LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად საშიშია მიჯაჭვულობა შვილის ფსიქიკისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

711
მირანდა-ჯაში

რამდენად საშიშია მიჯაჭვულობა შვილის ფსიქიკისთვის – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან” ფსიქოლოგმა მირანდა ჯაშმა ისაუბრა.

რას ნიშნავს მიჯაჭვულობა?

დღესდღეობით ტერმინი მიჯაჭვულობა საკმაოდ აქტუალურია და ამას მოწმობს ის, რომ ხშირად გვხვდება სოც-ქსელებში თუ ყოფით საუბრებში ამ თემის ირგვლივ აქტიური მსჯელობა, სადაც ის არც თუ ისე იშვიათად განხილულია ნეგატიურ კონტექსტში, მაშინ როდესაც მიჯაჭვულობა რეალურად  ბიოლოგიური აუცილებლობაა. 

მიჯაჭვულობის თეორია ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი თეორიაა, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენება და ის რეალურად ემსახურება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ეს თეორია არ კარგავს თანამედროვეობას და თავსებადობაში მოდის ადამიანის ხედვის ბიოფსიქოსოციალურ მოდელთან, რომლის მიხედვითაც ადამიანის კეთილდღეობა განისაზღვრება ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური კომპონენტის ერთობლიობით.

თვითონ ეს თეორია აერთიანებს ბიოლოგიურ პრინციპებს და ფსიქოანალიტიკურ დაკვირვებას და აკავშირებს ემოციურ გამოცდილებას ბიოლოგიურ რეგულაციასთან.

როდის არის მიჯაჭვულობა ჯანსაღი?

ყველა ძუძუმწოვარ არსებას, მათ შორის ადამიანს, იმისთვის რომ გადარჩეს, საჭიროა ჩამოუყალიბდეს მიჯაჭვულობა თავის აღმზრდელთან იქნება ეს დედა, ბებია თუ სხვა. მიჯაჭვულობა გულისხმობს ემოციურ ბმას აღმზრდელთან. თუკი მიჯაჭვულობის თეორიამდე მიჩნეული იყო, რომ დედა არის მთავარი და პირველი ფიგურა ბავშვისთვის, რადგანაც ის უკმაყოფილებს მას პირველად საჭიროებებს ,ამ თეორიის მერე, ხაზი გაესვა იმ ფაქტორს, რომ საჭიროა ემოციურად რესურსული მშობელი, რომელიც შეძლებს ჩვილის ემოციურ რეგულაციას მისი ემოციების ასახვის და იდენტიფიკაციის გზით. ფიზიკურ შეხებას დღეს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იმიტომ, რომ ჩამოყალიბდეს მიჯაჭვულობა მშობელთან.

მიჯაჭვულობას გააჩნია თავისი ტიპები /ნიმუშები:

არსებობს მყარი, სათანადო და ასევე არამყარი ნიმუშები და როდესაც ბავშვს, მოზარდს ან თუნდაც ზრდასრულ ადამიანს საგრძნობლად აქვს მომატებული ემოციური ფონი, ვეღარ ახერხებს საკუთარი ემოციების დარეგულირებას, აწუხებს შფოთვა ან რომელიმე სხვა ტიპის ფსიქიკური სირთულე, სირთულეებს აწყდება ადამიანებთან ურთიერთობისას, სასურველია მიმართოს მიჯაჭვულების საკითხებზე მომუშავე სპეციალისტს. რომ წარმოიდგინოთ, ეს საკმაოდ შრომატევადი, თერაპიული პროცესია და მოკლე ვადაში არ გვარდება.

გამოყოფენ მიჯაჭვულობის 4 ტიპს: მყარს, უარმყოფელს, ამბივალენტურს და დეზორგანიზებულს.

დღეს ჩვენ დეზორგანიზებულზე ყურადღებას არ გავამახვილებთ, რამდენადაც ეს კლინიკური შემთხვევაა და მასზე ყურადღების გამახვილება შორს წაგვიყვანს.

მყარი მიჯაჭვულობა უყალიბდება ბავშვს, რომლის აღმზრდელიც ახერხებს როგორც მისი ბიოლოგიური საჭიროებების, ასე ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილებას.

ამ ტიპის დედები მაქსიმალურად ქმნიან დაცულ გარემოს ბავშვისთვის, სადაც ისინი თავისუფლად ახერხებენ იკვლიონ სამყარო. აქ ჩვენი კულტურული ფაქტორიც რომ გავითვალისწინოთ, საუბარი არ არის ზემზრუნველ მშობელზე, რომელიც თავის შიშებიდან გამომდინარე ზღუდავს ბავშვის განვითარებას. აქ საუბარია დედაზე, რომელსაც აქვს ემოციური რესურსი ბავშვი აღზარდოს ემოციური მხარდაჭერით და თუკი ამას გრძნობს ბავშვი, ის გაცილებით უფრო თამამად იკვლევს სამყაროს.  ასეთი ტიპის დედა ახერხებს ბავშვის ემოციების იდენტიფიკაციას, ასახვას, რეგულაციასა და დატევას.

რას აძლევს ეს ადამიანს, ბავშვს, რომელსაც ამ ტიპის მიჯაჭვულობა ჩამოუყალიბდება. ასეთ ბავშვს ბუნებრივად ექნება ემოციური რეგულაცია, სტრეს მედეგობა, სოციალურად აქტიური ცხოვრება, იქნება რესურსული.

მყარი მიჯაჭვულობის მქონე ადამიანი, ნაკლებად ზიანდება, უკეთ უმკლავდება ამ გამოწვევებს და რისკი, რომ ამ გამოწვევებმა სერიოზულად დააზიანოს მისი ფსიქიკური კეთილდღეობა ნაკლებია. 

უარმყოფელი მიჯაჭვულობა – ამ ტიპის მიჯაჭვულობა უვითარდება ბავშვს, რომლის დედასაც უჭირს და არ აქვს რესურსი ბავშვს მისცეს ემოციური მხარდაჭერა, თუმცა ასეთი ტიპის დედები ხასიათდებიან ორგანიზებულობით და პირველადი საჭიროებების კარგი დაკმაყოფილებით. (მოწესრიგებული ძილი, აცრები თავის დროს, ანუ პირველად საჭიროებებს ზედმიწევნით კარგად ასრულებენ) . თუმცა ამ ტიპის  მშობელი ხშირად ემოციურად მიუწვდომელია, უარს ამბობს ან არ/ვერ აღიქვამს ბავშვის ემოციურ საჭიროებებს. შედეგად, ბავშვს უვითარდება თავდაცვითი სტრატეგია – ემოციური მოთხოვნილებების ჩახშობა სიახლოვის დაკარგვის ტკივილის თავიდან ასაცილებლად. და ცხადია ეს ადამიანი, რომ გაიზრდება ისეთივე ურთიერთობები არ ექნება ადამიანებთან როგორიც მყარი მიჯაჭვულობის ნიმუშის მქონე ადამიანს.

ამბივალენტური მიჯაჭვულობა – ხშირად ასევე მოიხსენიება, როგორც მშფოთვარე ამბივალენტური მიჯაჭვულობის ნიმუში.

უვითარდება ბავშვს, რომლის დედაც არაპროგნოზირებადი და არათანმიმდევრულია. ხან ემოციურად მისაწვდომი, ხან მიუწვდომელი ან გადამეტებულად ჩართული, ზემზრუნველი. ამ მიჯაჭვულობის ნიმუშის მქონე ადამიანები განიცდიან გამძაფრებულად სიახლოვის მოთხოვნილებას და მიტოვების შიშს. გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ და ხშირად ეპარებათ ეჭვი იმაში, მართლა უყვართ თუ არა სხვა ადამიანებს, მძაფრად განიცდიან ემოციებს და სენსიტიურად აღიქვამენ მცირე უარყოფასაც კი. 

ჩვენი საუკუნე გამორჩეულია იმ კუთხით, რომ მილენიანელები არიან პირველი მშობლები, რომლებიც ცდილობენ საკუთარი მშობლებისგან მიღებული ბუნებრივი გამოცდილება გააცნობიერონ, დააკვირდნენ და თავიანთი შვილების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის შეცვალონ თავიანთი აღმზრდელობითი ქცევა, გააძლიერონ საკუთარი თავები იმ მიმართულებით, რაც მათ შვილს ემოციურ კეთილდღეობას მოუტანს და დიახ, ეს შესაძლებელია.  თუკი ვინმეს ძალიან მკაცრი ან ძალიან გულგრილი ან პირიქით ზემზრუნველი აღმზრდელობითი  სტილის მშობელი ჰყავდა არ ნიშნავს, რომ თვითონაც ასეთი იქნება თავისი შვილებისთვის. სწორედ ფსიქოგანათლება და საჭიროების შემთხვევაში ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტების ხელშეწყობა იძლევა იმას, რომ მშობელმა მოახერხოს შვილისთვის,  ემოციური სიმყარეების მიცემა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g