პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატი მიხეილ დაუშვილი სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაკავების ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ ეს იყო დემონსტრაციული დაკავების მაგალითი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას” ახასიათებდა.
„რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვიღებთ სახელმწიფო უწყებებისგან, მით მეტი კითხვა ჩნდება, მათგან პასუხებს კი არ ვიღებთ, ვიღებთ ინფორმაციას, რაც უფრო მეტ კითხვას აჩენს.
რაც ჩვენ დავინახეთ, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” სტილში დემონსტრაციული დაკავების ახალი მაგალითი, რომელიც თავისივე გუნდის წევრების დაშინებას ემსახურებოდა თუ რაიმე სხვას, ფაქტი ერთია, რომ ეს იყო სუფთად “ნაციონალური მოძრაობის” სტილში დემონსტრაციული დაკავება და მეტი არაფერი. მთავარი კითხვა იცით რა არის – ბატონი გოგაშვილი უკვე რამდენი თვეა ამას ამბობს და რამდენი თვეა იმუქრებოდა ინფორმაციის გამოქვეყნებით, დღეს რატომ გადაწყვიტეს მისი დაკავება და რატომ გადაწყვიტეს ასეთი ფორმით? -ამ კითხვაზე ხელისუფლებამ პასუხი უნდა გასცეს,”- განაცხადა დაუშვილმა.
სოსო გოგაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
ცნობისთვის, გოგაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ აბსურდია „ქართული ოცნების” მიმართ ბრალდებები, რომ მხილების შეეშინდათ და სოსო გოგაშვილის დაკავება ამას უკავშირდება.
როგორც თალაკვაძე ჟურნალისტებთან აღნიშნავს, გამოძიება და სასამართლო ობიექტურად დაადგენს ყველაფერს.