LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური „ქორწინება“ შვილებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

211
ზაზა-ქოიავა

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური „ქორწინება“ შვილებზე – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ზაზა ქოიავამ ისაუბრა.

რას ნიშნავს ფსიქოლოგიური ქორწინება შვილებზე?

ესაა ავადმყოფური მიჯაჭვულობა, რომლის დროსაც დედას ჰგონია ან სურს შვილის ყველა გადაწყვეტილებაში ჩაერთოს. ხშირია შვილის მხრიდან ამის უფლების მიცემაც, სხვათა შორის ხშირია შვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევა და კონფლიქტის ზემოაღნიშნულ ნიადაგზე. მაგრამ არის შემთხვევები, როცა შვილები (ვაჟები) ერიდებიან კონფლიქტს, რომ „დედამ არ ინერვიულოს მისი გადაწყვეტილების გამო“, „დედა ვერ გაიგებს მის გადაწყვეტილებას“, „დედას რამე არ დაემართოს მისი გადაწყვეტილების გამო“ და შესაბამისად, მსგავსი ფრაზები და აზრები არის წინაპირობა „ფსიქოლოგიური ქორწინებების“. ამ დროს მშობელი შვილის ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს, ხოლო შვილს ჰგონია, რომ მან მიიღო რაიმე გადაწყვეტილება.

რას ნიშნავს მიჯაჭვულობა?

მიჯაჭვულობა ფართო ცნებაა. ის მოიცავს პიროვნების ყველა ასპექტს – ფიზიკურს, ფსიქიკურს, ემოციურს, სოციალურს. მიჯაჭვულობის განმარტება შემდეგია: მიჯაჭვულობა – ესაა ძლიერი ემოციური ურთიერთკავშირი ორ ადამიანს შორის, რომელიც განუსაზღვრელი დროით ნარჩუნდება, მაშინაც კი, როცა ეს ადამიანები ერთმანეთს სცილდებიან. თუმცა ეს სიახლოვე სამ სახეობად შეიძლება დავყოთ: 1. მისკენ სწრაფვა, 2. ჯანსაღი მიჯაჭვულობა და 3. ე.წ. ჩამოკიდებულობა.

  1. „მისკენ სწრაფვა“ მხოლოდ შვილზე ზრუნვის ასპექტს და მაქსიმალური თავისუფლების მიცემას მოიცავს.
  2. ჯანსაღი მიჯაჭვულობა გაცილებით მეტია, მისი ფორმირება მუცლად ყოფნის პერიოდში იწყება. ნაყოფი თავდაპირველად ფიზიკურად არის მიჯაჭვული დედას, ჭიპლარის გადაჭრის შემდეგ კი ფიზიკური კავშირი წყდება და იწყება ფსიქოემოციური მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა დასაშვებია 3 წლის ასაკამდე, შემდეგ აუცილებლად უნდა მოხდეს ბავშვის ინდივიდუალიზმის წახალისება.
  3. ე.წ. ჩამოკიდებულობა კი სულ სხვა ფენომენია, ეს არის მშობლის ავადმყოფური მიჯაჭვულობა, რომელიც მოიცავს შვილის ცხოვრებით ცხოვრებას, მისი ჰაერით სუნთქვას, მის ნებისმიერ გადაწყვეტილებაში ჩარევას და ა.შ.

ჩამოკიდებულება მთლიანად ახშობს ინდივიდუალიზმის ყველა გამოვლინებას, ადამიანი ფსიქოლოგიურად არ იზრდება, უსუსურია პრობლემებთან მიმართებაშიც, ეცემა მისი თვითშეფასება და საბოლოოდ ის ვერ უმკლავდება ცხოვრებისეულ გამოწვევებს, მათ შორის პირად ურთიერთობაშიც. რადგან კაცი, რომელიც „ფსიქოლოგიურ ქორწინებაშია“ დედასთან, ვერ აწყობს ჯანსაღ ურთიერთობას სხვა ქალთან. ასეთი ადამიანის პარტნიორი ქალი ვერ იქნება ბედნიერი.

ავადმყოფური მიჯაჭვულობის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს:

  • დედის ქვეცნობიერი მისწრაფება გახდეს ყველაზე მთავარი ადამიანი საკუთარი შვილისთვის. სურს მუდმივად მისი ყურადღების ცენტრში ყოფნა.
  • დედის უკმაყოფილება ოჯახთან მიმართებაში. ანუ როდესაც დედა თავის ქორწინებით ბედნიერი არაა და ცდილობს ეს ბედნიერებები შვილთან მიმართებაში იპოვოს.
  • ჰიპერმზრუნველობა. როცა დედა მთლიანად შვილის ცხოვრებით ცხოვრობდა, მას უჭირს მისი გაშვება.

რა პრობლემები იჩენს თავს მშობლის არაჯანსაღი მიჯაჭვულობის დროს?

ავადმყოფური მიჯაჭვულობა გრძელდება ზრდასრულ ასაკშიც, ადამიანი ამ დროს ვერ იღებს გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად.

ასეთი მშობლები ხშირად ერევიან შვილის ისეთ გადაწყვეტილებებში, როგორიცაა მაგალითად, ოჯახის შექმნა, ქონებრივი შენაძენის გაკეთება, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, და ზოგჯერ ისეთ ელემენტარულ საკითხებში ჩარევაც კი, სად წავიდეს წყვილი, რა შეიძინოს, რა სახელი დაარქვან ბავშვს და ა.შ. რაც დამეთანხმებით სიჯანსაღეში არ და ვერ ჯდება.

ფსიქოლოგიური ქორწინებების დროს, დედა ვერ ეგუება, რომ შვილის ცხოვრებაში ქალი შემოდის და ისეთ „რჩევებს“ აძლევს შვილს, რაც ხშირად უფუჭებს საყვარელ ქალთან ურთიერთობას.

ხშირად დედა შვილის პარტნიორში (მეუღლეში) შესაძლოა ხედავდეს „ვაჟის წამრთმევის“ კონკურენტს, შესაბამისად, მისი დომინაციის სურვილი შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეს, ეს პროცესი კი კონფლიქტამდე და ოჯახის დანგრევამდე მიდის.

რატომ ვერ ალაგებს „დედასთან ფსიქოლოგიურ ქორწინებაში“ მყოფი კაცი ურთიერთობას პარტნიორთან?

პირველ რიგში იმიტომ, რომ ცოლ-ქმარს შორის ნებისმიერი მესამე ზედმეტია, მათ შორის გაგიკვირდებათ და შვილიც. ორის ურთიერთობა არის ორი ზრდასრული ადამიანის ურთიერთობა და აქ მესამის ჩარევა არ უნდა ხდებოდეს, ეს ყველა ჯანსაღად მოაზროვნეს უნდა ესმოდეს.

ნებისმიერ მესამეში და ზედმეტში ვგულისხმობ წყვილის ურთიერთობაში ზედმეტად ვინმეს ჩარევას. როცა უხეშად ხდება მესამის ჩარევა ორის ურთიერთობაში, შესაბამისად იწყება პრობლემა, პრობლემა კი მოუგვარებელია, თუ ადამიანი არ გაზრდის საკუთარ თავს და არ მიხვდება, რომ დროა ჩარევების გარეშე გააგრძელოს ცხოვრება.

პირველ რიგში უნდა მოხდეს გაცნობიერება, რომ ის მიჯაჭვულობის სინდრომითაა შეპყრობილი და საკუთარი ცხოვრება, საკუთარი გადაწყვეტილებები, საკუთარი ინდივიდუალური მე სადღაც შორსაა ჩაკარგული, როდესაც მოხდება ამის აღიარება და გაცნობიერება, შემდეგ უკვე ინდივიდს ან ფსიქოლოგს უადვილდება ამ პრობლემაზე მუშაობა და მისი დაძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები