეთის ორმაგ მოქალაქე, ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის. როგორც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ ამბობენ, ქათამაძე მჭიდროდ იყო დაკავშირებული პროექტთან, რომელიც ბათუმის ცენტრში ხელოვნური კუნძულის მშენებლობას ითვალისწინებდა და საქართველოს მთავრობამ მას 90 ჰექტარი, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რუსეთზე დამოკიდებულება გაზრდილია მინერალურ წყლებზეც.

“ბორჯომის გარდა, რომელიც მიხეილ ფრიდმანის საკუთრებაშია, რუსეთის კიდევ ერთ მოქალაქეს იაკობ გვიჩიას ეკუთვნის შპს “მინერალური წყალი საირმე”. შპს “მიქსორი” კიდევ ერთი კომპანიაა, რომელიც მინერალური წყლების მოპოვების ლიცენზიას ფლობს”,-აცხადებენ ორგანიზაციაში.

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” რეკომენდაციაა სხვადასხვა ბაზრებზე გასვლა და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულების შემცირება.

კვლევა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები