12 წლის წინ, 2014 წელს, ლომისობის დღესასწაულზე გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
როგორც უფლებადამცველი წერს, აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე დღეა მუშაობა დაიწყო და „ყოველდღე ახალ-ახალ „სიურპრიზს“ აწყდება“. ადვოკატის თქმით, ის დღეს დაკარგული ახალგაზრდას მამიდას უნდა შეხვედროდა, თუმცა ქალბატონმა ადვოკატთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.
„მთელი საქართველო შეძრულია გურამ დადიანიძის საქმით. 17 წლის ბიჭი დაიკარგა და 12 წელია არაფერი გარკვეულა.
რამდენიმე დღეა დავიწყე ამ საქმეზე მუშაობა და ყოველდღე ახალ-ახალ „სიურპრიზს“ ვაწყდები. დღეს უნდა შევხვედროდი გურამის მამიდას. მასთან მაქვს მნიშვნელოვანი კითხვები. ამ დილით განაცხადა, რომ უარს ამბობს ჩემთან შეხვედრაზე.
წარმოიდგინეთ – მამიდა ამბობს უარს ადვოკატთან თანამშრომლობაზე.
17 წლის დაკარგული ბავშვის მამიდა იქცევა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.
მინდა აღნიშნული ქალბატონის გასაგონად განვაცხადო – ამ საქმეზე ადრე თუ გვიან მაინც გაირკვევა სიმართლე.
ბავშვების, გამომძიებლისა და სხვათა „გმირობის“ თემას ცოტა ხანში მივუბრუნდები და საზოგადოება გაიგებს ყველაფერს.
ძალიან ძალიან დიდ შეცდომას უშვებს ყველა, ვინც ხელს უშლის გურამის დაკარგვის თაობაზე სიმართლის დადგენას.
P.S. საერთოდ არ მაინტერესებს ვისი ინტერესია, რომ ეს საქმე მიიჩქმალოს. არასდროს არავისი შემშინებია და ეს მგონი უკვე უნდა იცოდეთ.
დაგველოდეთ…“ – წერს ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, შემთხვევა 2014 წელს მოხდა. 17 წლის მოზარდი მლეთაში დაიკარგა. თბილისიდან ლომისობაზე ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი სალოცავიდან მლეთაში ბრუნდებოდა, როდესაც ერთ-ერთი მათგანი გაუჩინარდა.
