LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენიმე კარგ შეთანხმებას მივაღწიეთ“ – ტაქსის მძღოლების პროტესტი შეწყდა

388
D28B6FEA-A3A2-478D-A24A-49316D26E433_cx0_cy10_cw0_w1023_r1_s

თბილისში ტაქსის მძღოლების მიერ დაანონსებული პერმამენტული აქციები აღარ გაიმართება.

საინიციატივო ჯგუფის წევრის, არჩილ არჯევანიძის განმარტებით, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიასთან გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია და კონსულტაციების პარალელურად, აქციების საჭიროებას ვეღარ ხედავენ.

„ჩვენ ქალაქის მერიასთან, პირადად მერ კახა კალაძესთან მოლაპარაკებები დავიწყეთ. სისტემატურად ვმუშაობთ და რამდენიმე ძალიან კარგი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ბევრი პრობლემა გადასაწყვეტი დარჩა, რომელზეც კახა კალაძეც და მერიაც თანამშრომლობისთვის მზაობას გამოთქვამენ. ყინული გალღვა და მოლაპარაკების პროცესი დაიწყო“, – განაცხადა არჩილ არჯევანიძემ.

18 აპრილიდან დაგეგმილი იყო პერმანენტული აქციები, თუმცა ტაქსის მძღოლებმა გადაწყვიტეს, რომ დღევანდელ აქცია საინფორმაციო ხასიათის ყოფილიყო.

„ერთ დღეში  მოვახდინეთ მობილიზება იმდენი ხალხის მაშინ, როცა აქციები იყო და ერთ დღეში გავაკეთეთ იმის ორგანიზებაც, რომ ეს ხალხი დღეს აქ არ გამოვიდა. მოლაპარაკებების პროცესში ჩვენ გასაპროტესტებლად აღარ შევიკრიბებით“, – განმარტა არჩილ არჯევანიძემ.

მოლაპარაკების შედეგად, ავტომობილების გადაღებვის ნაცვლად, შესაძლებელი იქნება ფირის გადაკვრა. ასევე, მერიის გადაწყვეტილებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლები „ბე“ (B) კატეგორიაში მუშაობას 2021 წლამდე შეძლებენ.

თბილისის მერიამ 11 აპრილს გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ტაქსის მძღოლებს გარდა ავტომანქანების თეთრად შეღებვისა, ასევე შესაძლებლობა ექნებათ ავტომობილს თეთრი ფირი გადააკრან.

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილის განცხადებით, რეფორმა აუცილებლად უნდა განხორციელდეს, რადგან თბილისი და მისი მოსახლეობა იმსახურებენ, რომ ქალაქში დადიოდნენ მოწესრიგებული, თეთრი ფერის, სუფთა ტაქსები.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დედაქალაქში მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსი იმოძრავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები