ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი სასამართლო პროცესზე ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ გაკეთებულ განმარტებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დოროყაშვილი “წლების განმავლობაში დარიგებული იყო არასამთავრობოებისგან რა სიტყვა ეთქვა ვიდეოში, რომ ეფექტური ყოფილიყო”.
“როგორც მახსოვს, 2018 წლის ჩანაწერზე გააკეთა კომენტარი, ამ დროს საერთოდ არ ვიცნობდი არასამთავრობო ორგანიზაციის არც ერთ წევრს, არც ადვოკატები მყავდა და არც იურიდიულ დეტალებში არ ვიყავი გარკვეული. შესაბამისად, ვერავის მხრიდან ვერ მოხდებოდა ჩემი დარიგება, კატეგორიულად უარვყოფ ამ ფაქტს. ძალადობასთან დაკავშირებით პოლიციისთვის მე არ მიმიმართავს, ისე დავასრულე ნიკოლოზთან თანაცხოვრება. ბუნებრივია, არ მინდოდა ეს მომხდარიყო, მაგრამ 2020 წლის 21 მაისის ინციდენტი, რომელიც ბავშვთან ერთად მოხდა, იყო პიკი და მხოლოდ ამის შემდეგ მივმართე პოლიციას და სასწრაფოს დასახმარებლად.
ბუნებრივია, მას ჰქონდა ეჭვი, რომ ძალადობის ფაქტები ავსახე და რამდენჯერმე ტელეფონი დამიმტვრია, მოლოდინი არ მაქვს, რომ თავისი ჩადენილი ძალადობა გადაღებული ექნება. სხვადასხვა ჩანაწერები, სხვადასხვა წლების “ვოისებია” და სხვადასხვა ძალადობის ინციდენტების ვიდეოებია, როცა ვეუბნები – რატომ მირტყამ, რატომ ძალადობო, ადამიანი არც ერთ ეტაპზე პასუხს არ მცემს, არ გირტყამო.
თქვენ ვიღაცამ რომ დაგაბრალოთ, მირტყამო, არ გასცემთ პასუხს, არ გირტყამო? არც ერთ დროს ის არ აკეთებს კომენტარს, არ გირტყამ, რატომ იგონებო. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, მიცდია მასთან ამ პრობლემის მოგვარება, მას უღიარებია ჩემთან. რამდენჯერმე თქვა, სარკეში რომ ვიხედები, ჩემი თავი მეზიზღება, არ ვიცი, ამას რატომ ვაკეთებო. ასე რომ მელაპარაკებოდა, განცდა მრჩებოდა, რომ შეიცვლებოდა, დამთავრდებოდა, შეიძლებოდა ეს აღარ გაკეთებინა და გაეანალიზებინა, მაგრამ არასდროს არ მთავრდებოდა”,- განაცხადა დოროყაშვილმა.