LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენია საქართველოს საგარეო ვალი?

179

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15 მლრდ აშშ დოლარი (35.9 მლრდ ლარი) შეადგინა. ამის შესახებ ”ფორტუნას” საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ოთხი კვარტალის მშპ-ს 107 პროცენტია. 2015 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 357.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 441.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

”სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.0 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.3 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.4 მლრდ აშშ დოლარი (10.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.5 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 219.2 მლნ აშშ დოლარი (525.1 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 782.5 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6 პროცენტი) და 650.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7 პროცენტი)”, – აცხადებენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.9 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.4 მლრდ აშშ დოლარი (10.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.8 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.5 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 9.4 მლრდ აშშ დოლარი (22.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 67.3 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.5 მლრდ აშშ დოლარია (8.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25.0 პროცენტია.

საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი კი 2015 წლის მეოთხე კვარტალში 6.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

”აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2015 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 199.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი”, – განმარტავენ საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო სექტორის (საბანკო და სხვა სექტორები) საგარეო ვალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები