ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 23 ახალი შემთხვევიდან მხოლოდ ერთი პაციენტის ინფიცირების წყაროა უცნობი.
მისი თქმით, 14-ს დადასტურებულად ინფიცირებულ პაციენტთან ჰქონდა კონტაქტი, 8 შემთხვევა იმპორტირებულია, რომელთაგან 5 სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ხოლო ერთი შემთხვევის ინფიცირების წყაროს და კონტაქტების დასადგენად ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ მთლიანობაში ამ ეტაპზე სხვადასხვა კოვიდ-ცენტრებში 230 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. გამოჯანმრთლებულების რაოდენობა კი ინფიცირებულთა კვლავ 83 პროცენტს შეადგენს.
„შემიძლია ივლისის და აგვისტოს მონაცემები შევადარო. ივლისში 240 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვქონდა და მხოლოდ ერთი დიდი კლასტერი გვყავდა – გარდაბნის კლასტერი. აგვისტოს თვეში ჩვენ დაგვემატა კიდევ 3 ახალი კლასტერი – მესტიის, ქობულეთის და ყაზბეგის. მიუხედავად სამი კლასტერის დამატებისა, მართალი გითხრათ, დიდი სხვაობა არ არის, თუ ივლისში 240 დადასტურებული შემთხვევა იყო, აგვისტო უკვე დამთავრდა და 344 ახალი შემთხვევაა. სამ ახალ კლასტერს პაციენტების რაოდენობის ძალიან დიდი ზრდა არ მოჰყოლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდსამსახურის მუშაობა მყისიერი და ეფექტიანია. გამოჯანმრთელებულებიც აგვისტოს თვეში სოლიდური გახლდათ, თუ ივლისის თვეში 144 გამოჯანმრთელებული იყო, აგვისტოს მონაცემებით 316 გამოჯანმრთელებული შემთხვევა გვაქვს. დიდი საგანგაშო მდგომარეობა არ არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ. იმისთვის, რომ ასეთი ზომიერი, კონტროლირებადი მატება შევინარჩუნოთ, აუცილებელია, რეგულაციები შევასრულოთ. ყველაზე მნიშვნელოვანია დისტანცირება და პირბადეების ტარება. სადაც დისტანცირება ვერ ხერხდება, იქ აუცილებლად უნდა იყოს პირბადეების გამოყენება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.
